Accessibility links

logo-print

აჭარის რევოლუციის 2 წლის თავი და ახალი აჭარული პროექტები


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკვე მეორე წელია ბათუმიდან ასლან აბაშიძის წასვლის თარიღს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებითა და ახალი პროექტების

პრეზენტაციებით აღნიშნავენ. წელს კი აჭარის რევოლუციის 2 წლისთავის ერთ-ერთ მთავარ პროექტად ბათუმის აეროპორტის მშენებლობის დაწყება იქცა. აეროპორტის მაკეტის პრეზენტაციის, მისი მნიშვნელობისა და ასევე სხვა საზეიმო ღონისძიებების შესახებ მინდა გესაუბროთ.

6 მაისს აჭარაში, კერძოდ კი, ბათუმში გაიხსნა ”პატრიოტთა” ბანაკი, ფრანგული შადრევანი, მინისტრთა საბჭოს გარემონტებული შენობა, ”ერას” მოედანს შეეცვალა სახელი და გაიმართა სხვა, მსხვილი თუ მცირე მასშტაბის, საზეიმო ღონისძიება-პრეზენტაციები. ამ საიუბილეო დღის მთავარ მოვლენად კი ბათუმის აეროპორტის მშენებლობის დაწყება იქცა.

[სააკაშვილის ხმა] ”ბათუმის აეროპორტი ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ცალკე აღებული სამგზავრო პუნქტი. ეს არის სიმბოლო აჭარის აღორძინების, ეს არის სიმბოლო საქართველოს შავი ზღვისპირეთის აღორძინების, ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი პროექტი, ჩვენი ერთ-ერთი დიდი პროექტი აჭარისთვის.”

ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოთქვა ბათუმის აეროპორტისთვის საძირკვლის სიმბოლურად ჩაყრის ცერემონიალის შემდეგ. ამ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად აჭარას ესტუმრა თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი ქურშად თუზმენი.

[ქურშად თუზმენის ხმა] ”ბათუმის აეროპორტის პროექტი ერთ-ერთი მაგალითია საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის. სამომავლოდ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჩავდოთ მეტი ინვესტიციები საქართველოში, რათა კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები.”

ამ სიტყვებისა და სტუმრებისთვის გამართული კონცერტის შემდეგ ბათუმის აეროპორტი დაიხურა იქ საამშენებლო სამუშაოების დასაწყებად. ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტს თურქეთის კონსორციუმი ”ტავ-ურბან-ჯორჯია” (TAV Urban Georgia) ახორციელებს და ამისთვის დაახლოებით 15 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას დააბანდებს.

შეთანხმების მიხედვით, შპს "TAV Urban Georgia" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა-რეკონსტრუქციას 2007 წლის იანვარში დაასრულებს. აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, სანაპირო ზოლის დამცავი კედელი, სანავიგაციო კოშკურა და დამონტაჟდება ახალი შუქმანიშნებელი მოწყობილობები, განხორციელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია.

ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ბათუმის აეროპორტი შეძლებს მიიღოს ბოინგ 737-ის და აერობუს 318-ის ტიპის საჰაერო ხომალდები. აეროპორტს ექნება განსაკუთრებული სტატუსი და ის მოემსახურება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდან როგორც თურქეთის, ასევე საერთაშორისო მიმართულებით მოძრავ მგზავრებს და ტვირთებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომგებიანი ეკონომიკური პროექტი და ერთი წლის თავზე ჩვენ გვექნება ბათუმში განვითარებული და კარგად მომუშავე აეროპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთოდ ბათუმის, აჭარის განვითარებისთვის.”

ბათუმის აეროპორტის ასეთ განსაკუთრებულ სტატუსს ოპოზიცია ეჭვის თვალით უყურებს, ისევე როგორც იმ საზეიმო ღონისძიებებს, რომლებიც ბათუმში 6 მაისს გაიმართა.

[ჯუმბერ თავართქილაძის ხმა] ”რა გვაქვს სადღესასწაულო - იმდენად, რამდენადაც ეგრეთ წოდებული რევოლუციის შემდეგ არანაირი ცვლილებები ხალხის საკეთილდღეოდ არ მომხდარა.”(სტილი დაცულია)

ეს იყო კონსერვატიული პარტიის აჭარელი ლიდერი ჯუმბერ თავართქილაძე, რომელიც დაახლოებით 50-მდე თანამოაზრესთან ერთად იმ პოლიტიკის გაპროტესტებას შეეცადა, რომელსაც ხელისუფლება აჭარის ავტონომიაში ატარებს.
XS
SM
MD
LG