Accessibility links

logo-print

მედია და ხელისუფლება: ვის უფრო ენდობა საქართველოს მოსახლეობა


ადამიანები უფრო მეტად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ენდობიან, ვიდრე ხელისუფლებას. ასეთი თანაფარდობა აჩვენა ბევრ ქვეყანაში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ,

რომელიც უდიდესი მედიაორგანიზაციების - “ბი-ბი-სის”, “რეიტერისა” და “ამერიკული მედიაცენტრის” - შეკვეთით ჩატარდა. მართალია, გამოკითხულ ქვეყნებში საქართველო არ მოხვდა, მაგრამ მე ასეთი გამოკითხვა მიკროფონის საშუალებით თბილისის ქუჩებში ჩავატარე.

ნდობის ხარისხის დასადგენად, მსოფლიოს უდიდესი საინფორმაციო საშუალების დაკვეთით, გამოკითხვა 10 ქვეყანაში ჩატარდა და ეს მასალები, “ონ-ლაინის” რეჟიმში, “ბი-ბი-სის” მთავარ საიტზეა გამოქვეყნებული. გამოკითხვის თანახმად, საშუალოდ 61 პროცენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ენდობა, ხოლო 52 უპირატესობას საკუთარ მთავრობას ანიჭებს. დაახლოებით ასეთ თანაფარდობას აჩვენებს ჩვენ მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული ბლიცგამოკითხვაც.

[მოსახლეობის ხმა] “რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ მედიას.”/ “დამოუკიდებელ მედიას, რადგან უფრო რეალურ სიმართლეს თქვენ ამბობთ.”/ “გააჩნია, რა შემთხვევაში. 50/50-ზე”/ “დამოუკიდებელ მედიას, რა თქმა უნდა. მთავრობას როგორ ვენდობი, ამდენ ტყულს ამბობს.”/ “მე უფრო მთავრობას ვემხრობი, განსხვავებული მოსაზრება მაქვს.”/”რთული შეკითხვაა. არ ვიცი.”

ჩვენ მიერ სიუჟეტში ნახსენები საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად ასევე ირკვევა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისათვის ძირითადი საინფორმაციო წყარო ტელევიზიებია. მათ ოდნავ ჩამორჩება საერთოეროვნული გაზეთები. ინტერნეტგამოცემებით კი ინფორმაციას თვალს საშუალოდ 20 პროცენტი ადევნებს, რომელთა შორის, ძირითადად, 13-დან 24-წლის ასაკის ახალგაზრდები ჭარბობენ. იმავე ტენდენციას აჩვენებს თბილისის ქუჩებში ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვაც:

[ხალხის ხმა] “ტელევიზიას უფრო. ტელევიზიით უფრო მართალი იწერება.”/ “მე გაზეთებს მაინცდამაინც ვერ ვკითხულობ. უფრო ტელემედიაზე ვარ დამოკიდებული.”/ “ბეჭდურს.”/ “ტელევიზორსაც ვუყურებ და გაზეთებსაც ვკითხულობ.”/ “რა ვიცი, მე უფრო ტელევიზიაზე ვარ გადართული.”/ “ჩემთვის ძირითადი წყარო არის რადიო. ჯიბეში რადიო მიდევს, რადგან მას შეიძლება ყველგან მოუსმინო.”

მასობრივ საინფორმაციო საშუალებასთან დაკავშირებით საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ, თუ რა სახის მოთხოვნილებაა საზოგადოებაში. თბილისის ქუჩებში ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა გავრცელებული ჰიპოთეზა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიზებულია.

[მოსახლეობის ხმები] “პოლიტიკას, რადგან საქართველოში ყველაფერი პოლიტიკა გახდა. აგერ, კიტრი რომ ღირს 2 ლარი, ესეც პოლიტიკაა.”/ “აუცილებელია როგორც კულტურა, ისე პოლიტიკაც მინდა გააშუქონ.”/ “უფრო პოლიტიკა მაინტერესებს და ის, რაც ადამიანებს ეხება.”(სტილი დაცულია)

შემდეგ შეკითხვაზე პასუხი კი, ალბათ, უფრო მეტად ჩვენ, ჟურნალისტებს, უნდა გვაინტერესებდეს. მიუხედავად მედიისადმი უპირატესი ნდობისა, მოსახლეობის პასუხი სხვადასხვაგვარი იყო შეკითხვაზე: თავისუფალია თუ არა მედია საქართველოში და ამაღლდა თუ არა ჟურნალისტიკის დონე:

[ქუჩის ხმები] “არა, ვერ ვხედავ ზრდას. მე ფილოლოგი ვარ და ისეთ შეცდომებს უშვებენ ხოლმე, რომ... არა მგონია, რომ იზრდებოდეს.”/ “ვფიქრობ, რომ მართლა აშუქებენ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა.”/ “საქართველოში ვერ ვხედავ თავისუფალ ჟურნალისტს. ყველა არის ვიღაცის გავლენის ქვეშ.”
XS
SM
MD
LG