Accessibility links

როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემა დიდხანს დარჩება ქართული პრესის წამყვან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პრობლემა დიდხანს დარჩება ქართული პრესის წამყვან თემად - დღევანდელი ქართული გაზეთების უმრავლესობა

სწორედ ამ საკითხს ეხმაურება.
ცივილიზებული გაყრა დაიწყო, - წერს გაზეთი ”24 საათი”, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის შესაძლებლობის კომენტარისთვის რუს და გერმანელ პოლიტოლოგებს მიმართა. ვიაჩესლავ ნიკონოვის განცხადებით, რუსეთს დიდი ბრძოლა ელის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის - პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვის მხარეს აღმოჩნდებიან ისინი. რუსი პოლიტოლოგის თქმით, ისტორია მოწმობს, რომ პოლიტიკური ბლოკები მსოფლიოში სამუდამო რამ არ არის. ჯერ კიდევ უცნობია, რაოდენ მტკიცე გამოდგება ყოფილი მოძმე რესპუბლიკების მეგობრობა დასავლეთთან.
გერმანელი ექსპერტის გერჰარდ სიმონის აზრით კი, არც საქართველო და არც უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრულყოფილი წევრები არასდროს ყოფილან - ორივე ქვეყანა ამ გაერთიანებაში უხალისოდ გაწევრიანდა. მეტიც - როგორც გაზეთი ”24 საათი” წერს, უკრაინა ფორმალურად არც არის თანამეგობრობის წევრი, რადგან მას ამ ორგანიზაციის წესდებისთვის ხელი არ მოუწერია. გერჰარდ სიმონის აზრით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, უკვე დიდი ხანია, წმინდა ფორმალური გაერთიანებაა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში რაიმე მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებს. ამავე დროს, “საქმე მხოლოდ ისაა, ღირს თუ არა ამის გაკეთება ასე დემონსტრაციულად. იქნებ, უფრო ჭკვიანური იქნებოდა, დალოდებოდნენ, მიეცათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისთვის საშუალება, ჩუმად მომკვდარიყო. თანაც, ნატოში წევრობა სულაც არ გამორიცხავს წევრობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში,” - უთხრა გაზეთ “24 საათს” გერმანელმა ექსპერტმა გერჰარდ სიმონმა.

”როგორ ავიცილოთ ”ღვინის ომი” - ამ თემას ეხება გაზეთ ”მთელი კვირის” პუბლიკაცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ასეთი რეკომენდაციებია გამოთქმული: “მთავრობის მიერ არაპროგნოზირებად სარეკლამო კამპანიებში მილიონების გადაყრას სჯობს რუსეთისთვის საპასუხო მესიჯის გაგზავნა - მხოლოდ რეალურად ფალსიფიცირებული პროდუქციის ცნობა და გამოთხოვა; შიდა და საგარეო ბაზარზე ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო ზომების მიღება; ზავის პირობების შეთანხმება. პარალელურად, კერძო კომპანიების მიერ უნდა მოხდეს მთავარი სანიტარული ექიმის ქმედებების არბიტრაჟში გაპროტესტება.”


”რუსებს ვერავინ დაავალდებულებს, გინდა თუ არა ჩვენი ღვინო და “ბორჯომი” დალიეთო. ვერც იმას უბრძანებენ, გაზი 100 დოლარად მოგვეციო. შემოდგომაზე რომ 218 დოლარამდე გააძვირებენ გაზს, მერე ნახეთ, რა მოხდება,” - ასეთ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს “სახალხო ფორუმის” ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელთანაც ინტერვიუს დღევანდელი გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს.


კიდევ ერთი თემა, რომელსაც თითქმის ყველა ქართული გაზეთი ეხმაურება, არის: ნინო ბურჯანაძე თუ სალომე ზურაბიშვილი? - დღევანდელ გაზეთ ”ახალი ვერსიის” ვარაუდით, ოპოზიციის მომავალი ლიდერი ამ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი შეიძლება აღმოჩნდეს.”ახალი ვერსიის” აზრით, ორივე პოლიტიკოსს თავისი პლუსი და მინუსი აქვს. უპირატესობათა ჭიდილში მთავარი ის იქნება, არჩევნების დროს სად იქნება ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებაში, სადაც მუდმივად აგრძნობინებენ, რომ მისთვის სტაბილური სიტუაცია არ არის, თუ ოპოზიციაში.


ნინო ბურჯანაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა.” პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოდიშის მოხდის იმათ ეშინიათ, ვისაც საკუთარი თავის რწმენა არა აქვს და ბოდიშის მოუხდელობა სიძლიერედ მიაჩნია. რას ფიქრობს ნინო ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივაზე, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებასა და თბილისში ჩატარებულ მსხვერპლით დასრულებულ სპეცოპერაციებზე, გაზეთ “კვირის პალიტრის” პუბლიკაციიდან შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG