Accessibility links

პრეზიდენტი ქართული ღვინის რეკლამირებას განაგრძობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რუსეთში ქართული ღვინოების იმპორტის აკრძალვამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოზიტიური შედეგი გამოიღოს. ხელისუფლების პირველი პირები აქტიურად

ცდილობენ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ქართული პროდუქტი გაცილებით მაღალხარისხიან და სტაბილურ ბაზრებზე დაამკვიდრონ. როგორ მიმდინარეობს ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია და ვინ არის მასში ჩართული?

რუსეთში ღვინის რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტისათვის საერთაშორისო ბაზრებისაკენ „ფანჯრის გაჭრის“ პროცესი დაიწყო. პრეზიდენტმა მოუწოდა საკუთარი მთავრობის წევრებს არაფერი დაიშურონ ღვინის რეკლამირებისათვის. ამ მხრივ, ყველაზე ეფექტური სარეკლამო კამპანიის მაგალითს ხელისუფლებას თავად მიხეილ სააკაშვილი აძლევს.

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ეროვნული პროდუქტების წარმოჩენის მცდელობა ახალი ხილი არ გახლავთ მსოფლიო რეკლამის ისტორიაში. ამას სხვადახვა დროს აშშ-ის პრეზიდენტებიც წარმატებით ახერხებდნენ. ჩინეთისა და ბრიუსელის შემდეგ ლიტვაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დროს არ კარგავს და ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრების სარეკლამო კამპანიას განაგრძობს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთმა თავისი ოდიოზური სანქციებით ქართულ ღვინოს კარგი სამსახური გაუწია. პრეზიდენტის თქმით, ქართულ ღვინოს მსოფლიოში უკვე „თავისუფლების სასმელს“ უწოდებენ და ამგვარი ეფექტური უფასო რეკლამა მას არსებობის მანძილზე არ ჰქონია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „დიდი მადლობა რუსეთის ხელისუფლებას იმისათვის, რომ ქართულ ღვინოს გაუკეთა დიდი რეკლამა, იმიტომ რომ იმხელა რეკლამა, რაც ჩვენ მივიღეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, არ გვქონია ბოლო სამი ათასი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოში ღვინოს ასხამენ. მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და იქ ერთმა ადამიანმა გამაჩერა და მითხრა, „მე არ ვიცოდი, თქვენ თუ ღვინო გქონდათო“. ეს იმიტომ, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა გაზეთში წაიკითხა. ეს იწერება მსოფლიოს ყველა გაზეთში და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ღვინო არ აკრძალულა პესტიციდების ან სხვა რამის გამო. ყველამ იცის, რატომაც აიკრძალა. ქართულ ღვინოს ახლა უწოდებენ „თავისუფლების სასმელს“.

პრეზიდენტის პარალელურად ქართულ ღვინოს ლონდონში გამართულ მორიგ ბიზნესფორუმზე პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც „შეაწევს სიტყვას“. მანამდე კი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას ადგილობრივ სარეკლამო კამპანიებთან დაამყარა კავშირები.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „უკრაინაში ჩვენ ველაპარაკეთ 6 სარეკლამო-სადისტრიბუციო კომპანიას, რომლებიც კონკრეტულ წინადადებებს შემოგვთავაზებენ 2-3 დღეში და დავიწყებთ საკმაოდ აგრესიულ სარეკლამო კამპანიას ქართული ღვინისათვის. ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული ბრენდის, რომელიმე კონკრეტული მარკის რეკლამა. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ღვინის რეკლამა. გუამ-ის სამიტი არის დაგეგმილი 22-23 მაისს, პრეზიდენტები შეიკრიბებიან და, ბუნებრივია, პოლიტიკურ ელემენტს ჩვენ ჩავდებთ ამ რეკლამაში, დავამთხვევთ ამ ღონისძიებას. და მერე, თუ ამ სარეკლამო კამპანიას ავტომატურად არ მოჰყვა კონკრეტული ღვინის კომპანიების რეკლამა, თუ არ მოჰყვა ღვინის კომპანიების მხრიდან ღვინის შეტანა უკრაინაში, მაშინ ჩვენს მუშაობას, ჩვენგან რაიმე სახის ქმედებებს აზრი არა აქვს.“

ხელისუფლებამ ყველაზე ცნობილი ეროვნული პროდუქტის აგრესიული სარეკლამო კამპანია უკვე დაიწყო. ჯერი ახლა მეღვინეებზეა, რომელთაც, საკუთარი ბრენდების სარეკლამო მხარდაჭერითა და მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდების წყალობით, უფრო სტაბილურ ბაზარზე დამკვიდრების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.
XS
SM
MD
LG