Accessibility links

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვე რჩება


ზუსტად ერთი თვე დარჩა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე.

ერთ თვეში მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები, დაახლოებით ერთ მილიარდამდე ადამიანი უყურებს ფინალური ტურნირის გახსნას, რომელსაც მიუნხენი უმასპინძლებს. რა განწყობით ეგებებიან მოახლოებულ სპორტულ დღესასწაულს?

9 ივნისს მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე მასპინძელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები კოსტა რიკას ხვდება.

გულშემატკივართა არმია უკვე საათებს ითვლის ამ მატჩის დაწყებამდე. აი, რა უთხრა ამ მოლოდინის შესახებ ჩვენს რადიოს გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა:

[მათეუსის ხმა] "ხალხი სიხარულით მოელის ფეხბურთს, მსოფლიო ჩემპიონატს. ამავე დროს მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნებს აერთიანებს. ეს დიდი ზეიმია არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის."

მაგრამ ჩემპიონატის მოახლოება არა მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ჩემპინატთან, არის პროსტიტუცია. ეს უძველესი პროფესია გერმანიაში კანონით არ იკრძალება. მაგრამ პოლიტიკოსებს აშფოთებთ ის, რომ გერმანიის სექსინდუსტრიამ შესაძლოა ათასობით ტრაფიკინგის მსხვერპლს უბიძგოს მეძავეობისკენ საფეხბურთო ტურნირის პერიოდში.

გერმანიის მთავრობა უარყოფს ტრაფიკინგის პრობლემის უგულებელყოფას ანდა გავრცელებულ ცნობებს, რომ აფინანსებს ახალი საროსკიპოების მშენებლობას.

გასულ კვირაში შეერთებული შტატების კონგრესმენმა ქრისტოფერ სმითმა მოუწოდა გერმანიას, აკრძალოს პროსტიტუცია. ამასთან, იგი გამოვიდა წინადადებით, გერმანია ადამიანთა ტრაფიკინგის სფეროში დამრღვევად იქნეს კლასიფიცირებული, თუკი ფინალურ ტურნირამდე უფრო მკაცრი ზომები არ იქნება მიღებული:

[სმითის ხმა] "როგორც ვარაუდობენ, გერმანიის 400 ათასი მეძავის დაახლოებით 75 პროცენტს უცხოელები შეადგენენ. მათგან ბევრი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან არის. ეს მრავალ შეკითხვას ბადებს იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდნენ ისინი იქ."

საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ პრობლემათაგან უნდა ვახსენოთ ირანიც.

მას მერე რაც ორი კვირის წინ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მისცა, ორშაბათს ეს გადაწყვეტილება კვლავ გაუქმდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განკარგულებით.

მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცეცხლს შეუნთებს ირანელ დისიდენტებს, რომლებიც უკვე იმუქრებიან, რომ გერმანიაში ირანის გუნდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.

ფეხბურთთან დაკავშირებით ამ დღეებში არაერთი ცნობა ვრცელდება, მაგრამ მათგან ბევრია ცუდი ამბავი.

ინგლისში ყველაზე დიდი თავსატკივარია უეინ რუნის გარშემო გაურკვევლობა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა გასულ კვირაში ფეხი მოიტეხა და არავინ იცის, მოასწრებს თუ არა ფინალურ ტურნირამდე გამოჯანმრთელებას.

მსგავსი პრობლემები აწუხებს ზოგიერთი სხვა ქვეყნის ნაკრებსაც. იტალიის ნაკრების ვარსკვლავმა ფრანჩესკო ტოტიმ რამდენიმე კვირის წინ კოჭი მოიტეხა "რომას" შემადგენლობაში გამოსვლისას. მაგრამ მან უკვე დაიწყო თამაში და იმედოვნებენ, რომ მას გერმანიაში ნაკრებში ვიხილავთ. საკითხავი ისაა, სათანადო ფორმაში იქნება თუ არა.

დაბოლოს უკრაინის ნაკრების პრობლემებზეც შევჩერდეთ. მათ ერთპიროვნულ ვარსკვლავს, ერთ დროს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ანდრეი შევჩენკოს, რომელიც "მილანის" შემადგენლობაში გამოდის, მუხლი დაუშავდა. როგორც ვარაუდობენ, იგი შეიძლება მწყობრში ვერ ჩადგეს უკანასკნელ მომენტამდე, 14 ივნისამდე, როცა უკრაინა ესპანეთს შეხვდება.

XS
SM
MD
LG