Accessibility links

logo-print

მთავრობა ირწუნება, რომ გაზსა და დენზე გაზრდილი ტარიფები სამომხმარებლო ბაზარზე არ იმოქმედებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ დღეებში ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დენის ტარიფის საკითხი უნდა განიხილოს. წინასწარვე ცნობილია, რომ კომისია ენერგოგამანაწილებელი

კომპანიების მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური საქართველოში გაიზრდება. საკითხავია მხოლოდ ის, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება ტარიფი. წინასწარი მონაცემებით, ელექტროენერგიის ღირებულება თბილისში, სავარაუდოდ, 3 თეთრით - 15 თეთრამდე - გაიზრდება, ხოლო რეგიონებში - 14 თეთრამდე. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი თავაძე დენის გაძვირებას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს და მას რუსეთიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდით ხსნის:

[გიორგი თავაძის ხმა] ”თბოენერგია გაძვირდა, როგორც მოგეხსენებათ, 60 დოლარიდან 110 დოლარამდე. თავისთავად ცხადია, ამან გამოიწვია თბოენერგიისა და, შესაბამისად, გენერაციის საშუალო შეწონილი ფასის მატება. ეს რომ ჩაიდება მთლიანი ტარიფის გაანგარიშებაში, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი, თავისთავად ცხადია, საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი მოიმატებს.”

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გაზრდილი საფასურის გამო მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს და გვაიმედებს, რომ ახალი გაზრდილი ტარიფი ქართული ენერგეტიკის მდგრადი განვითარების დასაბამი იქნება:

[გიორგი თავაძის ხმა] ”ეს ტარიფი მისცემს დასაბამს და იქნება საფუძველი ქართული ენერგეტიკის მდგრადი და სტაბილური განვითარების.”(სტილი დაცულია)

მანამდე კი, 1 მაისიდან, მოსახლეობას მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური გაეზარდა. საერთოდ, გაზი საქართველოში 1 იანვრიდან უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ ხელისუფლება ზამთრის სეზონზე, მოხმარების პიკის დროს, მოსახლეობის განაწყენებას მოერიდა და 4 თვის განმავლობაში ძველ და ახალ მომატებულ ტარიფს შორის სხვაობა, 33 მილიონი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაფარა. გასული კვირიდან კი თბილისის მოსახლეობას 1 კუბურ მეტრში, 26.55 თეთრის ნაცვლად, 34 თეთრის, ხოლო საქართველოს რეგიონების მოსახლეობას, 26.94 თეთრის ნაცვლად, 36.54 თეთრის გადახდა უწევს.

გაზის გაძვირებას აპროტესტებს ოპოზიცია. ”მრეწველების” ლიდერი ფიქრობს, რომ გაზი საქართველოში წარმოებული ყველა საქონლისა თუ მომსახურების თვითღირებულებაში შედის და, შესაბამისად, მათი ფასიც მოიმატებს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ” აქ მარტო ბუნებრივი აირის გადასახადის გაძვირებაზე არ არის საუბარი. ეს აძვირებს, რა თქმა უნდა, პურსაც, აძვირებს ნებისმიერ საქონელს, იმიტომ რომ ეს ნებისმიერი საქონლის თვითღირებულებაში შედის.”


ოპოზიციიის ამ შიშს არ იზიარებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც აცხადებს, რომ გაძვირებული გაზი სამომხმარებლო ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან 1 მაისამდე ძველი ტარიფით მხოლოდ მოსახლეობა იხდიდა, ხოლო სხვა სამეურნეო სუბიექტებისათვის ბუნებრივი აირის საფასური უკვე 1 იანვრიდან იყო გაზრდილი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”რაც შეეხება ამ ფასების ზეგავლენას სხვა ფასების ზრდაზე, ეს არ მოხდება, ამის ზეგავლენა იქნება მინიმალური, იმიტომ რომ სამრეწველო საწარმოებისთვის გაზის ფასი უკვე 1 იანვრიდან გაძვირდა.”

გაზრდილი ბუნებრივი აირის და შემდგომ უკვე ელექტროენერგიის ტარიფის ”სიმძიმის” შესამსუბუქებლად მთავრობა აპირებს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის კომპენსაცია გამოყოს. ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, უკიდურესად გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო სუბსიდირება, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, 400,000 ადამიანზე გავრცელდება. ტარიფის ზრდით მიღებული სხვაობის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 მილიონი ლარის სუბსიდირებაა გათვალისწინებული, მათ შორის - გაზზე 35 მილიონი, ხოლო ელექტროენერგიაზე 11 მილიონი უნდა გაიცეს. ელექტროენერგიის მომხმარებლები, პირობითად, სამ კატეგორიად დაიყოფა და მათთვის დიფერენცირებული ტარიფი დაწესდება. თუმცა, მთავრობის მტკიცების მიუხედავად, ექსპერტები საპირისპიროს ვარაუდობენ და მიიჩნევენ, რომ გაზრდილი კომუნალური გადასახადები სამომხმარებლო ბაზარზე ადეკვატურ ასახვას პოვებს.





XS
SM
MD
LG