Accessibility links

logo-print

აღადგინა თუ არა ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა


იშვიათია შემთხვევა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ჩატარებული ოპერაცია მსხვერპლის გარეშე სრულდება.

ამგვარი დასკვნის საფუძველს მესამე სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აძლევს. უფლებადაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ მიმდინარე წელს პოლიციელთა სისასტიკესა და არაპროფესიონალიზმს ოთხ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტში განმარტავენ, არც ერთ ფაქტს ადეკვატური გამოძიება არ მოჰყოლია. რასთან გვაქვს საქმე - ხომ არ აღადგინა ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა?

ორიოდე დღის წინ, 2 მაისს, თბილისის ცენტრში ჩატარებულ სპეცოპერაციას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ აღიკვეთა ყაჩაღობის მცდელობა, თუმცა საზოგადოების ნაწილს - მათ შორის, არაერთ დეპუტატს - უჩნდება ეჭვი, რომ პოლიციამ, სულ ცოტა, გადაამეტა უფლებამოსილებას და არამართლზომიერად გამოიყენა იარაღი.

[კოკა გუნცაძის ხმა] „თუ არსებობდა წინმსწრები ინფორმაცია, რატომ არ იქნა გამოყენებული პრევენციული ზომები, როდესაც პოლიციელებს უამრავი ტექნიკური საშუალება აქვთ? რატომ ჩაცხრილეს ეს ბიჭები გაჩერებულ მანქანაში?“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კოკა გუნცაძის გარდა, მსხვერპლით დასრულებულმა სპეცოპერაციამ ასევე დააინტერესა პარლამენტის სპიკერი, რომელმაც ვითარებაში გარკვევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დაავალა. ლევან ბეჟაშვილი უახლოეს მომავალში გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „გვექნება საუბარი და გავერკვევით საქმის ვითარებაში. ჯერჯერობით რაც გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, სპეცოპერაცია განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ და საკმარისი საფუძველი არსებობდა ოპერაციის განსახორციელებლად, თუმცა გარკვეული ინფორმაცია დასაზუსტებელია, რათა ჩვენს კოლეგებსა და საზოგადოებას დამატებით სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ.“

უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ „დამატებითი და სრულყოფილი“ ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებენ სპეცოპერაციების დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქმე გვაქვს ათეულობით შემთხვევასთან, როცა ჭირისუფალს არ გააცნეს ძიების მასალები:

[ელენე თევდორაძის ხმა] „აწაროებენ გამოძიებას, მაგრამ როცა დაღუპულებისა და ლიკვიდირებულების მხარე აყენებს საკითხს, გაგვაცანით ძიების მასალებიო, უარით ისტუმრებენ და იშველიებენ კანონს, რომლის თანახმადაც, თითქოს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი არ ითვლება დაზარალებულ მხარედ.“

ელენე თევდორაძეს მაგალითად მოაქვს ერთი თვის წინ ვარციხეში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდის საქმის გამოძიება. დეპუტატის თქმით, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავები სპეცოპერაციების დროს ლიკვიდირებულთა გარდაცვალების მიზეზებსაც კი მალავენ:

[ელენე თევდორაძის ხმა] „აქ არის ქაღალდი პოლიციიდან, რომელშიც მშობელს ატყობინებენ, რომ დაღუპვის მიზეზი დაუდგენელია. პროზექტურა ატანს ამ 25 წლის ბიჭს, რომლის სხეულშიც ჩარჩენილია 53 ტყვია, ხოლო ერთი, საკონტროლო, - თავში.“

არადა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფს, მსხვერპლით დასრულებულ სპეცოპერაციათა რიცხვმა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის აღდგენის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე ამბობს, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს კონსტიტუციით მინიჭებულ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - სიცოცხლის ხელშეუვალობის უფლებას:

[გიორგი ლაღიძის ხმა] „ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელისუფლებამ საქართველოში უკანონოდ აღადგინა სიკვდილით დასჯა. უსპობენ ადამიანებს სიცოცხლეს. მარტო წელს ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციების დროს გარდაცვლილია 45 ადამიანზე მეტი.“

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავთა ძალადობის შესაჩერებლად საპროტესტო აქციების მოწყობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავენ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ახსნა-განმარტების მისაღებად გენერალურ პროკურორთან შეხვედრას აპირებს. ელენე თევდორაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის პარლამენტში დაბარება, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდება.
XS
SM
MD
LG