Accessibility links

logo-print

ლეგენდარული ქართველი, რომელმაც რუსეთს ანტისარაკეტო ფარი შეუქმნა


5 მაისს მოსკოვში, ტროეკუროვოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,

მხედრული პატივით მიაბარეს მიწას უკანასკნელი ქართველი საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე. მის დაკრძალვას, რუსეთის სამხედრო ელიტის წარმომადგენელთა გარდა, საქართველოდან ჩასული მცირერიცხოვანი ნათესავებიც ესწრებოდნენ. ქართველი მხედართმთავრის ბიოგრაფიის გვირგვინად ითვლება პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობა, სადაც “ლეგენდარული” ალფაიძის სახელობის პარკი დღემდე არსებობს. 16 წლის წინ გენერალ გალაქტიონ ალფაიძეს საქართველოში დაბრუნება და მშობლიურ სოფელ კურსებში პატარა კუთხის მოწყობაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, მავანთა გულგრილობის გამო, ეს ოცნება მან რუსეთის მიწაში წაიღო.დღეს ყოველკვირეულ სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა გენერალ ალფაიძის ბიოგრაფიულ შტრიხებზე გესაუბროთ, გესაუბროთ უკანასკნელ ქართველ გმირზე, რომელსაც პირადად ვიცნობდი და რომელთანაც სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ინტერვიუც ჩავიწერე.

გენერალი გალაქტიონ ალფაიძე 9 მაისის გამარჯვების დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის ქალაქ რიაზანში გარდაიცვალა, პრაქტიკულად - მარტოობაში და ლოგინს მიჯაჭვული. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებულმა მძიმე ჭრილობებმა გალაქტიონ ალფაიძეს 60 წლის შემდეგ საბედისწეროდ შეახსენეს თავი. 89 წლის გენერალს ორი წლის წინ ქირურგებმა ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. მე სწორედ მაშინ დავურეკე მას, სამხედრო ჰოსპიტლიდან ახლად გამოწერილს, ქალაქ რიაზანაში. 9 მაისის დღესასწაული ახლოვდებოდა და ვთხოვე გაეხსენებინა თავისი მხედრული ბიოგრაფია. გალაქტიონ ალფაიძის ხმის ეს ჩანაწერი დღეს უკვე უნიკალურია. გენერალმა პასუხი თავდაპირველად ქართულად დაიწყო და შემედეგ თავისი ბიოგრაფიის თხრობა რუსულად განაგრძო:

[გალაქტიონ ალფაიძის ხმა] “ ომი მე მოსკოვის მისადგომებთან დავიწყე, ვმონაწილეობდი მოსკოვის დაცვის ბრძოლებში და ფაშისტური ჯარების განადგურების ოპერაციაში პოდმოსკოვიეში. შემდეგ ვმონაწილეობდი უკრაინის გათავისუფლების ბრძოლებში, დნეპრის ფორსირებაში. ბრძოლებით გავიარე რუმინეთი, უნგრეთი და ომის დასრულებას ავსტრიაში შევხვდი. ლეიტენანტობით დავიწყე 36-ე საარტილერიო პოლკში. სხვადასხვა საფეხური გავიარე, ბატარეის მეთაურობიდან პოლკის მეთაურობამდე. 1943 წლიდან მე უკვე საარტილერიო პოლკს ვმეთაურობდი, ომის დამთავრებამდე. ”


1945 წლის 28 აპრილს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე, გალაქტიონ ალფაიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება იოსებ სტალინმა მიანიჭა მოსკოვის დაცვის, დნეპრის გადალახვისა და ავსტრიის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის. ავსტრიის ეპიზოდში პოლკმა, რომელსაც მაიორი გალაქტიონ ალფაიძე ხელმძღვანელობდა, მწყობრიდან გამოიყვანა ათი გერმანული “ვეფხვი” და გაანადგურა რამდენიმე ტყვიამფრქვევის ძოტი. თუმც თავად გალაქტიონ ალფაიძემ მძიმე კონტუზია მიიღო და ბრძოლის წარმატებით დასრულების შესახებ მხოლოდ ლაზარეთში შეიტყო. მეორე მსოფლიო ომის გმირმა გალაქტიონ ალფაიძემ შთამბეჭდავი სამხედრო გზა გაიარა და კარიერა გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. მაგრამ მისი მხედრული ბიოგრაფიის გვირგვინად ითვლება წვლილი, შეტანილი პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობაში, სადაც გალაკტიონ ალფაიძე მთავარ კონსტრუქტორად მუშაობდა. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, გალაქტიონ ალფაიძე იმ თითზე ჩამოსათვლელ ქართველ მხედართმთავართა შორისაა, რომლებმაც სამხედრო ტექნიკის განვითარებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ნაწილი ქართველების იღვწოდა საბჭოთა კავშირის ინტერესებისათვის, ნაწილი კი - შეერთებული შტატების. როგორც, მაგალითად, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელმაც პირველი ამერიკული ტაქტიკური ბომბის გადამტანი თვითმფრინავი შექმნა.. ხოლო ჩვენი თანამემამულე გენერალი გალაქტიონ ალფაიძე ხელმძღვანალობდა პლესეცკის კოსმოდრომის მშენებლობას და შემდგომ ამ კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლების გაშვებას.”

აღსანიშნავია, რომ გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე უკანასკნელი მოჰიკანია იმ ქართველთა შორის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღეს. სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე ამჟამად გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, იოსებ სტალინის ბრძანებით მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი 90 ქართველი ეროვნების სამხედრო პირი დაჯილდოვდა. სამხედრო ისტორიკოსი, პროფესორი ელვერ კუპატაძე, რომელიც ამ პერიოდს კარგად იცნობს, ამბობს, რომ სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, საქართველოდან, საერთო ჯამში, დაახლოებით ორჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა ეს ჯილდო მინიჭებული:

[ელვერ კუპატაძის ხმა] “აქ გაანგარიშებულია მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა და, ამის მიხედვით, ჩვენ და ოსები ვართ პირველ-მეორე ადგილზე. ეს 165 კაცი, მაშინდელ 3 მილიონ მოსახლეობაზე, ვიყავით პირველ ადგილზე მაშინდელ საბჭოთა კავშირში. თუმცა ეს ციფრები იმალებოდა და მხოლოდ არქივებში, სადაც მე ოფიცრობის დროს შემეძლო შესვლა, მაქვს ნანახი.” (სტილი დაცულია)

სულ კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 11 800 ადამიანს მიენიჭა. თუმცა ძნელია ითქვას, რამდენია მათგან ცოცხლად დარჩენილი. საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ ქვეყნებად დაშლისა და მეორე მსოფლიო ომიდან 61 წლის შემდეგ, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს. განსაკუთრებით მოისუსტებს იმ პერიოდის ცოდნა საქართველოში, სადაც 9 მაისი, რამდენიმე წელია, ამოღებულია დღესასწაულთა სიიდან.
ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ გალაქტიონ ალფაიძის დაკრძალვა მოსკოვში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა მის სამშობლოში, საქართველოში. ერთადერთი სამძიმრის დეპეშა გმირის ახლობლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაუგზავნა. არადა, გენერალი ალფაიძე ფორმალურად ტყიბულის საპატიო მოქალაქედ ითვლება, ხოლო სოფელ კურსებში, სადაც უკანასკნელი ქართველი საბჭოთა კავშირის გმირი დაიბადა, სკოლა გენერალ ალფაიძის სახელს ატარებს. მისი ძმისშვილი რამაზ ალფაიძე იხსენებს, რომ სახელოვან ქართველ გენერალს სიცოცხლის ბოლოს ჰქონდა სურვილი ჩამოსულიყი საქართველოში და 15 წლის წინ სთხოვა კიდეც ადგილობრივ ხელისუფლებას გამოეყოთ მისთვის მიწის ნაკვეთი. მაგრამ სახელოვანი ქართველი მხედართმთავრისათვის მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამონაკლისის დაშვება არ მოისურვა:

[რამაზ ალფაიძის ხმა] “დაწერა განცხადება და ეს განცხადება ჩემმა ძმამ მიიტანა კურსების სასოფლო საბჭოში. პასუხი იყო ასეთი: მოქალაქე თუ არ იქნება, ვერ მივცემთო. პარადოქსი რა არის, იცით? ტყიბულის საპატიო მოქალაქეა ეს კაცი ამ დროს… არ დამავიწყდება მისი თვალები! ძალიან დათრგუნული იყო ამის გამო და მითხრა: ამხელა ომი და უბედურება გავიარე და ასეთ იმაში არ ვყოფილვარო და მეტი ამის შესახებ აღარასოდეს უთქვამს.” (სტილი დაცულია)

რამაზ ალფაიძე მოსკოვში დაესწრო სახელოვანი ბიძის დაკრძალვას და თან ქართული მიწა ჩაიტანა. 90 წელს მიტანებული საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე პარასკევს მოსკოვში, ტროეკუროვოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მხედრული დიდებითა და პატივით დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG