Accessibility links

logo-print

ვინ და რატომ უჭერს მხარს საქართველოში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლას


ვინ იცის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის საკითხზე მსჯელობა საქართველოში უკვე მერამდენედ მიდის. ოღონდ,

თუ ადრე საკითხის წინ წამოწევით პოლიტიკური ოპოზიცია აქტიურობდა, ამჯერად ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ გამორიცხა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლა - მან დავალებაც კი მისცა მთავრობას, შეისწავლონ, არის თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრობა საქართველოსთვის რაიმე სარგებლობის მომტანი. სანამ მთავრობა საკითხს სწავლობს, თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მიზანშეწონილობაზე პოლიტიკოსები მსჯელობენ. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ხელისუფლებამ დააგვიანა კიდეც. რატომ უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის იდეას?

” პოლიტიკოსებმა, რომელთაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებას, - დაჩოქილი და შეურაცხყოფილი საქართველოს გაწევრიანებას, - რომლებიც ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ თანამეგობრობაში შესვლა საქართველოს ეკონომიკურად გააძლიერებდა და კონფლიქტების გადაწყვეტაშიც დაეხმარებოდა, მიპასუხონ - სად არის ეს ყველაფერი?”- ასე იწყებს ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მიზანშეწონილობაზე საუბარს. ის მომხრეა შესწავლილ იქნეს, რა რეალურმა მიზეზებმა განაპირობა თავის დროზე ამ გაერთიანებაში საქართველოს შესვლა და რა მოუტანა საქართველოს შექმნის დღიდანვე მკვდრად შობილად მონათლულ თანამეგობრობაში ყოფნამ.
”ეს იმისთვის უნდა მოხდეს, რათა პოლიტიკოსებმა სამომავლოდ მაინც იცოდნენ, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს მცდარ გადაწყვეტილებებზე,” - ამბობს აკაკი ასათიანი და დასძენს : ” საქართველოს ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტების არსებობა 1993 წლის მიწურულს მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია.” აკაკი ასათიანის აზრით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან დემარში საქართველომ საკმაოდ დააგვიანა:

[აკაკი ასათიანის ხმა] ”რუსეთმა თვითონ დაარღვია დსთ-ს დებულება, როცა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან. გამოსვლისთვის ყველაზე კარგი საბაბი მაშინ იყო. მე და ჩემი მეგობრები მომხრე ვიყავით ამის და ვიქნებით, განსხვავებით სხვებისგან, რადგან ქვეყანას ამ თანამეგობრობიდან რაიმე სარგებელი არ უნახავს და თავიდანვე ცხადი იყო, რომ არც ნახავდა. ”(სტილი დაცულია)

1993 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც - ისინიც აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლა მიზანშეწონილია და ცოტათი დაგვიანებულიც კი. ყველა თანხმდება იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება, ეკონომიკური თვალსაზრისით, გარკვეულ პრობლემებს შექმნის:

[კახა კუკავას ხმა] ”მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მისაღებია. დსთ რომ არ დავტოვოთ, ეკონომიკური ურთიერთობები ისედაც უარესდება. თანამეგობრობას არა აქვს არანაირი რესურსი და საქართველოს სახელმწიფოს მისგან არანაირი სარგებლის მიღება არ შეუძლია. ”

ეს უკვე საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი, კახა კუკავა გახლდათ. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი”, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური ფრაქციები, პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას ახდენს, თუმცა, თუ პარლამენტს მოუწევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის საკითხის განხილვა, თუ საკითხი კენჭისყრამდე მივა, ოპოზიცია, ალბათ, თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩება. შევა თუ არა ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია სხდომაზე? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ კახა კუკავა მხოლოდ საკუთარი ფრაქციისა და პარტიის სახელით ლაპარაკობს:

[კახა კუკავას ხმა] ”მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენი მომხსენებელი გამოვა თუ არა მოხსენებით. მთავარია, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში დაფიქსირდეს ჩვენი პარტიის სახელები და გვარები. ”

კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველომ უკრაინასთან კონსულტაციები დაიწყო. რუსი ექსპერტები მოსალოდნელ შედეგებზე მსჯელობენ და ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის შემთხვევაში მოხდება საქართველოსთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გადახედვაც.
XS
SM
MD
LG