Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ იწუნებს გენერალ ჰეიდენს - აშშ-ის სადაზვერვო უწყების დირექტორობის კანდიდატს


აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს (CIA)დირექტორის პოსტიდან გასულ კვირაში პორტერ გოსის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა ახალი კანდიდატი წარადგინა:

სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი მაიკლ ჰეიდენი. მაგრამ ამ პოსტზე ის ჯერ აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მაიკლ ჰეიდენის კანდიდატურის წარდგენისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ილაპარაკა მის საუცხოო კვალიფიკაციაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტისთვის: [ბუშის ხმა] “მაიკი ჩვენს სადაზვერვო უწყებებს საფუძვლიანად იცნობს. ის სადაზვერვო ინფორმაციის მომწოდებელიც ყოფილა და მომხმარებელიც. ის ხელმძღვანელობდა დაზვერვის განვითარებას როგორც ადამიანებთან მუშაობის ისე ტექნოლოგიის სფეროში”.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თერთ სახლში ამ სიტყვების წარმოთქმისას ახლდა თვით ჰეიდენიც, რომელმაც - გარდა იმისა, რომ მადლობა მოახსენა პრეზიდენტს - დასძინა, რომ ახალ საქმეს მისი მნიშვნელობის შესაფერისი სერიოზულობით შეასრულებს. შემდეგ ჰეიდენი კონგრესში მისი კანდიდატურის დამტკიცების პროცესსაც შეეხო: [გენერალ ჰეიდენის ხმა] “მიხარია, რომ დამტკიცების პროცესის დროს შევხვდები კონგრესის წევრებს, უკეთ გავეცნობი საკითხებს, რომლებიც მათს შეშფოთებას იწვევს და ვითანამშრომლებ მათთან ამერიკის უშიშროების სამსახურის გასაუმჯობესებლად. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, ყველაფერი სწორად გაკეთდეს“.

მაგრამ კონგრესში ჰეიდენის გამოკითხვა, რაც სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად დამტკიცების პროცესის შემადგენელი ნაწილია, როგორც ვარაუდობენ, კანდიდატისადმი კეთილგანწყობით გამორჩეული არ იქნება - ჯორჯ ბუშის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს შორისაც კი. მაგალითად, რესპუბლიკელი პიტერ ჰექსტრა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, ჰეიდენს იწუნებს მისი სამხედრო ბიოგრაფიის გამო. [პიტერ ჰექსტრას ხმა] “მაიკ ჰეიდენს დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი ყველა თანამდებობას, რომელზეც კი უმუშავია. მაგრამ მის კანდიდატურას მაინც არ ვეხმრობი (...) დღევანდელ ვითარებაში სამხედრო პირი არ უნდა უძღვებოდეს სამოქალაქო უწყებას”. ეს იმიტომ, დასძენს რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომ შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს დაზვერვის უწყებას პენტაგონი აკონტროლებდეს.

ჰეიდენის კანდიდატურას ამავე მიზეზით - სამხედრო ბიოგრაფიის გამო იწუნებს არაერთი დემოკრატი კონგრესმენიც, მათ შორის ნენსი პელოზი. [ნენსი პელოზის ხმა] “თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის უწყებებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს - ამდენად, არ ვიცი, როგორ გაუძღვება ოთხვარსკვლავიანი გენერალი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს”.

თუმცა, გენერალ ჰეიდენის კანდიდატურას გავლენიანი მომხრეებიც ჰყავს - მათს შორის რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, რომელმაც ტელეინტერვიუში შეაქო გენერალი. მაკკეინი ფიქრობს, რომ გენერალ ჰეიდენის შემთხვევაში მისი სადაზვერვო გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო ბიოგრაფია.

სადაზვერვო გამოცდილება ჰეიდენს მართლაც არ აკლია: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მას ჩააბარეს ეროვნული უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელობა. ლაპარაკია უმკაცრესად გასაიდუმლოებულ უწყებაზე, რომელიც ჯორჯ ბუშმა აღჭურვა უფლებამოსილებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ეწარმოებინა სადაზვერვო სამუშაოები სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშეც - ანუ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. როგორც პრეზიდენტი ბუში აღნიშნავს, ჯაშუშობის ამ, საგანგებო პროგრამის ინიციატივა სწორედ გენერალ მაიკლ ჰეიდენს ეკუთვნოდა.
XS
SM
MD
LG