Accessibility links

logo-print

როგორ არიან ჩართული აფხაზეთიდან დევნილები მათთვის განკუთვნილ ინტეგრაციულ პროექტებში


14-15 წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 300 ათასამდე დევნილი უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. მათი საყოფაცხოვრებო

მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, სამოქალაქო უფლებები კი თანდათან იკვეცება. ამ პრობლემატიკაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაცია ”კავკასიურმა დიალოგმა” 4 მაისს თავი მოუყარა ხელისუფლებისა და დევნილთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფერენციაზე ”აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინიციატივები ინტეგრაციის პროცესში”.

ახლახან, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, დევნილთა მიმართ ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი ხელმძღვანელობს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში დევნილთა უფრო აქტიური ჩართვის ინიციატივით გამოდიან დევნილთა ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც 4 მაისს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” შეიკრიბნენ “კავკასიური დიალოგის” ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს მარინა ფაღავას მოვუსმინოთ:

[მარინა ფაღავას ხმა] ”თუ პოლიტიკა მზადდება და ხალხის აზრი არ არის გათვალისწინებული...”

ამ საკითხებზე სამსჯელოდ კონფერენციაზე მიწვეული იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 3 წარმომადგენელი, მათ შორის მინისტრიც, თუმცა დევნილთა კონფერენციას არც ერთი მათგანი არ დასწრებია. არადა, დევნილთა წარმომადგენლებს მათთან ძალიან ბევრი სათქმელი დაუგროვდათ.

[მაია ჩემიას ხმა] ”შეიძლება სახელმწიფოს გააჩნია რაიმე გეგმა ან სამოქმედო პროგრამა...
...და აუცილებლად გაგიგებთ, მოგისმენთ. სწყურია ჩვენს ხალხს ეს შეხვედრები და არ ვკრათ ამ ხალხს ხელი.”(სტილი დაცულია)

მაია ჩემიას, ზუგდიდელ დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ამ მოთხოვნაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ შემდეგი პასუხი გასცა:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] ”ჩავიდოდა მინისტრი. რა კარგია მინისტრი, ხელი ჩამომართვა და მომატყუა. მეც შემიძლია ეს - მოვატყუო ეს ხალხი?...”(სტილი დაცულია)

დევნილები კი მოტყუების კი არა, მათი ბედის განსაზღვრის პროცესში ჩართვას და გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობას მოითხოვენ. მათი წარმომადგენლობითი ორგანო კი, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, 3 მაისს გავრცელებული განცხადებით, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ხელისუფლებისა და დევნილთა გაუცხოების გამო იზრდება დაძაბულობა და დევნილთა საპროტესტო განწყობა. ამიტომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოითხოვს, ამაღლდეს დევნილთა პრობლემების გადაჭრაში ლეგიტიმური ხელისუფლების მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი.
XS
SM
MD
LG