Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთისგან სასურველ დისტანციაზე დაშორებას


10 მაისს თავის ყოველწლიურ გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შეეხება დსთ-ს მომავლის საკითხსაც. ვლადიმირ პუტინი, ალბათ, დააზუსტებს,

რით დაემუქრება რუსეთი დსთ-დან გასვლის მოსურნე ქვეყნებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველო და უკრაინა დსთ-დან გამოსვლის შესახებ კონსულტაციებს მართავენ. რუსეთთან ისედაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დსთ-დან გამოსვლაზე საუბრის დაწყება რუსეთის პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად დესტრუქციულს გახდის. ეს დესტრუქცია შეეხება რუსეთის პოლიტიკას საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმართაც. შეძლებს თუ არა საქართველო გაუმკლავდეს მოსალოდნელ პრობლემებს და არის თუ არა მზად დასავლეთი დაეხმაროს მას კონფლიქტების მოგვარებაში?

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასულ წელს გადადგა ნაბიჯი თანამეგობრობისგან გამიჯვნისკენ, როცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ დადგენილება მიიღო. ამას მოჰყვა მიმდინარე წლის თებერვლის დადგენილება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ. ზაფხულში მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ანგარიში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ყველა პროგნოზით, სამშვიდობო ოპერაციები იქაც უარყოფითად შეფასდება. 15 თებერვლის დადგენილებით, მთავრობას დაევალა რუსეთის სამშვიდობო ძალების ეფექტიანი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით ჩანაცვლებაზე ზრუნვა. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზრუნვა. ცხადია ის, რომ ოქტომბრის დადგენილების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა შესამჩნევად გამწვავდა. იმის რეალური პერსპექტივა კი, რომ რუს მშვიდობისდამცველებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ან დსთ-ს სამშვიდობო კონტინგენტს აფხაზეთის რეგიონში ვინმე ჩაანაცვლებს, ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე იხსენებს, რომ დსთ-ს სამშვიდობო ჯარების ჩანაცვლების საკითხი წლების წინაც დაისვა, თუმცა ვერ ხედავს ამ საკითხის გადაჭრისთვის გაეროს მზადყოფნას:

[გეგეშიძის ხმა]
“ეს უნდა დაისვას გაეროში. შესაძლოა, პრინციპში, ეს საკითხი დაისვას ეუთოშიც. თუ გაერომ უარი თქვა და დათანხმდა იმას, რომ მან ვერაფერი ვერ გააწყო აფხაზეთში ამ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და დაუშვებს იმას, რომ იგი გავიდეს თამაშიდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას დაუთმოს ასპარეზი, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება იყოს ეუთო, რომელსაც, თავისი წესდებიდან გამომდინარე, შეუძლია სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება ამ რეგიონში. რაც შეეხება ევროკავშირს, ის ჯერ სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებლად საკუთარი ეგიდით მზად არ არის. იგი მხოლოდ, გაეროს ეგიდით თუ მიმდინარეობს სამშვიდობო ოპერაცია, მაშინ საკუთარ კონტინგენტებს აგზავნის. ამიტომ ეგიდა უნდა იყოს ან გაეროსი, ან ეუთოსი.”(სტილი დაცულია)

ზოგიერთს მიაჩნია, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. გასულ კვირაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნატო არ ჩაერევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში და არ გამორიცხავს სცენარს, რომ საქართველო თავისი კონფლიქტებიანად შეუერთდეს ნატოს. კერძოდ, პიერ ლელუშმა განაცხადა:

[ლელუშის ხმა]
“ამ საკითხისადმი ორგვარი მიდგომა არსებობს: ერთნი ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მოუგვარებელი კონფლიქტებით ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში დიდ პრობლემას ჩაუყრის საფუძველს. მეორე ჯგუფს (და მეც ამ ჯგუფს მივაკუთვნებ თავს) კი მიაჩნია, რომ საქართველოს დაახლოება ევროატლანტიკურ ოჯახთან ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას. ამასთან, მე არ ვამბობ, რომ ამ ორი ანკლავის საკითხი უნდა იქცეს ხელისშემშლელ ფაქტორად საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროგრამას.”

როდესაც ასეთია ნატოს პოზიცია, როცა რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებული ევროპა, ევროკავშირის სახით, უკიდურესად ფრთხილ პოლიტიკას ახორციელებს რუსეთის მიმართ და მაქსიმალურად ცდილობს არ ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ პროცესში, საქართველო უსუსურ მდგომარეობაში რჩება რუსეთის წინაშე. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ დასავლეთს ამ ვითარების გააზრება აუცილებლად მოუწევს:

[გეგეშიძის ხმა]
“საქართველოს არ გააჩნია დღეს საკმარისი პოლიტიკური და სხვა რესურსი იმისათვის, რათა მოაგვაროს კონფლიქტები თავად. მხედველობაში მაქვს მშვიდობიანი მოგვარება. ამდენად, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში. ამის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი განვითარების არჩეული კურსის გაგრძელებას, იმ კურსისა, რომელიც ყველამ მოიწონა ცნობილი “ვარდების რევოლუციის” მოვლენების შემდგომ. თუ მსოფლიო თანამეგობრობას სურს იხილოს საქართველო დემოკრატიული, სტაბილური, აყვავებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, აუცილებლად უნდა გაიცნობიეროს, რომ საქართველოს ამ გზაზე წინ უდგას ძალიან სერიოზული ბარიერი, მოუგვარებელი კონფლიქტების სახით. ამდენად, თუ ვინმე ზრუნავს საქართველოს განვითარების კურსზე, უნდა იზრუნოს ამ კონფლიქტების მოგვარებაზეც."
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG