Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტო როსელინი – 100


8 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კინოს მოყვარულები

დიდი იტალიელი რეჟისორის, რობერტო როსელინის, ასი წლის იუბილეს აღნიშნავენ. ლეგენდარულ ხელოვანს იხსენებენ სამშობლოში, სადაც როსელინიმ კინოხელოვნების ყველაზე პოპულარულ მიმართულებას, “ნეორეალიზმს”, ჩაუყარა საფუძველი; იხსენებენ ევროპის, აზიის, ამერიკის (მათ შორის, ლათინური ამერიკის) ქვეყნებში, სადაც უამრავი რეჟისორი თავის თავს როსელინის მოწაფედ მიიჩნევს; იხსენებენ საქართველოშიც, რადგანაც 50-იან წლებში სწორედ როსელინის ფილმების ნახვის შემდეგ შეიტყვეს ქართველმა რეჟისორებმა, რომ კინოს არა მარტო სინამდვილის ასახვა, არამედ ადამიანის გარდაქმნაც შეუძლია, სწორედ იტალიელი ნეორეალისტების გავლენით დაიწყო ქართული კინოს განვითარების ახალი ეტაპი 50-იანი წლების ბოლოს. ჩვენს დღევანდელ ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” რობერტო როსელინის შემოქმედებას გავიხსენებთ.

რამდენიმე წლის წინ, როცა “ოქროს საუკუნისთვის” იტალიურ ნეორეალიზმზე ვამზადებდი მასალას, ელდარ შენგელაიას რობერტო როსელინის ფილმზე “პაიზა” და ვიტორიო დე სიკას “ველოსიპედების გამტაცებლებზე” ვკითხე. ჩვენს კინომცოდნეობაში გავრცელებულია აზრი, რომ როსელინიმ და დე სიკამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ეგრეთ წოდებული “ახალი ქართული კინოს” ჩამოყალიბებაზე, გავლენა მოახდინეს იმ რეჟისორებზე, რომლებმაც 50-იანი წლების ქართულ კულტურას ცოცხალი სახეები და სინამდვილის შეგრძნება დაუბრუნეს. მაგრამ ელდარ შენგელაიამ მაშინ არ ისურვა ნეორეალიზმის მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკური გავლენის შესახებ საუბარი. ქართველი რეჟისორის თქმით, მართალია, საბჭოთა კავშირში ნეორეალისტებს “დასავლეთის პროგრესულ რეჟისორებად” მიიჩნევდნენ, საბჭოთა კომუნისტებს არასდროს უღიარებიათ, რომ იმავე რობერტო როსელინის ფილმებში სწორედ ქრისტიანული მორალის აღორძინების ნიშნებია წამყვანი:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “რელიგიური სურათია. გავიხსენოთ, რომ ქრისტეს არასდროს არ ჰქონია ურთიერთობა მდიდრებთან, ქრისტეს ჰქონდა ურთიერთობა ღატაკებთან, ავადმყოფებთან, მშრომელებთან, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც რაღაცას აკეთებენ... შენ უნდა იკმარო ის, რაც საკმარისია შენთვის – ესაა ინტელიგენტური მიდგომა, რაც საკმარისია შენი საქმისათვის. ამაზე მეტი ადამიანს არ სჭირდება.”

საბჭოთა კომუნისტები ვახსენეთ და არა, უბრალოდ, “კომუნისტები”... საქმე ისაა, რომ ნეორეალისტების უმრავლესობა თავად იყო იტალიის კომპარტიის წევრი და ბევრი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე იზიარებდა კარლ მარქსის იდეებს.

მაგრამ რობერტო როსელინი კომუნისტი არასდროს ყოფილა. სწორედაც პირიქით: მას ყველანაირად მფარველობდა კათოლიკური ეკლესია და თავადაც არასდროს მოუხსენებია აუგად “წმინდა საყდარი”... უფრო მეტიც, როსელინის ფილმები, მისი მეუღლის, ინგრიდ ბერგმანის, მონაწილეობით, ქრისტიანული კათარზისის კინემატოგრაფიული “ვარიაციაა”. ფილმებში “სტრომბოლი”, “ევროპა 51”, “შიში”, “მოგზაურობა იტალიაში” კინოკამერა, მართლაც რომ, ღმერთივით დაჰყვება როსელინის ცოდვილ პერსონაჟს, უთვალთვალებს მას, სჯის, გადარჩენის შანსს აძლევს და, ბოლოს, აიძულებს, რომ მოინანიოს. ფილმში “მოგზაურობა იტალიაში” ამერიკელი ცოლ-ქმრის იტალიური შვებულება ორმხრივი გადაწყვეტილებით მთავრდება: როცა ქალსა და კაცს, ოჯახური ვალდებულების გარდა, ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებს, როცა გრძნობა გამქრალია, განქორწინება გარდაუვალია. მაგრამ როსელინისთვის არაფერი ხდება “ზევიდან” ჩარევის გარეშე – კრიზისულ სიტუაციაში მის პერსონაჟებს კინორეჟისორი-დემიურგი ეხმარება. ურთიერთობის გარკვევისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცოლ-ქმარი უნებურად კათოლიკური დღესასწაულის მონაწილე აღმოჩნდება: ხალხს ხელში ხატები, წმინდანთა ქანდაკებები უჭირავს და გალობს, ლოცულობს... ამ რიტუალის ზემოქმედების ძალა იმდენად ძლიერია, რომ ორივე, ქალიც და კაციც, ხვდება, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, რომ მათ ისევ უყვართ ერთმანეთი.

[“მოგზაურობა იტალიაში”. ხმა]

ეს ეპიზოდი ფილმში “მოგზაურობა იტალიაში” დაახლოებით ისევე ძლიერ ზემოქმედებს მაყურებელზე, როგორც ანა მანიანის სახელგანთქმული გარბენისა და დახვრეტის სცენა როსელინის ყველაზე ცნობილ ფილმში “რომი - ღია ქალაქი”. გაგახსენებთ, რომ ომის დასრულებისთანავე გადაღებული სწორედ ეს სურათია მიჩნეული იტალიური ნეორეალიზმის თავისებურ ეტალონად... სწორედ ამ ფილმში გააერთიანა როსელინიმ ხალხი ფაშიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ – გააერთიანა იტალიელი კომუნისტები და სამღვდელოება.

[“რომი - ღია ქალაქი”]

70-იანი წლების დასაწყისში რობერტო როსელინიმ ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ აპირებს მარქსზე ფილმის გადაღებას. ერთ-ერთ ინტერვიუში როსელინი იგონებს მარქსის საუბარს კომუნისტ ვეიტლინგთან... ტექსტს, რომელიც არასდროს თარგმნილა რუსულად და, შესაბამისად, თითქმის არ იყო ცნობილი საბჭოთა კავშირში. სხვათა შორის, ეს ინტერვიუ, “რობერტო როსელინი მარქსის, ფროიდისა და ქრისტიანობის შესახებ” ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს დაიბეჭდა ქართულ ჟურნალ “ხელოვნებაში”.

[როსელინის ტექსტი] “სიტყვაში “რევოლუცია” მარქსი ცვლილებას გულისხმობდა და არა ძალადობას. მაგრამ რუსებმა დაამახინჯეს მისი მოძღვრება. მარქსი თავად ამბობდა: “აი, შენს გვერდით ზის რუსი. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი სწორედ ის ადგილია, სადაც აბსურდულ მოციქულებს აუცილებლად გაუჩნდებათ აბსურდული მოწაფეები.”

აბსურდული მოციქულები და მათი აბსურდული მოწაფეები... როსელინის აზრით, ეს ხალხი ყველანაირად ცდილობს შეაჩეროს ისტორიის წინსვლა, პროგრესი, დაიმორჩილოს საზოგადოება... როსელინი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია ყველა, ვინც ამხელს კერპთაყვანისმცემლობასა და წარმართობას, როგორი ფორმითაც არ უნდა აკეთებდეს ამას.

[როსელინის ტექსტი] “მარქსი მკაცრად აკრიტიკებდა ყველა რელიგიურ სტრუქტურას, რომელიც ხელისუფლების სამსახურში იყო, მაგრამ არ იყო ათეისტი... ათეიზმს იგი განიხილავდა როგორც ცრურწმენას. მარქსი კი ცრურწმენის, ყოველგვარი დოგმების წინააღმდეგი იყო. იგი ამბობდა, რომ ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევასა და ცოდნას დოგმების გარეშე. კონტექსტიდან ამოგლეჯილი საყოველთაოდ ცნობილი ციტატა “რელიგია ხალხის ოპიუმია” ძლიერ განსხვავდება სრული ციტატისგან, რომელშიც ნათქვამია: “რელიგია ჩაგრული სულისთვის ამოსუნთქვაა, უგულო ქვეყნის გულია, იგი ოპიუმია ადამიანებისთვის”. განა ამ სიტყვებს სულ სხვა მნიშვნელობა არა აქვს?”

მარქსის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია რობერტო როსელინიმ, რომელიც 1977 წელს გარდაიცვალა, ვერ მოასწრო. შესაძლებელია, ესეც “განგების” სურვილით მოხდა. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც ნეორეალიზმი მოკვდა, ინგრიდ ბერგმანს გაშორდა და ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, გადაიღო დოკუმენტური ფილმები ბლეზ პასკალზე, დეკარტზე, მიქელანჯელოზე... დაასრულა სახარების ეკრანიზაცია (ამ ფილმს “მესია” დაარქვა) და უკანასკნელი კინემატოგრაფისტი იყო, ვინც სალვადორ ალიენდესთან ინტერვიუ გადაიღო... განსხვავებული ადამიანებითა და თემებით თავისი გატაცება კი ასე ახსნა:


[როსელინის ტექსტი] “კაცობრიობის სიმდიდრეს ყველა ადამიანის ინტელექტთა ჯამი შეადგენს. ყოველი ადამიანის ტვინი უნიკალურია. ერთს პრაქტიკოსის ბუნება აქვს, მეორეს შემოქმედისა, ზოგს მდიდარი წარმოსახვა დაამადლა განგებამ, ზოგს შთაგონება, ზოგს ირონია და ზოგს დრამატიზმი – ყველაფერი ეს ადამიანის ინტელექტის წახნაგებია.”

სიცოცხლის ბოლოს როსელინი ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც კინემატოგრაფი ადამიანებით მანიპულაციის საშუალება გახდა, მას სრულიად გაუქრა ეგრეთ წოდებულ “დიდ კინოში” მუშაობის სურვილი – ამიტომაც გაიტაცა განმანათლებლური ხასიათის სატელევიზიო დოკუმენტურმა კინომ, რომელსაც თავად როსელინი “პედაგოგიურ ხელოვნებას” უწოდებდა. დიდი კინემატოგრაფისტი სიცოცხლის ბოლომდე თანმიმდევრული დარჩა – კვლავ ქადაგებდა! შემთხვევით არ უწოდეს მას “კინოხელოვნების მესია”.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG