Accessibility links

logo-print

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დენის ტარიფი გაზარდა - როგორ შეხვდნენ თბილისელები ელექტროენერგიის გაძვირებას?


ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) მაინც

მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. სემეკის თავმჯდომარის გიორგი თავაძის თქმით, დადგენილება ასევე ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას. დადგენილების თანახმად, 1 ივნისიდან აბონენტები, ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვით, სამ კატეგორიად დაიყოფიან. კერძოდ: პირველი კატეგორიის, ანუ ყველაზე მომჭირნე, აბონენტები გადაიხდიან ყველაზე ცოტას, თუკი მათი ყოველთვიური ხარჯი არ აღემატება 100 კილოვატსაათს, ხოლო ყველაზე მაღალი ტარიფით ანგარიშსწორება იმ აბონენტებს მოუწევთ, რომელთა ხარჯი თვეში 300 კილოვატსაათს აღემატება. რა არგუმენტებით იხელმძღვანელა კომისიამ და როგორ შეხვდნენ თბილისელები ელექტროენერგიის გაძვირებას?


[ისმის ხმები] „ესე იგი, სტარტია აღებული ტარიფის გასაზრდელად. ბედნიერები უნდა ვიყოთ, მეტად რომ არ გვიზრდიან. დაგენგრევათ ეს ქვეყანა თავზე...“

როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომამ ხმაურის გარშე ვერ ჩაიარა. დარბაზში თავი მოიყარა ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელმა სპექტრმა, თუმცა დილიდან ყველაზე მეტად ლეიბორისტული პარტიის წევრები აქტიურობდნენ. გიორგი გუგავა, პარტიის პოლიტიკური მდივანი, მეორე დღეა, სემეკის შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

[გიორგი გუგავას ხმა] „ტარიფის გაზრდა არის დაუშვებელი! ტარიფის გაზრდა არის დანაშაული! სემეკმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა და არის თუ არა მოსახლეობა გადახდისუნარიანი.“

მოსახლეობა, რომლის შესახებაც გიორგი გუგავა ლაპარაკობს, ტარიფის გაზრდის წინააღმდეგია. მერაბ მამუკაშვილი ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩაზე, ცხოვრობს.

[მერაბ მამუკაშვილის ხმა] „რითი ვიხადო, 45 ლარი ვის გავუნაწილო. 20 წლის შვილს ვაჭამო თუ ჩემთვის ვიყიდო რამე. სად წავიდე, რითი ვიარსებო. ტარიფმა უნდა დაიკლოს, კი არ უნდა მოიმატოს. მაქვს საშუალება? ისედაც ნახევარი პენსია მთავრობას მიაქვს. ეს არ არის მთავრობა, ესენი არიან მძარცველები.“

ბატონ მერაბისა და სხვა თბილისელების განწყობის მიუხედავად, კომისიის წევრებმა მოქმედი ტარიფის შეცვლის გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. კომისიის ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის დირექტორის ივერი შალამბერიძის თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, კახეთისა და აჭარის გარდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიზრდება, ხოლო მომხმარებლები სამ პირობით კატეგორიაში გაერთიანდებიან:

[ივერი შალამბერიძის ხმა] „პირველ კატეგორიას ეკუთვნის ის, ვინც 100 კვტსთ-ს მოიხმარს 30 დღეში, მეორე კატეგორიას - 100-დან 300-მდე კვტსთ, ხოლო მესამე კატეგორიას - 301 კვტსთ-ზე მეტის მომხმარებელი...“(სტილი დაცულია)

ივერი შალამბერიძის თქმით, ასევე სამსაფეხურიანი იქნება ელექტროენერგიის ტარიფიც. კერძოდ, თბილისელი მომხმარებელი, რომელიც თვეში 100 კილოვატსაათზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთ კილოვატსაათში 13,5 თეთრს გადაიხდის. თუ მომხმარებელი თვეში 101-დან 300 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას ხარჯავს, მაშინ მას ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაში 16 თეთრის გაღება მოუწევს, ხოლო მესამე კატეგორიის აბონენტს, რომელიც თვეში 301 კილოვატსაათზე მეტს მოიხმარს, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია 17,7 თეთრი დაუჯდება. ეს, რაც შეეხება დედაქალაქს. რეგიონებში პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის აბონენტები, შესაბამისად, 13, 16,5-სა და 17,5 თეთრს გადაიხდიან. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზი ხმაურით შეხვდა:

[ხმა დარბაზიდან] „თქვენ რა შუაში ხართ. დაგავალეს კანცელარიდან და ასრულებთ მაგ დავალებას. პრეზიდენტმა დაგავალათ და ეს თავად პრეზიდენტმა თქვა საჯაროდ.“

ეს სიტყვები სემეკის თავმჯდომარის გასაგონად ითქვა. გიორგი თავაძემ კი განმარტა, რომ დამოუკიდებლად, კანონისა და სინდისის კარნახით მოქმედებს:

[გიორგი თავაძის ხმა] „აქ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს გასაგები ყველასთვის. სემეკში რაც ხდება, განსაკუთრებით ტარიფებთან მიმართებაში, ყველაფერზე პასუხისმგებელი არიან კომისიის წევრები და თავმჯდომარე, უპირველეს ყოვლისა. გარწმუნებთ: ჩვენ წილ პასუხისმგებლობას არ გავექცევით.“

გიორგი თავაძის თქმით, ტარიფი, ძირითადად, ენერგომატარებლების გაძვირების, პრივატიზაციის, ჭარბი ინვესტიციებისა და დენის იმპორტის გამო იზრდება. კომისიის თავმჯდომარის ამ განმარტებამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ დააკმაყოფილა. ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი დენის საფასურს ვერ გადაიხდის:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „მოვუწოდებთ დანარჩენ 40 პროცენტს, გაუწიონ სოლიდარობა თავიანთ თანაქალაქელებს, ძმებს, ღარიბ ნაწილს საზოგადოებისა და
არ გადაიხადონ არც დენის, არც გაზის საფასური. ანუ მოვახდინოთ ბოიკოტირება რაღაც დროის განმავლობაში.“(სტილი დაცულია)

პასუხად ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გასაჭირში მიტოვებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან დაახლოებით 250 ათასამდე ოჯახი დენის გაძვირების გამო სუბსიდიას მიიღებს. ოპოზიცია კი საპროტესტო აქციებითა და სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება.
XS
SM
MD
LG