Accessibility links

logo-print

ზიგმუნდ ფროიდის 150 წლისთავი


შაბათს, 2006 წლის 6 მაისს, 150 წელიწადი შესრულდა ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის დაბადებიდან. ამ იუბილესთან დაკავშირებით ევროპის

ბევრ ქალაქში იმართება გამოფენები, კონფერენციები და სემინარები; განსაკუთრებული მასშტაბით იუბილეს, ცხადია, აღნიშნავენ ვენაში, სადაც ფროიდმა სიცოცხლის 78 წელი გაატარა, სანამ, 1938 წელს, ნაცისტებს ინგლისში გაექცეოდა. შაბათს ავსტრიის რადიომ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა ბერგასეს ქუჩის 19 ნომერში მდებარე სახლს, სადაც ფროიდი ცხოვრობდა და მუშაობდა და სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. ავსტრიის დედაქალაქში ფროიდის პატივსაცემად მთელი წლის განმავლობაში იგეგმება ღონისძიებები.

ფროიდის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ჩეხეთშიც, სადაც ჩვენი რადიოს შტაბბინაა განთავსებული. ზიგმუნდ ფროიდი ხომ დაიბადა სწორედ ახლანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიბორში, რომელიც მაშინ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო.

ავსტრიის კულტურის ცენტრი ფროიდის იუბილესთან დაკავშირებით ჩეხეთში ერთწლიან პროგრამას აწყობს. ამ დღეებში პრაღაში ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი კულტურის ცენტრში ფროიდის ცხოვრებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

[შრამელის ხმა] ”ჩვენ ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას ავსახავთ და იმ ისტორიული კონტექსტის გადმოცემას ვცდილობთ, რომელშიც ის ცხოვრობდა.”

ასე ამიწერა, ფროიდის გამოფენაზე მისულს, ექსპოზიციის კონცეფცია ავსტრიის კულტურის ატაშეს მოადგილემ ანდრეა შრამელმა. მისი თქმით, გამოფენის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და ავსტრიის კულტურის ცენტრი დარწმუნებულია, რომ პროგრამაში გათვალისწინებული სხვა გამოფენებიც - მათ შორის ფსიქოანალიზის თემაზე შექმნილი კარიკატურების და წამყვანი დიზაინერების მიერ გაკეთებული, ანალიზის სეანსებისთვის განკუთვნილი, ტახტების ექსპოზიციები - წარმატებული იქნება.
დასავლეთში დღეს ცოტა ვინმე თუ დავობს, რომ თანამედროვე კულტურაზე ფროიდის გავლენა განუზომელია. მეტიც - როგორც პრაღაში მიმდინარე ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე ისრაელიდან ჩამოსულმა მეცნიერმა ილან ნილმენმა გვითხრა, ფროიდის მოძღვრება რევოლუციის ტოლფასი იყო:

[ნილმენის ხმა] ”მან გონების, კულტურის და ცივილიზაციის შესახებ ჩვენი წარმოდგენების რევოლუცია მოახდინა. იყო კოპერნიკის რევოლუცია, დარვინის და შემდეგ - ფროიდის. არაცნობიერის აღმოჩენით ფროიდმა სრულიად ახლებურად დაგვანახვა ის, თუ რას ფიქრობენ ადამიანები საკუთარი თავისა და ერთმანეთის შესახებ.”

ამავე დროს, ალბათ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აკადემიური, მეცნიერული განხილვების პარალელურად, ფროიდისეული ცნებები - ”ოიდიპოსის კომპლექსი”, ნარცისიზმი, რეპრესირებული მოგონებები, თუ ბევრი სხვა - დღეს უკვე პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამ ცნებებზე ხუმრობენ ჰოლივუდის ფილმებში, ხატავენ კარიკატურებს, იგონებენ ანეგდოტებს; ზოგიერთი პოპულარული ხელოვანის შემოქმედების წარმოდგენა ფროიდის გარეშე შეუძლებელიც კია - ამისათვის, ალბათ, მხოლოდ ვუდი ალენის გახსენებაც კმარა. და, ალბათ, ამიტომაც არის, რომ ბევრ ფსიქოლოგს ფროიდის ერთ-ერთ ძირითად მონაპოვრად ის მიაჩნია, რომ მან ფსიქოლოგია, როგორც ასეთი, გახადა პოპულარული.

თუმცა აღიარებამდე ფსიქოანალიზს არაერთი სირთულის დაძლევა მოუხდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1938 წლის დეკემბერში, BBC-თვის მიცეულ ინტერვიუში თავად ზიგმუნდ ფროიდი იხსენებდა:

[ფროიდის ხმა] ”იღბლიანობა ძვირად დამიჯდა. ადამიანებს არც ჩემი ფაქტების სჯეროდათ და არც თეორიების. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შემხვდა.”



პურიტანული და მორალისტური ვიქტორიანული ეპოქის კონტექსტში, ფროიდის თეორიები არაცნობიერის, ტრავმატული მოვლენების, განუხორციელებელი სურვილების, პენისის შურის და ბავშვთა სექსუალობის შესახებ, მართლაც, რევოლუციური იყო. მოსაზრება, რომ ადამიანის გონებას არაცნობიერი იმპულსები და კომპლექსები მართავს, წარმოუდგენელი იყო პროგრესზე, ემანსიპაციასა და სამყაროს რაციონალურად ჩაწვდომაზე ორიენტირებული, განმანათლებლობის სულისკვეთებით განმსჭვალული დასავლური კულტურისთვის. ილან ნილმენის თქმით:

[ნილმენის ხმა] ”საკმაოდ შემაშინებელია იმის გააზრება, რომ საკუთარ თავს ბოლომდე ვერ აკონტროლებ და რომ ადამიანების ფსიქოლოგიურ ცხოვრებას არაცნობიერი მართავს. შემაშინებელია, როდესაც იცით, რომ რაღაც ხდება თქვენში, მაგრამ ამას ვერ აკონტროლებთ და მის შესახებ არც კი იცით.”

ათწლეულების განმავლობაში - და, გარკვეული თვალსაზრისით, ახლაც - ფსიქოანალიზი არ აღიქმებოდა ჭეშმარიტ ”მეცნიერებად”. ამის უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ ფსიქოანალიტიკური კვლევა არ აკმაყოფილებდა პოზიტივისტური მეცნიერების მთავარ კრიტერიუმს - ექსპერიმენტის მეშვეობით შედეგების გამეორება არ ხერხდებოდა, ვინაიდან ისინი უკიდურესად ინდივიდუალური იყო და ადამიანების სუბიექტურ გამოცდილებებს ეყრდნობოდა.

ფსიქოანალიზის შექმნამდე ფროიდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ”ჩვეულებრივი მეცნიერი” იყო - თევზების გაკვეთას აწარმოებდა და ადამიანის ტვინის ანატომიას სწავლობდა. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ფროიდი იხსენებდა, რომ პროფესიული საქმიანობა ნევროპათოლოგიით დაიწყო, რამაც იგი თანდათან არაცნობიერის კვლევამდე მიიყვანა:

[ფროიდის ხმა] ”ერთი ძველი მეგობრის გავლენით და საკუთარი შრომით, აღმოვაჩინე არაერთი მნიშვნელოვანი ახალი ფაქტი არაცნობიერზე, ფსიქიკასა და ინსტინქტურ იმპულსებზე.”

თუმცა, როგორც ჩეხეთის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტმა ვაცლავ მიკოტამ გვითხრა, დღეს მეცნიერები ფსიქოანალიზს სხვაგვარად აფასებენ:

[მიკოტას ხმა] ”ნევროპათოლოგები და ნეიროქირურგები, რომლებიც უწინ ფსიქოანალიზს არ ეთანხმებოდნენ, დღეს მას, დიდწილად, ეხმარებიან მედიცინის სრულფასოვან დარგად იქცეს. დღეს უკვე არსებობს ტვინის გამოკვლევის ახალი მეთოდები და შესაძლებელია დანახვა, რომ თუ, მაგალითად, ადამიანს გარკვეული ფუნქცია არა აქვს და ის მას ფსიქოანალიზის მეშვეობით შეიძენს, ეს ფუნქცია ტვინის გამოსახულებაზე, ფიზიოლოგიურად გამოიხატება.”

ფსიქოანალიზმა ინტენსიური პოლიტიკური დევნაც განიცადა. ფროიდის მოძღვრებას სდევნიდნენ მეოცე საუკუნის ორ უდიდეს ტოტალიტარულ სახელმწიფოში - ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოეთში. ვაცლავ მიკოტას აზრით, ეს ლოგიკურიც იყო:

[მიკოტას ხმა] ”შეუძლებელია, რომ ფროიდი რომელიმე ტოტალიტარული რეჟიმისთვის მისაღები ყოფილიყო, ვინაიდან ყველა ტოტალიტარული რეჟიმი იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ სიმართლე ერთადერთია. ფსიქოანალიზი კი გვიჩვენებს, რომ თითოეულ ინდივიდსაც კი, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რამდენიმე სიმართლე შეიძლება ჰქონდეს.”

ტოტალიტარული სახელმწიფოებისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზებით, ფსიქოანალიზს დღეს ბევრი ფემინისტი მკვლევარიც აკრიტიკებს. ვაცლავ მიკოტას თქმით:

[მიკოტას ხმა] ”თანამედროვე პერსპექტივიდან, ქალის ნორმალური განვითარების შესახებ ფროიდის თეორია შეუძლებელია. მოგეხსენებათ, ფროიდის აზრით, ფსიქოლოგიურად, დაახლოებით სამ წლამდე, გოგონებიც და ბიჭებიც თავს ბიჭებად მიიჩნევენ. ხოლო როდესაც პატარა გოგონა გააცნობიერებს, რომ მას პენისი არა აქვს, ის ფიქრობს, რომ მას ის ოდესღაც ჰქონდა და ახლა კასტრირებულია. ამდენად, ამ თეორიით შეუძლებელია, ქალმა სრულ სულიერ ჯანმრთელობას მიაღწიოს.”

თუმცა ფროიდის ფემინისტი კრიტიკოსებიც აღიარებენ, რომ ბევრ მეცნიერს არ გაუანალიზებია პატრიარქალურ სამყაროში არსებული ძალაუფლების სტრუქტურები თუ სიმბოლური იერარქიები ისე დახვეწილად და ღრმად, როგორც ეს ზიგმუნდ ფროიდმა შეძლო. და თუ ქალის ფსიქოლოგიური განვითარება ფროიდთან, მართლაც, არასახარბიელოდ არის ახსნილი, ამის მიზეზი სწორედ პატრიარქალური სტრუქტურები თუ სოციო-კულტურული გარემოა და არა ის, რომ ქალი ”ბუნებრივად” არის მამაკაცთან შედარებით არასრულყოფილი.

დღეს ფროიდის ბევრი იდეა უარყოფილი ან შეცვლილია და საკუთრივ ფსიქოანალიტიკოსებიც კი განსხვავებული ინტენსივობით მისდევენ მათი პროფესიის ფუძემდებლის სწავლებებს. მაგრამ ფროიდის ფიგურის მნიშვნელობას და მისი თეორიების სიღრმეს არავინ უარყოფს:

[მიკოტას ხმა] ”ჩემი აზრით, ფსიქოანალიზის მიზანი უშუალოდ განკურნებაზე მეტად თავისუფალი და პასუხისმგებელი ადამიანის განვითარებაა.”

ეს კი, ჩეხეთის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაცლავ მიკოტას აზრით, ზიგმუნდ ფროიდის მთავარი მონაპოვარია.




XS
SM
MD
LG