Accessibility links

logo-print

რატომ ვერ ახერხებს ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას


10 მაისს რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ქართული ღვინოებისა და ”ბორჯომის” შემდეგ ”ნაბეღლავის” რეალიზაციაც აკრძალა.

საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს რუსეთის ბაზრიდან გამოძევებულ ქართულ პროდუქციას ევროპული ბაზრის ათვისებაში დაეხმაროს. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმებვა არაა საკმარისი. რა უშლის ხელს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას?

თბილისში კარგახანია აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ქართული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზრის, რუსეთის, ჩაკეტვა მოსკოვის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხელისუფლება ქართველ ბიზნესმენებს, რუსეთის ბაზრის დაბრუნების ნაცვლად, საერთაშორისო ბაზრის ათვისებას ურჩევს და დახმარებასაც სთავაზობს. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მინისტრთა კაბინეტის 10 მაისის სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი ღვინის ბოთლებით გამოცხადდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს მე ვიხილე ბალტიის ქვეყნებში, სადაც ყველაზე დიდ სუპერმარკეტებში ძალიან დიდი აზარტით იყიდება ქართული ღვინო, ოღონდ ესეთი სახის ე.წ. ქართული ღვინო. ეს არის - ქინძმარაული არ ჰქვია, ოღონდ - ”ქინძმარაული”. ეს არის ”ხვანჭკარა” - ასევე ბულგარეთშია ჩამოსხმული...”

ამის შემდეგ სააკაშვილმა ესპანეთში ჩამოსხმული 10 დოლარიანი ”ხვანჭკარის” დეგუსტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრს მიხეილ სვიმონიშვილს მოსთხოვა და იქვე უსაყვედურა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაფერს აკეთებს საერთაშორისო ფალსიფიკატორების წინააღმდეგ საბრძოლველად. სააკაშვილმა არც ქართველი მეღვინეები დატოვა უსაყვედუროდ. 10 დოლარიანი ესპანური ღვინო პრემიერ- მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმაც დააგემოვნა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ამასწინათ მე მოვისმინე მეღვინეთა რომელიღაც ასოციაციის თავმჯდომარის ძალიან ბრიყვული გამოსვლა, უნდა ვთქვა, სადაც იძახის, აი ,ეს ჩვენი მთავრობა, რომელმაც დაგვაკარგინა რუსეთის ბაზარი, რაღაც მითიურ ბაზრებს ეძებს ჩინეთში, ევროპაში. ესაა მითიური ბაზარი? აი, კონკრეტული ყოველდღიური ბაზარი ქართული ღვინის!”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტისგან განსხვავებული აზრი აქვთ ეკონომიკის საკითხებით დაკავებულ პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს. მაგალითად, დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი ფიქრობს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ევროპის ბაზარზე ექსპორტირებისთვის უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა იქნება საჭირო, შესაცვლელი იქნება მენეჯმენტი, პროდუქციის ხარისხი და ასე შემდეგ.

ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრების სირთულეებზე საუბრობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი დავით ჭკადუაც. იგი თავდაპირველად რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის უპირატესობებზე საუბრობს:

[დავით ჭკადუას ხმა] ”იყო დისტრიბუციის აწყობილი ქსელი...”

როგორც დავით ჭკადუა, ასევე ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად 1-2 წელი, ქართულ წარმოებაში უცხოური მენეჯმენტის შემოსვლა და ინვესტიციების დაბანდებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG