Accessibility links

logo-print

გავიხსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტს საქართველოში


ზუსტად ერთი წლის წინ, 2005 წლის 10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ქართულ ენაზე მიესალმა თბილისში, ”თავისუფლების მოედანზე”,

შეკრებილ ადამიანებს. ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით აჭრელებულ, ხალხით გაჭედილ მოედანზე. თუმცა საქართველო იმ დღეს ტრაგედიას და სირცხვილს შემთხვევით გადაურჩა, 2006 წლის 9-10 მაისი საქართველოს მოქალაქეების მეხსიერებაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის, თავისუფლებისა და იმედების დღესასწაულის დღეებად დარჩა.

ძნელია სიტყვებით აღწერო ის ამაღლებული განწყობილება, ის ემოცია, რომლითაც დამუხტული იყო ”თავისუფლების მოედანი” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას.. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლიერი ადამიანები, ჯორჯ ბუშთან შესახვედრად ”თავისუფლების მოედანზე” მისული, მაშინ არავითარ საფრთხეზე არ ფიქრობდნენ და არ ფიქრობდნენ ამაზე, ალბათ, არც პრეზიდენტები. თბილისის ცენტრში მაშინ დაცვის უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული.

[ჯორჯ ბუშის ხმა[ ”მე და ლორა თქვენს მხარეში ვიყავით და გადავწყვიტეთ აქ შემოგვევლო თქვენთვის გამარჯობის სათქმელად. გამარჯობა!” -
2005 წლის 10 მაისს თბილისში, ”თავისუფლების მეოდანზე”, ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ის თბილისს ევროპაში 4 დღიანი ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ, წითელ მოედანზე რუსეთის სამხედრო დემონსტრაციის ხილვის შემდეგ, ჯორჯ ბუშს თბილისში სულ სხვანაირად დახვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასეთ დახვედრას, ალბათ, არ ელოდა. ყოველ შემთხვევაში, მისივე ემოცია ამაზე მეტყველებდა.

თბილისელებს დიდხანს ემახსოვრებათ უჩვეულოდ გალამაზებული აბანოთუბანი და იქ აცეკვებული ჯორჯ ბუში. ეს ვიზიტის პირველ დღეს, 9 მაისს, მოხდა. 10 მაისს კი იყო ოფიციალური შეხვედრები, პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის, გამოსვლა ”თავისუფლების მოედანზე”, უმნიშვნელოვანესი განცხადებები ამ გამოსვლის დროს თუ პრესკონფერენციაზე და შემთხვევის წყალობით შეუმდგარი ტერაქტი. გავიდა დრო და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ცნობას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ვლადიმერ არუთუნიანი, თბილისში პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის დროს პრეზიდენტების ტრიბუნისკენ ხელყუმბარის გადაგდების გამო, და კიდევ ერთხელ მიაგო პატივი დამნაშავის დაკავებისას დაღუპული ქართველი პოლიციელის, ზურაბ ქველიძის, ხსოვნას.


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, ვიზიტზე საუბრისას უნად გავიხსენოთ მისი გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებამ კომპლიმენტად აღიქვა, ხელისუფლების ოპონენტებმა კი - საქართველოში სამომავლო ძლიერი დემოკრატიის მხარდაჭერად:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ”თქვენ რთული ნაბიჯები გადადგით თქვენი ეკონომიკის რეფორმირებისა და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის საქმეში. თქვენ აშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც პატივს სცემენ უმცირესობათა უფლებებს, სადაც ყვავის თავისუფალი პრესა, სადაც მიესალმებიან ძლიერ ოპოზიციას და სადაც ერთობა მშვიდობის გზით მიიღწევა. ამ ახალ საქართველოში კანონის უზენაესობა იმეფებს და თავისუფლება ყოველი მოქალაქის უფლება იქნება.”

” ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მიესალმება ახალ საქართველოს, სადაც კანონის უზენაესობა იმეფებს და თავისუფლება ყოველი მოქალაქის უფლება იქნება.” - ეს იყო მთავარი გზავნილი ისტორიული ვიზიტისას. მისი შეხსენება საქართველოს ხელისუფლებისთვის დღესაც ისევეა საჭირო, როგორც შარშან იყო.
XS
SM
MD
LG