Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანები წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე


ფაშიზმზე გამარჯვების დღის - 9 მაისის - აღსანიშნავად ვეტერანები, ტრადიციულად, ვაკის პარკში შეიკრიბნენ - საგანგებოდ გამოწყობილები და უამრავი მედლით

მკერდდამშვენებულები. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მათთვის მე-2 მსოფლიო ომის ცნობილ მელოდიებს ცოცხალი ორკესტრი უკრავდა. იცეკვეს კიდეც, თუმცა პარტნიორის პოვნა ზოგისთვის საკმაოდ ძნელი აღმჩნდა. ომის ვეტერანები 9 მაისს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მსჯელობდნენ და საკმაოდ დიდხანს კამათობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის დანაპირების გარშემო, რომელიც მათ სხვადასხვაგვარად გაიგეს.

(ისმის მუსიკა)

(შოთა მახარაძის ხმა) ”ბრძოლის წლებიდან გავიხსენებ გაჭირვებას, როდესაც რომ, აკოპში ვიყავით ჩვენ, კონკრეტულად - ”პოდ მოსკვოი”. მაშინ ჩვენი ბელადი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი აცხადებდა - გამარჯვება ჩვენი იქნებაო და ჩვენ გვეცინოდა, რომ - ეს როგორ შეიძლება, გვბომბავდნენ, ამბავი და ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ თავისი სიტყვა შეასრულა. იყო კიდევ თქმულება, რომ ”ზა როდინუ, ზა სტალინა” და გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და დაემხო ის ფაშისტური ქვეყანა.” (სტილი დაცულია)

90 წლის შოთა მახარაძეს, რომელსაც საბრძოლო სიმამაცისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, ყველაზე ცუდად სევასტოპოლისა და ქერჩის ბრძოლები ახსოვს. წარსულში სტალინს ემადლიერება, აწმყოში - მიხეილ სააკაშვილს და,როგორც ამბობს, მომავალშიც მისი იმედი აქვს. თუმცა აწმყო, ხშირ შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდ კმაყოფილებას ვერ იწვევს. 84 წლის ვეტერანი გივი შველიძე სოციალურ ფონზე საუბრობს:

(გივი შველიძის ხმა) ”დღევანდელი დღე არის ჩემთვის, რასაც არ მოველოდი, როცა ვიბრძოდი. ახლა ყველა აძაგებს წარსულს, მაგრამ, მე მგონია, წარსული აწმყოზე, უკეთესი თუ არა, უარესი არ იყო. მართალია, დიდი წარმატებები გვაქვს, - შადრევნები, ქუჩები, მოედნები, - მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა, 95 პროცენტი, არის მშიერი და დაძვრება ნაგავში.” (სტილი დაცულია)

უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლის განახლება და შადრევნების ამოქმედება პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სიტყვაში ახსენა. ამ მიღწევებს - ვერა, მაგრამ ვეტერანების ტაში მიხეილ სააკაშვილის დაპირებას ნამდვილად მოჰყვა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ჩვენ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება - დამატებით ამ თვეში, ყველა მონაწილეს და ინვალიდს დამატებით გადავუხადოთ კიდევ ერთი თვის მინიმალური პენსია, არსებულ პენსიასთან ერთად, როცა აიღებთ მაისის მეორე ნახევარში... (ისმის ტაში)... ჩვენ თქვენ უნდა დაგიკრათ ტაში და არა - პირიქით.” (სტილი დაცულია)

ტაშის მიუხედავად, ვეტერანებმა მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სხვადასხვაგვარად გაიგეს და მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვაკის პარკი დატოვა, ხმამაღალი მუსიკის ფონზე, ისინი დიდხანს კამათობდნენ, რას მიიღებენ დანამატის სახით - მინიმალური პენსიის ოდენობას თუ სრულს:

(ვეტერანების კამათი) ”მინიმალური პენსია და არა - პენსია, რაც გაქვს. მე 129-ს კი არ მომცემენ, დამიმატებენ 33 ლარს... მან თქვა - ერთი თვის მინიმალური პენსია და ერთი თვის მინიმალური პენსია არის 33 ლარი./ მოგვიმატებენ 1 თვის პენსიას... / რამდენს, ესე იგი, 70 ლარს?! არა, გენაცვალე, იმან თქვა - მინიმალური პენსიაო... / არა. ეს მოქალაქის პენსიაა 33 ლარი.../ მერე თქვა იმან - თქვენი მინიმალური პენსიაო?! / ამან ესე თქვა, რომ ომის მონაწილეებს მოემატებათო.../ ასეა?”. (სტილი დაცულია)

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მაისი ვეტერანებს ქართულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე მიულოცა და, როგორც ჩანს, უკრაინელი ვეტერანი ქალის გულიც მოიგო. ოდესის, სევასტოპოლისა და ყირიმის ბრძოლების დროს ელენა იონკა რადისტად მუშაობდა:

(ელენა იონკას ხმა) ”მადლობა მიშას, პენსიაც მოგვიმატა. ღმერთმა ქნას, რომ კიდევ მოგვიმატოს. მე 90 წლის ვარ, 1916 წელს დავიბადე. ახლა ცეკვა მინდა, მაგრამ ვერავინ ვიპოვე, რომ ავიყოლიო. კაცებს არ გამოვიწვევ, მე ხომ ქალი ვარ... წავალ, იქნებ ვინმე ვიპოვო. დამიჭირეთ, რა, ჩანთა...”

9 მაისს ვაკის პარკში ვეტერანი მამაკაცები აშკარად პასიურობდნენ. კარგა ხნის ძიების შემდეგ 90 წლის ელენა იონკა იძულებული გახდა დაახლოებით თავის თანატოლ ქალთან ერთად ეცეკვა. მას სხვა ვეტერანმა ქალებმაც მიბაძეს და ამასობაში, ასე 11 საათისთვის, ღონისძიებაც დასრულდა. ოდნავ მოგვიანებით, რესტორან ”სარაჯიშვილში” მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს, ტრადიციულად, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა უმასპინძლა.
XS
SM
MD
LG