Accessibility links

logo-print

სერგეი ბაღაფშმა სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი აცხადებს, რომ ის მზად არის საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დასამყარებლად,

თუმცა აფხაზეთისთვის არ არსებობს ალტერნატიული გზა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გარდა. სერგეი ბაღაფშმა ამის შესახებ გასულ კვირაში სოხუმში მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პიერ ლელუშსაც განუცხადა. ნატოს დელეგაციასთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე სერგეი ბაღაფშმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს გააცნო. რატომ წამოსწევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის მოგვარების საკითხს დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი სწორედ ახლა და რა იყო მთავარი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტისადმი მის მიმართვაში?

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, ბაღაფშის ე.წ. სამშვიდობო ინიციატივა გულისხმობს შემდეგს:

-
საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს აფხაზეთს “ასიმილაციისაკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის, ომისა და აფხაზეთის იზოლაციაში მოქცევისთვის”;
-
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა აფხაზეთზე; უნდა შეწყდეს აფხაზეთის ბლოკადა, რომელიც დსთ-ს 1996 წლის გადაწყვეტილებას ეფუძნება;
-
თბილისსა და სოხუმს შორის ხელი უნდა მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც იქნება აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტია საჰაერო სივრცეში, ხმელეთსა და ზღვაზე;
-
საერთაშორისო საზოგადოებრიობა, კერძოდ კი, გაეროს უშიშროების საბჭო წინ უნდა აღუდგეს კონფლიქტის განახლებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის;
-
ბაღაფშსა და სააკაშვილს შორის უნდა წარიმართოს კონსულტაციები მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ;
-
თბილისმა და სოხუმმა უნდა ითანამშრომლონ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
-
აფხაზეთი უნდა ჩაერთოს რეგიონულ თანამშრომლობაში, იმავე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.

ეს ჩამონათვალი არის ერთგვარი გამეორება იმისა, რაც მიმდინარე წლის იანვარში ბაღაფშის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში ეწერა. მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე “ცივილიზებული მოლაპარაკებების” დაწყებას ითხოვდა, ოღონდ ეს მოლაპარაკებები არ უნდა შეხებოდა აფხაზეთის სტატუსს.

4 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა მოიწონეს ბაღაფშის ხედვა, თუმცა სიფრთხილით მიუდგნენ ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხს. მათ მიაჩნიათ, რომ დევნილების დაბრუნების მექანიზმს საქართველოს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს.

გასულ კვირაში, სოხუმში გამგზავრებამდე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ არ იცოდა დაზუსტებით, შეუშვებდნენ თუ არა მას გუდაუთის ბაზის დასათვალიერებლად. ლელუშმა 5 მაისს განაცხადა:

[ლელუშის ხმა]
“როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ არ იცის ცარიელია თუ არა გუდაუთის ბაზა. აქ ამაზე მსჯელობენ. ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბაზების გატანის პროცესის გამჭვირვალობას, რაც თავისთავად ურთიერთნდობის აღდგენას დაეხმარებოდა. ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ მხარეებს თავს მოვახვიოთ რაღაც. გვეგონა, რომ ჩვენს კოლეგებთან დუმიდან პოლიტიკური შეთანხმება გვქონდა იმაზე, რომ ხელს შევუწყობდით დიალოგს.”

მოგვიანებით გაირკვა, რომ, ახალქალაქის ბაზის არ იყოს, რუსეთმა არ მიიჩნია საჭიროდ ნატოს წარმომადგენელთა გუდაუთის ბაზაზე შეშვება, რის შემდეგაც ლელუშს მხოლოდ სინანულის გამოხატვაღა დარჩენოდა. მან სინანული გამოთქვა იმის გამოც, რომ აფხაზეთი ძალიან მცირე შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, როცა გამორიცხავს აფხაზეთის სტატუსის განხილვას საქართველოს შემადგენლობაში.

მივუბრუნდეთ სერგეი ბაღაფშის სამშვიდობო ინიციატივას. რატომ გადაწყვიტა მან მაინცადამაინც დღეს საკითხის აქტუალიზება? რა არის ეს, პასუხი საქართველოს პრეზიდენტის კონფლიქტების მოგვარების გეგმის პროექტზე თუ გაეროს მეგობარი ქვეყნების მოწოდებაზე კონფლიქტის მხარეების მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დამატებითი იდეების წარმოდგენის შესახებ? კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბაღაფშის გააქტიურების უკან დგას რუსეთის ინტერესი როგორმე წარმოაჩინოს, რომ სწორედ აფხაზეთია დიალოგის განახლების ინიციატორი. გათვლა კი არის იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ამ ინიციატივას, ანუ გამოავლენს არაკონსტრუქციულ მიდგომას:

[ზაქარეიშვილის ხმა]
“პირადად მე და ბევრ ჩემს კოლეგას სწორედ ამის გვეშინოდა. შეიძლება, დიდი საშიში არაფერი მომხდარა, მაგრამ... რომ ინიციატივა არ აეღოთ აფხაზებს ხელში, როგორმე ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა რაღაც ისეთი წინადადება, სერიოზული წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყოდნენ ანდა გაუჭირდებოდათ არგუმენტირებული უარის თქმა (იმიტომ დაიწერა ეს კონცეფცია და ერთი წლის წინ უკვე მზად იყო და შეიძლებოდა მისი შეთავაზება). რა თქმა უნდა, უარს იტყოდნენ, მაგრამ არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო. ახლა უცებ მათ წამოაყენეს თავიანთი ინიციატივა, ანუ აშკარად ინიციატივა აიღეს თავის ხელში. ბუნებრივია, რუსეთის მხარდაჭერით კეთდება ეს. მე მოველი, რომ ისეთი აგრესია, რასაც დღეს რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მხარდაჭერით, სამწუხაროდ, საქართველოს აბსოლუტურად წინდაუხედავი პოლიტიკის შესაბამისად, რუსეთი მშვენივრად იყენებს ამას და ხდება ზეწოლა საქართველოზე. ზაფხულში მოსალოდნელი იქნება რაღაც ესკალაციები. პირველ რიგში, ალბათ, ცხინვალში იქნება ეს მომენტი, იმიტომ რომ რუსეთი ასე უბრალოდ არ დაიწყებდა ამ ღვინის თუ ბორჯომის ომს. აშკარად ჩანს, რომ რაღაცისთვის ემზადება და ამ ფონზე უნდა მას გამოიწვიოს ქართული აგრესია.”(სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშის მოხდაც აფხაზების მოთხოვნამდე უნდა მოესწრო. ახლა კი სწორი ნაბიჯი იქნება დასთანხმდეს აფხაზებს მოლაპარაკების დაწყებაზე იმ საკითხების ირგვლივ, რომლებზეც ეს თეორიულად შესაძლებელია, არ უარყოს აფხაზთა ე.წ. “სამშვიდობო ინიციატივა”.

ბაღაფშის ინიციატივას საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ იცნობს. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აფხაზთა დელეგაცია 15 მაისს თბილისში ჩამოვა და თავად გააცნობს ბაღაფშის წინადადებებს თბილისს.
XS
SM
MD
LG