Accessibility links

logo-print

რა ეკონომიკურ სარგებელს იღებს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან


საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მინისტრთა კაბინეტი იმ ზარალის დათვლას ცდილობს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის

დატოვებამ მიაყენოს. ოფიციალური თბილისი დღემდე იყენებს დსთ-ს ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და სხვა ეკონომიკური თუ სოციალური ხასიათის შეთანხმებებს. რა სარგებელს იღებს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრობით?

საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტიმ” ამ დღეებში გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა ანონიმურ წყაროს რუსეთის ფედერაციის მთავრობაში. ამ ანონიმური ჩინოვნიკის ცნობით, დსთ-ს შესაძლო დატოვების თაობაზე საქართველოსა და უკრაინის განცხადებების გამო, რუსეთის მთავრობაში დაიწყო მუშაობა იმ პრეფერენციების გაუქმების საკითხზე, რომლებითაც საქართველო და უკრაინა სარგებლობენ. თუ რა სარგებელს იღებს საქართველო დსთ-ს პრეფერენციების სისტემიდან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდანაც ჩანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ბევრი სარგებელი ვნახეთ ამ თანამეგობრობაში ყოფნით. ჩვენ მოვახერხეთ კავშირების შენარჩუნება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ჩვენ მოვახერხეთ სავაჭრო ქსელების აწყობა, ჩვენ მოვახერხეთ მოქალაქეთა აქეთ-იქით სიარული და ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნება და ეს ძალიან დასაფასებელია.”

ეს არის ძირითადი, თუმცა არასრული ჩამონათვალი იმ ეკონომიკურ-სოციალური სარგებლისა, რომელსაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრობით იღებს. თანამეგობრობის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ ნულოვანი საბაჟო ტარიფის პირობებში, არსებობს დამატებული ღირებულების დაბრუნების მექანიზმები, მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების სისტემა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სოციალურ სფეროს, არსებობს თანამეგობრობის რამდენიმე შეთანხმება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების,
ჩერნობილის ტრაგედიისას დაზარალებულთა და კიდევ რამდენიმე კატეგორიისთვის სოციალურ დახმარებებს აწესებს. ერთ-ერთი მთავარი სოციალური სარგებელი კი დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთის გარდა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმია.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ დსთ-ში საქართველოს წევრობას სწორედაც რომ სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები განაპირობებდა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ყველაზე სერიოზული თემა არის ეკონომიკური თანამშრომლობა, იმიტომ რომ რუსეთი კი არ არის ჩვენი ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი დსთ-ს სივრცეში, უზარმაზარი ვაჭრობა გვაქვს ჩვენ ახლა ყაზახეთთან. ჯერ ერთი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის სატრანზიტო მოცულობები საკანონმდებლო მოწესრიგებას მოითხოვს ასევე. ბევრი რამ ტრანზიტის გადაადგილებაში, ისევე როგორც ექსპორტ-იმპორტში, რეგულირდებოდა დსთ-ს შიგნით შეთანხმებებით.”

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, თანამეგობრობის დატოვებამდე საჭიროა მრავალმხრივი შეთანხმებების ორმხრივ რეჟიმში გადაყვანა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ეს სამუშაო კარგა ხნის წინათ დაიწყო:

[ნათია თურნავას ხმა] ”იგივე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მრავალმხრივი შეთანხმება გამყარებულია ორმხრივი შეთანხმებით, რომელთა მოქმედება არ დაირღვევა, ჩვენ რომც გამოვიდეთ მრავალმხრივი შეთანხმებიდან. ის, რომ არსებობს მრავალმხრივი შეთანხმებები, სულაც არ ნიშნავს, რომ ფორმალური მიდგომა არ იქნება მათ მიმართ და იქნება შესრულებული.”

ამის მაგალითად ქართული ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვა გამოდგება, როდესაც რუსეთმა არაფრად ჩააგდო დსთ-ს ხარისხისა და სტანდარტიზაციის შეთანხმება.
XS
SM
MD
LG