Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე არასამთავრობოებმა მწვავე საკითხებზე ისაუბრეს


დღეს ვილნიუსში კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ლიდერები ბალტიისა და შავი ზღვების, აგრეთვე კავკასიის რეგიონიდან.

კონფერენციის სახელწოდება გახლავთ “საერთო სამეზობლოს ერთიანი ხედვა”. სამიტის მონაწილეთა შორის, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტიც არის. მონაწილეობენ აგრეთვე უკრაინის, რუმინეთისა და მოლდავეთის პრეზიდენტები, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა. ლიტვის დედაქალაქში შეიკრიბნენ ევროკავშირისა და ნატოს ახალი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია ერთგვარი საგზაო რუკის მოხაზვა, რაც უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და დემოკრატიას მთელ რეგიონში. დღევანდელი სამიტის წინ, მეცნიერების, ეკონომისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა, რომლის მიზანიც იგივე გახლდათ, რაც სამიტისა. მინდა უფრო დაწვრილებით მოგითხროთ გუშინდელი შეხვედრის შესახებ.
ექსპერტთა შეხვედრის მონაწილეები შეეცადნენ განესაზღვრათ როგორი უნდა იყოს საერთო სამეზობლოს საერთო ხედვა. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ჯერემი ბრანსტენი ვილნიუსიდან იტყობინება, რომ არასამთავრობოების შეხვედრაზე ყველა დაეთანხმა აზრს, რომ სტაბილური დემოკრატიის დამყარება ისეთ ქვეყნებში, როგორიც უკრაინა და საქართველოა, ბევრად რთული იქნება, ვიდრე 1990-იან წლებში ცენტრალურ ევროპაში იყო.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში (რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში) ბრიუს ჯეკსონი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს კი არ აღადგენენ, ნულიდან აშენებენ და აკეთებენ ამას, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. ჯეკსონისა და ფორუმის სხვა მონაწილეთა აზრით, დასავლეთმა მთლიანად უნდა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას. რუსეთი იყენებს ენერგეტიკულ პოლიტიკას და სხვა ბერკეტებს დემოკრატიისა და დასავლური რეფორმების შესაფერხებლად მეზობელ ქვეყნებში.
[ჯეკსონის ხმა]
ეს გახლდათ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი თავდაცვის საკითხებში ბრიუს ჯეკსონი. უნგრეთის დემოკრატიული გარდაქმნის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი იშტვან დიარმატის კი მიაჩნია, რომ დასავლეთის პოლიტიკა უფრო გაბედული უნდა იყოს. დიარმატი ირწმუნება, რომ მოსკოვთან თანამშრომლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა რუსეთსა და დასავლეთს საერთო ინტერესები აქვთ. თუმცა, უნგრელი ექსპერტის აზრით, დასავლეთმა თავი არ უნდა აარიდოს მოსკოვთან დაპირისპირებას, როცა მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა:
[დიარმატის ხმა]
იბადება კითხვა: თუკი დასავლეთსა და რუსეთს შორის კონკრეტულ საკითხზე დაპირისპირება გარდაუვალია, იქნებიან თუ არა ერთად ევროპა და ამერიკა? ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ევროპა საკუთარ ენერგოუზრუნველყოფაზე ფიქრობს და ყოველმხრივ შეეცდება თავი აარიდოს მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაპირისპირებას.
როცა საუბარი შეეხო უკრაინას, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს, ვილნიუსში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე ითქვა, რომ რთულია ამ ქვეყნების წახალისება დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისკენ, თუკი ისინი ერთგვარი ჯილდოს სახით ვერ დაინახავენ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო პერსპექტივას. ევროკომისიის წარმომადგენელმა ჰილდე ჰარდემანმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ დღესდღეობით ევროკავშირში “გაფართოებისგან გადაღლა” შეინიშნება და ევროკავშირი იძულებული იქნება ამ განწყობას ევროკავშირის აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების შეჩერებით უპასუხოს:
[ჰარდემანის ხმა]
ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა გუშინდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონში სამმაგი ინტერესის - უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და დემოკრატიის -ერთდროულად უზრუნველყოფა რუბიკის კუბიკის აწყობას გავს. აზერბაიჯანელი მონაწილის აზრით, შესაძლებელია ამ ინტერესთაგან ორის ერთდროულად დაკმაყოფილება, მაგრამ სამივესი ერთდროულად პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნია.
როგორც აღვნიშნეთ, დისკუსიის დიდი ნაწილი გუშინ რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას შეეხებოდა. მოსკოვს დღევანდელ სამიტზე მაღალი რანგის წარმომადგენელი არ წარუგზავნია. ექსპერტთა გუშინდელ შეხვედრაზე კი ერთმა რუსმა მონაწილემ დასავლეთი ფარისევლობაში დაადანაშაულა: მოსკოვის საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ბორის კუზნეცოვმა იკითხა, რატომ ცდილობს დასავლეთი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის, დადებითად წარმოჩენას და რატომ წარმოაჩენს საშინლად ახლანდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს:
[კუზნეცოვის ხმა]
კუზნეცოვის თანახმად, რუსეთის რიგითი მოქალაქეები სიტყვა “დემოკრატიას” ქაოსთან აიგივებენ და მოსწონთ პუტინის “მართვადი დემოკრატიის” ავტორიტარული ვერსია, რამაც, კუზნეცოვის აზრით, ქვეყანაში სტაბილურობა მოიტანა.
რაც შეეხება დემოკრატიის გავრცელებას აღმოსავლეთით, კუზნეცოვმა ასეთი ანალოგია შესთავაზა ფორუმის მონაწილეებს: რუსეთს რომ ლათინურ ამერიკაში მემარცხენე ლიდერების აღზევებისთვის შეეწყო ხელი, ვაშინგტონს ეს ძალიან გააღიზიანებდა და შეაშინებდა კიდეც. ასეთივე განწყობა აქვს დღეს რუსეთს.
გუშინდელი ფორუმის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ, განსხვავებული აზრის მიუხედავად, დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.
ექსპერტთა გუშინდელმა შეკრებამ ერთგვარი ელფერი შესძინა დღევანდელ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინიც მიიღებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG