Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქაერონავიგაციამ სომხეთის გენერალურ პროკურატურას, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა


ჯერჯერობით კვლავაც ბურუსით არის მოცული ”სომხეთის ავიახაზების” კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ”ა-320”-ის დაღუპვის ზუსტი მიზეზები. ავიაკატასტროფა 3 მაისს

ადლერთან ახლოს მოხდა და ავიალაინერი, რომელიც სომხეთიდან სოჭში მიფრინავდა, შავ ზღვაში ჩავარდა. ამ ეტაპზე 113 მგზავრის დაღუპვის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება, თუმცა, ვიდრე “შავ ყუთს” იპოვიან, გამოძიება არაფერს გამორიცხავს, მათ შორის - არც ტერორისტული აქტის ვერსიას. ავიალაინერის ფრენის 90%-ს საქართველო აკონტროლებდა, სწორედ ამიტომ სომხეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები საქაერონავიგაციის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესდნენ. რამდენად გამოსადეგია საქართველოში მოპოვებული ინფორმაცია სომეხი ექსპერტებისთვის და რა მოთხოვნა აქვს საქაერონავიგაციას?

სომხეთის ავიახაზების კუთვნილმა აერობუსმა, რომელიც 3 მაისს ერევნიდან სოჭში მიფრინავდა, საქართველოს საჰაერო საზღვარი ორჯერ გადმოკვეთა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 1 საათი დაყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ”ა-320”-ის ფრენის ტრაექტორიის 90%-ს სწორედ საქართველო აკონტროლებდა.

(ისმის პილოტისა და დისპეტჩერის საუბრის ფრაგმენტი)

როგორც დისპეტჩერთან საუბრის აუდიოჩანაწერით ირკვევა, თვითმფრინავის პილოტი კატასტროფის საფრთხეზე არც კი ფიქრობდა და ავზში დანიშნულების ადგილამდე მისაფრენად აუცილებელი საწვავიც ეგულებოდა. ”შავ ზღვაში” ჩაძირული “შავი ყუთის” ძებნა ჯერ ისევ უშედეგოდ გრძელდება. მის გარეშე კი, ექსპერტთა აზრით, საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება თითოეულ, თუნდაც სულ მცირე, ინფორმაციას, რომელიც ”არმავიას” კუთვნილი ავიალაინერის საბედისწერო ფრენას უკავშირდება.

აუდიოჩანაწერი, რომელიც უკვე ვახსენეთ, და თვითმფრინავის გადაადგილების სქემა საქაერონავიგაციამ სომხეთის პროკურატურის წარმომადგენლებს 4 მაისს გადასცა. საქართველოს მხარე მიიჩნევს, რომ ინფორმაცია მეტად ღირებულია და მას გამოძიების სწორ გზაზე დაყენება შეუძლია. სომხეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები კი მასალის შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ და ეს გამომძიებლის, გრიგოლ ელიზბარიანის, მოკლე კომენტარიდანაც ჩანს:

(გრიგოლ ელიზბარიანის ხმა) ”ეს ჯერ კიდევ გამოჩნდება. ჯერ უნდა გამოვიძიოთ. არ ვიცი...”.

სომხეთის პროკურატურის წარმომადგენლებს ქართველი კოლეგები ეხმარებიან, თუმცა ისინი გამოძიების პროცესში ჯერ ოფიციალურად არ არიან ჩართული. საქაერონავიგაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არ დაინტერესებულა რუსეთის მხარე, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად საგანგებო სამთავრობო კომისიაც კი შექმნა. საკითხი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყურადღების ცენტრში მოექცა:

(ვლადიმირ პუტინის ხმა) ”მიუხედავად იმისა, რომ ”შავი ყუთის” პოვნა რთულია, (თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ მაინც იპოვიან) რისი გაკეთებაც შეიძლება, გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კატასტროფის ჭეშმარიტი მიზეზები დადგინდეს.”

ჯერჯერობით უცნობია, მოინდომებს თუ არა რუსეთის სამთავრობო კომისია ქართულ მხარესთან თანამშრომლობას. არადა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ”სომხეთის ავიახაზების” კუთვნილი აერობუსის ფრენის შესახებ ყველაზე სრულყოფილ ინფორმაციას ამჟამად სწორედ საქართველო ფლობს. საქაერონავიგაციის ხელმძღვანელს გიორგი კარბელაშვილს კატეგორიული მოთხოვნა აქვს:

(გიორგი კარბელაშვილის ხმა) ”რაღაცეებს ვერ ვიტყვით, რა... პირველი, რასაც ითხოვენ და ჩვენი მოთხოვნაა და ჩემი მოთხოვნაა, რომ კომისიაში, რომელშიც რუსეთი გამოძიებას აწარმოებს, ჩაერთოს ქართული მხარე. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა. ეს არის მთავარი, რაზეც სომხეთის მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და ეს არის მნშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.” (სტილი დაცულია)

რატომ არის გამოძიების პროცესში ჩართვა ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ამ საკითხს გიორგი კარბელაშვილი არ აკონკრეტებს. თუმცა, როგორც მისი კომენტარიდანაც ჩანს, ამ ეტაპზე რაღაცების თქმა არ შეიძლება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG