Accessibility links

logo-print

პიერ ლელუში: “რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია”


გრძელდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პიერ ლელუში ხელმძღვანელობს.

პარასკევს ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობაში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თქვენს ყურადღებას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლის რამდენიმე მონაკვეთზე გავამახვილებთ.

ნატოს მხოლოდ ის არ აინტერესებს, თუ რა ხდება ბალკანეთის ქვეყნებში, ან ავღანეთში. ნატოსთვის მნიშვნელოვანია “გაყინული კონფლიქტების” მოგვარება, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია, - ამ განცხადებით დაიწყო დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრა ჟურნალისტებთან. ასამბლეის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. პრეზიდენტის გარდა მის შემადგენლობაში საპარლამენტო ასამბლეის ოთხი ვიცე-პრეზიდენტი შედის. ხუთშაბათს დღეს ნატოს დელეგაციის წევრები ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია. ცხინვალიდან დაბრუნებულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა - პიერ ლელუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაისის ბოლოს პარიზში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება, რომელზეც სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერები არიან მიწვეულნი. ასამბლეას მომზადებული აქვს რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, კერძოდ – საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – “მაპ”-ის შესრულების უფლების მინიჭებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. მართალია, საპარლამენტო ასამბლეა არ არის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა, კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება რამდენად დიდია ამ საკითხისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა. ლელუში აცხადებს, რომ მან არ იცის ნატოს წევრი ქვეყნის არც ერთი დელეგაცია ასამბლეაში, რომელიც რეზოლუციის წინააღმდეგია.

ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარება საქართველომ თავად უნდა შეძლოს და ეს უნდა განახორციელოს დემოკრატიის განვითარებისა და ქვეყნის გაძლიერების გზით, რადგან მხოლოდ ასე მიიზიდავს ის სეპარატისტულ რეგიონებს. პიერ ლელუშმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები მოსკოვში დევს. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ უმნიშვნელოვანესი თავად საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაა:

[პიერ ლელუშის ხმა] “ამ პრობლემას მხოლოდ ქართველები თუ მოაგვარებენ. ამას არ გააკეთებს არც ნატო და არც ვინმე სხვა. დემოკრატიის წარმატება საქართველოში მის მთავრობასა და ხალხზეა დამოკიდებული”.

რადიო "თავისუფლებისთვის” ცნობილის გახდა, რომ ნატოს დელეგაციას უნდა მოენახულებინა ახალქალაქის სამხედრო ბაზა, რაც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო ვერ შეძლო. დაგეგმილია აგრეთვე გუდაუთის ბაზის მონახულებაც აფხაზეთში ვიზიტისას. ჩემს შეკითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა დელეგაციამ ახალქალაქის ბაზის დათვალიერება და არის თუ არა შეთანხმებული გუდაუთის ბაზის მონიტორინგი რუსეთთან, პიერ ლელუშმა განაცხადა:

[პიერ ლელუშის ხმა] “მიმაჩნდა, რომ შარშან ნოემბერში, კოპენჰაგენში, რუსეთის დუმის წარმომადგენლებს შევუთანხმდით საქართველოდან ბაზების გატანაზე მონიტორინგის განხორციელების საკითხში. გარდა ამისა, ბრიუსელში რუსეთის ელჩისგან ვიცოდი, რომ ერთობლივ მონიტორინგზე რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლებაც თანახმა იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია მქონდა. რუსეთის სამხედრო ბაზის მეთაურმა მე რუსეთის ელჩისკენ, მოსაკოვისკენ და დუმისკენ მიმითითა. მე არ ვარ მიჩვეული პინგ-პონგის ბურთის როლში ყოფნას, ან ვინმესთვის რამის თავს მოხვევას, როცა ვინმეს არ სურს ჩემი მიღება. თუ მათ ეს არ სურთ, დარჩნენ თავიანთ ბაზებზე უჩვენოდ.”

მიუხედავად იმისა, რომ პიერ ლელუშს ძალიან აშფოთებს რუსეთის ბოლოდროინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მიაჩნია, რომ საქართველოს გაძლიერების შემთხვევაში რუსეთთან დიალოგი შესაძლებელი გახდება. იმის დასამოწმებლად, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოსავე გამოცდილება მოიშველია:

[პიერ ლელუშის ხმა] “ჩემი აზრით, არც ისე დიდი ხნის წინ თქვენ ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ, საფრანგეთის ყოფილი ელჩი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. მან ძალიან კარგ შეთანხმებას მიაღწია რუსეთთან ბაზების გატანასთან დაკავშირებით. ასე არ იყო? მაგრამ, სალომე ზურაბიშვილის ხსენების გამო ვიღაცამ შეიძლება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა დამაბრალოს. ამიტომ არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ უკვე 25 წელია მეგობრები ვართ.”

დასასრულ გეტყვით, რომ შაბათს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აფხაზეთში გაემგზავრება. კვირას კი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
XS
SM
MD
LG