Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივნისიდან სოციალური დახმარების პროგრამა იწყება - ფულად შემწეობას 45 ათასი ოჯახი მიიღებს


2005 წლის 17 მარტს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელი მოაწერა #51 დადგენილებას, რომლის საფუძველზეც სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო

სააგენტომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა დაიწყო. სააგენტოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ სარეგისტრაციო პუნქტს აერთიანებს, დახმარების მიღების თხოვნით 330 ათასზე მეტმა, ანუ თითქმის ყოველმა მესამე ოჯახმა, მიმართა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურ ფულად დახმარებას მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი უკლებლივ ყველა ოჯახი მიიღებს. ვინ და რა მოცულობის დახმარებას უნდა ელოდეს 1 ივნისიდან?

ეკონომიკური პარამეტრების ზრდისა და ბიუჯეტის სტაბილური შესრულების მიუხედავად, თბილისის ქუჩები მაინც სავსეა უმუშევარი და სოციალურად დაუცველი ადამიანებით, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მოწყალებასაც ითხოვენ.

[ქალბატონის ხმა] „ოთხი შვილის დედა, ხუთი შვილიშვილის ბებია. მეხმარებოდნენ, განა არ მეხმარებოდნენ, მაგრამ მივედი მერიაში და მითხრეს, აღარ გეკუთვნისო. არანაირ დახმარებას არ მაძლევენ, გეფიცები ადამიანობას.“

ეს ქალბატონი წლების განმავლობაში ქაშუეთის ეკლესიასთან ითხოვს მოწყალებას. ამბობს, რომ თავის რჩენის სხვა სახსარი არ გააჩნია. არადა, სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველი ივნისიდან იწყებს მუშაობას, სწორედ რომ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს.

[ლევან ფერაძის ხმა] „პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ენიჭება უღატაკეს ოჯახს. ჩვენ ასეთი სლოგანიც კი გვაქვს: სახელმწიფო დაეხმარება იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ. ანუ ოჯახები, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე არიან, ანუ ოჯახები, რომლებიც შიმშილობენ და განიცდიან ცილების დეფიციტს.”(სტილი დაცულია)

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ლევან ფერაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ორმოცი ათას ერთზე, ანუ ნაკლებია „სიღატაკის ზღვრულ ქულაზე“, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერაა დადგენილი. სარეიტინგო ქულის დასაანგარიშებლად სოციალური აგენტი მიდის განაცხადში მითითებულ მისამართზე და სწავლობს დახმარების მაძიებელი ოჯახის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ნანა ცინდელიანმა ამ მიზნით ექვსი თვის განმავლობაში 400-მდე ოჯახი მოიარა, თუმცა ყველაზე მძიმე მოგონება ერთი თბილისელი ქალბატონის ყოფამ დაუტოვა:

[ნანა ცინდელიანის ხმა] „ერთ პატარა მიწის ნაკვეთზე დადგმული ფარდული, რომელშიც ედგა ერთადერთი რკინის საწოლი და კედელზე ეკიდა სარკის ნატეხი.
მეტი არაფერი არ ებადა: არც შუქი, არც გაზი, არც წყალი... მეზობელი თუ აჭმევდა საჭმელს, შეჭამდა. თანაც შრომისუუნაროა, ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი. არც სამკურნალო ფული აქვს, ექიმთან რომ მივიდეს. ასეთი ძალიან ბევრი ოჯახი გვხვდება, სამწუხაროდ.“

სააგენტოს მონაცემებით, 1 ივნისიდან სოციალურ დახმარებას 45 ათასამდე ოჯახი მიიღებს, დახმარების მოცულობად კი ერთსულიანი ოჯახისთვის გათვალისწინებულია თვეში 38 ლარი, ორსულიანისთვის - 55 ლარი. შვიდსულიანი ოჯახი მიიღებს 115 ლარს, ხოლო რვა და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში - მერვე, და ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე დაემატება ათ-ათი ლარი. თუმცა, როგორც შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, პროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანების სხვა სახის დახმარებასაც ითვალისწინებს:

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა] „განხორციელდება ელექტროენერგიის ტარიფის მატების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ 100 კილოვატის ფასის მატების სუბსიდიაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანები მიიღებენ 1,5 ლარს, ხოლო რეგიონებში, იმის გამო, რომ მეტად იმატებს ფასი, სუბსიდიის მოცულობა 5 ლარი იქნება.“

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ფულადი შემწეობისაგან განსხვავებით, სუბსიდიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 ათასამე ოჯახი მიიღებს. სოციალური დახმარების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 53 მილიონი ლარია, მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე დახმარების მაძიებელთა რიცხვი ოთხასი ათასი ოჯახით გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG