Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი ქართული გაზეთები ეხმაურებიან წუხელ გავრცელებულ ცნობას დუბაიში ე.წ. კანონიერი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი ქართული გაზეთები ეხმაურებიან წუხელ გავრცელებულ ცნობას დუბაიში ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის დაკავების შესახებ.

დღევანდელი გაზეთი ”ახალი ვერსია” მკითხველს შეახსენებს, რომ კალაშოვის გვარმა სულ ცოტა ხნის წინ კანონიერი ქურდებისთვის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით გაიჟღერა. შაქრო კალაშოვის წყნეთის სასახლეში ოცდათექვსმეტ მარტო საძინებელ ოთახს ითვლიან. სახლი დაახლოებით 30 მილიონადაა შეფასებული. მართალია, თავად კალაშოვი ამ სახლში მეზობლებს არასდროს უნახავთ, მაგრამ მდიდარი მეზობლის არ შურთ - ღმერთმა აბედნიეროსო, - წერს გაზეთი და შენიშნავს, რომ, ალბათ, კალაშოვის ქონებას აღწერენ კუკიის სასაფლაოზეც, რომელიც კანონიერ ქურდს საგვარეულო სასაფლაოდ აქვს შეძენილი. ჯერჯერობით იქ მხოლოდ მისი მშობლები და ახლო ნათესავები განისვენებენ, თუმცა ცოცხლებისთვის საფლავის ქვები უკვე მზადაა. ის კი არა, გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვის დედ-მამის საფლავს დაცვა სდარაჯობს.

” ეს ომი ქურდებმა არ უნდა მოიგონ” - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”24 საათი” შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის სტატიას. “თუ ჩვენ შევძელით და ქურდული სამყარო საბოლოოდ წელში გავტეხეთ, თუ ყველა დამნაშავე მიხვდა, რომ პოლიციელს ცეცხლის გახსნით ვერ შეაშინებ, ვერც მოქრთამავ და ვერც გავლენიანი ნაცნობების საშუალებით დააღწევ თავს, მაშინ ვიტყვით, რომ კრიმინალთან ბრძოლაში გამარჯვებას მივაღწევთ, პოლიციისა და დამნაშავეების ბრძოლა მხოლოდ დამნაშავეთა სამყაროს უკან დახევით შეიძლება დასრულდეს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა დგას.” - ეს ციტატა გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის სტატიიდან, რომელსაც დღევანდელი გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს.



გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, მთავრობა ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილების გაზრდას გეგმავს. კერძოდ, გამორიცხული არ არის, შესყიდვების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გადავიდეს. თუ რატომ იწუნებენ პარლამენტარები ამ ცვლილებას და რატომ ჯიუტობს მთავრობა, ამას დღევანდელი “რეზონანსის” წაკითხვის შემდეგ შეიტყობთ. ასევე “რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან, რომლის განცხადებითაც, რუსეთის ემბარგო მხოლოდ ჩვენი მინისტრებისთვის იქცა სიურპრიზად. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა სოციალური ჰარმონიის პირობებში გაჭირვებას გაუძლებს, მაგრამ დღეს, როცა მკვეთრად გაიზარდა კომუნალური გადასახადები და ფანტასტიკურად ძვირდება ბაზარი, ხელისუფლებამ 600 ათასი ლარი ორწლიანი მანქანების შესაცვლელად არ უნდა გადაიხადოს - სოსო ცინცაძის აზრით, ეს უკვე ცინიზმამდე მისული ფუფუნებაა. “ქვეყანაში, სადაც ღვაწლმოსილი მეცნიერი, მწერალი, მხატვარი თუ მუსიკოსი სამი კილო ხორცის საფასურ პენსიაზე ცხოვრობს, 10-15 ათასიანი ხელფასები არ უნდა არსებობდეს.”

დღეს გამოვიდა ჟურნალი ”სარკე”, რომლის ცნობითაც, პარლამენტარ ნიკა გვარამაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ამზადებენ. საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ჟურნალი შენიშნავს, ერთადერთი სახელისუფლებო მწვერვალი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია - ეს საკონსტიტუციო სასამართლოა, რომლის თავმჯდომარეც კვლავ ჯონი ხეცურიანია. თუმცა ორ თვეში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვადა გასდით და იქ, ჟურნალ “სარკის” ინფორმაციით, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.


და კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომელსაც თქვენს ყურადღებას მივაპყრობ: დღევანდელი გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორმა მათ ლექტორების დაბეზღება მოსთხოვა.
XS
SM
MD
LG