Accessibility links

“საერთო ხედვა საერთო სამეზობლოსთვის” -კონფერენცია ვილნიუსში


მინისამიტად მოიხსენიებენ ლიტვის დედაქალაქში - ვილნიუსში - მიმდინარე კონფერენციას, სახელწოდებით “საერთო ხედვა საერთო სამეზობლოსთვის”.

მასში ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე შავი ზღვის მიმდებარე და კავკასიის სახელმწიფოების ლიდერები შეხვდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებს, საკმაოდ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. დემოკრატიულ გარდაქმნას, შუა და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალიზმის შემდეგ მის მიღწევას აღნიშნავენ პოლიტიკოსები ლიტვაში, რომელიც ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 15 წელიწადში ამ საბჭოთა რესპუბლიკამ გაიარა გზა ევროკავშირისა და ნატოს წევრობამდე. ერთია, რომ არსებობს ეს დადებითი მაგალითი და მეორეა ამ მაგალითის მიხედვით განვითარება სხვაგან - აი, ეს იყო სწორედ ვილნიუსში შეკრებილთა მსჯელობის საგანი. ლიტვის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ამ პროცესის ხატოვანი შედარება მოიყვანა. ვალდას ადამკუსმა თქვა, დემოკრატია ველოსიპედის ტარებას ჰგავს, თუკი პედლები მუდამ არ ატრიალე, ძირს ჩამოვარდებიო.
ვილნიუსში იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. სააკაშვილმა თავის გამოსვლაში, როცა ახალი დემოკრატიებისთვის არსებულ საფრთხეზე ლაპარაკობდა, მოსკოვის გავლენიანი წრეები ახსენა.
(სააკაშვილის ხმა)
“ცვლილებებს, რომლებიც უნივერსალურად და შეუქცევადად მიგვაჩნია თბილისსა და კიევში, აქაც, ბალტიისპირეთში, და სხვაგანაც, ისევე როგორც რუსეთში, ახლა უპირისპირდებიან ძალიან სერიოზული ძალები, რომელთა განზრახვაა განსხვავებულ შედეგებს მიაღწიონ. და ეს ძალები სულ უკეთ და უკეთ არიან ორგანიზებული; მათ კარგად აფინანსებენ, ხელს უწყობენ და მოქმედების საშუალებას აძლევენ.”
საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში გამოსვლისას ევროკავშირს მოუწოდა ამ საფრთხის მიმართ გამოფხიზლებისა და რუსეთთან შემრიგებლური პოლიტიკის შეწყვეტისკენ.

(სააკაშვილის ხმა)
“დღეს ევროპაში დებატების დროს ხშირად გვესმის გამოთქმები: “გათვითცნობიერებული პრაგმატიზმი”, “ფრთხილი რეალიზმი”, “ეტაპობრიობა”, ისევე როგორც “კონსტრუქციული მიდგომა”. მე მგონია, რომ ეს ხანდახან და საკმაოდ ხშირადაც ევფემიზმებია, დემოკრატიისთვის ბრძოლის ველზე მარცხისა და შემრიგებლობის გამოსახატავად.”
უკვე ითქვა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ასევე ვილნიუსში მყოფ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის. ამ უკანასკნელის გამოსვლიდან ერთი-ორ მომენტს გაგაცნობთ.
"თავისუფლების მოძრაობის დაგვირგვინებამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი და ბევრია გასაკეთებელი, - თქვა ვილნიუსში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, - და ჩვენ ჯერაც გმირების ეპოქაში ვცხოვრობთ. თბილისის თავისუფლების მოედნიდან კიევის დამოუკიდებლობის მოედნამდე და სხვაგანაც პატრიოტებმა ხმა აღიმაღლეს და მოითხოვეს კუთვნილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მათ უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა იტვირთეს, რითაც მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურეს, - განაცხადა დიკ ჩეინიმ ლიტვის დედაქალაქში გამოსვლისას. - იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც დიდი რევოლუციები მოახდინეს, ახლა კიდევ უფრო დიდი ამოცანები აქვთ გადასაჭრელი. ძნელია, - განაგრძო მან, - გადაჭარბებით შეაფასო ის სირთულეები, რომელთა წინაშე ლიდერების ეს ახალი თაობა დგას. საქართველოს რესპუბლიკამ, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ეს გზა დაიწყო უიმედობის, სასოწარკვეთილების, უსამართლობის მდგომარეობაში, უდენობის, ხელფასებისა და პენსიების არარსებობის, საზოგადოებრივი წესრიგის მოშლის პირობებში.”

შემდეგ კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასძინა: ჩვენ არსებობა დავიწყეთ იმ ადგილიდან, სადაც ქვეყნები და ერები, როგორც წესი, არსებობას წყვეტენო.
მოისმინეთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლის ერთი ფრაგმენტი:

(ჩეინის ხმა)
"დიდი რვიანის" მომავალ სამიტზე ჩვენ მკაფიოდ და დაბეჯითებით განვაცხადებთ, რომ რუსეთს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. პირიქით, ის მხოლოდ მოიგებს, თუ მეზობლებად ძლიერი, სტაბილური დემოკრატიები ეყოლება და, დასავლეთთან თანამშრომლობით, რუსეთი ყველას ერთად შემოგვიერთდება კეთილდღეობისა და სიდიადისკენ მიმავალ გზაზე."
დიკ ჩეინიმ ზოგადად დემოკრატიული სისტემის სიკეთეზეც ისაუბრა. მისი თქმით, დემოკრატიას სიკეთე მოაქვს ყველასთვის, ხოლო ზიანი - არავისთვის. საუკეთესო მეზობელი, რომელიც ქვეყანამ შეიძლება ისურვოს, დემოკრატიული სახელმწიფოაო - სტაბილური, მშვიდობიანი, გახსნილი ეკონომიკური თუ სხვა სახის თანამშრომლობისთვის, და არა - ეჭვითა და შიშით შეპყრობილი. დემოკრატიულმა სისტემამ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამ ცოტა ხნის წინათ უდიდესი იმედით აღავსო ბალტიისზღვისპირა ქვეყნები და მას ასეთივე იმედის მოტანა შეუძლია შავიზღვისპირა სახელმწიფოებისთვისაც: ის, რაც ჭეშმარიტია ვილნიუსში, ჭეშმარიტია თბილისსა და კიევში, ისევე როგორც მინსკსა და მოსკოვშიო.

ვილნიუსშია ევროკავშირის უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი ხავიერ სოლანა. თავის გამოსვლაში ის, დემოკრატიაზე გადასვლის გარშემო საუბრისას, არაერთხელ შეეხო საქართველოს. მან თქვა, რომ უკრაინასა და საქართველოში ხალხმა დააწესა პოლიტიკურ მომავალზე კონტროლი და დაამტკიცა, რომ ის არის კანონიერი პოლიტიკური ძალაუფლების ერთადერთი წყარო. ამ ქვეყნებში ხალხის მოთხოვნა, სოლანას თანახმად, უკეთეს, გამჭვირვალე საზოგადოებაში ცხოვრება იყო. ხალხს ცვლილებები სურდა, თქვა სოლანამ, და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება იოლი არ არისო. მან რწმენა გამოთქვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობა წინ მიდის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გამგებელი კავკასიის გაყინულ კონფლიქტებში ევროკავშირის აქტიურობასაც შეეხო. ამ კონფლიქტების მოგვარება დაპირისპირებული მხარეების საქმეა, მაგრამ ევროკავშირს დახმარება სურს, განაცხადა მან. სოლანამ ამ მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის მნიშვნელოვან როლსაც გაუსვა ხაზი. მისი აზრით, გაყინული კოფნლიქტი არ გამორიცხავს დემოკრატიის მშენებლობას. მეტიც, თქვა მან, კონფლიქტების მოგვარება და დემოკრატია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ევროკავშირის ერთობლივი სამოქმედო გეგმის კონტექსტშიც ილაპარაკა ხავიერ სოლანამ საქართველოზე. მან თქვა, რომ ამ გეგმის განხორციელება სრულიად ახალ დონეზე აიყვანს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის მოქმედების ხარისხს.
XS
SM
MD
LG