Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის ყურადღების ცენტრში ვილნიუსის კონფერენციაა


”დემოკრატიული ფრონტი” ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ”24 საათი” სახელმწიფო მეთაურების ვილნიუსის სამიტის ძირითად აქცენტებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ვილნიუსში გამართული კონფერენცია ანონსირებული იყო, როგორც გაგრძელება გასული წლის 2 დეკემბერს კიევში გამართული ფორუმისა ”დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა”. ”დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის” შექმნის იდეით უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდნენ. ამ თანამეგობრობის შესახებ დეკლარაციას ორმა პრეზიდენტმა ბორჯომში მოაწერა ხელი. აღნიშნული იდეა ბალტიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონში ახალი დემოკრატიების ბლოკის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მოწოდებულია რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ”. ”24 საათი” მკითხველს შეახსენებს, რომ აღნიშნული ბლოკის შექმნის იდეა იმთავითვე მტრულად მიიღო რუსეთმა და, მიპატიჟების მიუხედავად, არც კიევის ფორუმში მიუღია მონაწილეობა და არც ვილნიუსის კონფერენციას დასწრებია.

იმავე გაზეთის სხვა სტატიაში, სათაურით ”ვილნიუსიდან პეტერბურგამდე”, საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ გააღიზიანა რუსეთი ვილნიუსის სამიტმა და ფორუმზე გაკეთებულმა განცხადებებმა. განსაკუთრებული გაღიზიანება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის მწვავე კრიტიკას, რომელიც რუსეთისკენ იყო მიმართული.

”რეზონანსი” მკითხველს იმ მორიგი საკადრო ცვლილებების შესახებ აუწყებს, რომლებიც, თითქოს, აღმასრულებელ ხელისუფლებაშია დაგეგმილი. გაზეთი რამდენიმე კულუარულ ვერსიას განიხილავს: პირველის მიხედვით, ”ვანო მერაბიშვილი ძველ თანამდებობას დაუბრუნდება და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს, მის ნაცვლად კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე”. მეორე სცენარი გივი თარგამაძეს უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელს უწინასწარმეტყველებს. თუმცა, იმავე ვერსიის მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ თარგამაძე და მერაბიშვილი თანამდებობებს გაცვლიან. არსებობს კიდევ ერთი ”კულუარული ვარიანტი”: ”პრეზიდენტი, რომელსაც, ბოლო პერიოდის გახმაურებული შემთხვევების გამო, პრაქტიკულად სხვა გზა აღარ დარჩა, თანამდებობიდან გადააყენებს შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა მერაბიშვილს საბოლოოდ არ გაწირავს და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნავს. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას კი გივი თარგამაძე დაიკავებს.”

”ახალი თაობის” ვარაუდით კი, ქართულ პოლიტიკაში, შესაძლოა, ახალი სკანდალი აგორდეს. გაზეთი თავდაცვის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის იმ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომლის მიზეზიც, სტატიის ავტორის აზრით, სპიკერის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. ”ეს აურზაური ”ვრემია ნოვოსტეიში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს მოჰყვა. სწორედ აქ გაარჩია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება ”ფეკალურ მასებთან” დაკავშირებით”: ”არაფრით არ შეიძლება რუსული სამომხმარებლო ბაზრის იმ გამონათქვამებით მოხსენიება, - თქვა მან, რომლითაც ის ოქრუაშვილმა მოიხსენია. რაც არ უნდა გაბრაზებული იყო იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთი საქართველოში ატარებს, არ შეიძლება ამგვარი შეფასებების გაკეთება.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG