Accessibility links

logo-print

ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რიუტელი საქართველოს ხელისუფლებას რადიკალური რეფორმების გატარებას ურჩევს


თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რიუტელი. 10 მაისს ის თბილისში ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმს დაესწრო,

ხოლო 11 მაისს ჰქონდა ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ არნოლდ რიუტელმა საქართველოში ვიზიტს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. რა რჩევები მისცა მან საქართველოს ხელისუფლებას და რატომ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთს საქართველოს ორიენტირი?


ესტონეთს სამართლიანად უწოდებენ ეკონომიკური სასწაულის ქვეყანას. თავისუფალი ეკონომიკის ინდექსის მიხედვით, ესტონეთს მეშვიდე ადგილი უკავია მსოფლიოს 157 სახელმწიფოს შორის. მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან: ფინეთი, შვეცია, გერმანია და რუსეთი. ესტონეთი 2004 წელს ჯერ ნატოს, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა. ესტონეთში გატარებული რეფორმები მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმებად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ რეფორმებმა ეს ბალტიისპირა სახლმწიფო შორს წაიყვანა. 2005 წელს ესტონეთში საშუალო ხელფასმა 500 ევროს გადააჭარბა.
ესტონეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტს, რომლის უფლებებიც საკმაოდ შეზღუდულია, იქ პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით.
ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რიუტელი მეუღლესთან, ინგრიდ რიუტელთან, და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 მაისს, საკუთარ დაბადების დღეს, ეწვია. განცხადება პრესისათვის მან გააკეთა 11 მაისს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მანამდე კი ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმზე გამოვიდა:

[არნოლდ რიუტელის ხმა] ” ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში მოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის. გეოგრაფიული კუთხით თუ შევხედავთ, ჩვენი ქვეყნები შორს არიან ერთმანეთისგან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენ შორის კარგ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, რასაც საკმაო ისტორია აქვს.”

სამწუხაროდ, ისტორიის კუთვნილებად იქცა ესტონური დიასპორის არსებობა აფხაზეთში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იქ ჩასახლებული ესტონელების მიერ გაშენებულ სოფლებში. 90-იანი წლების დასაწყისში ვითარების დაძაბვის შემდეგ აფხაზეთის მკვიდრმა ესტონელებმა ისტორიულ სამშობლოს მიაშურეს.

საქართველოსა და ესტონეთს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები უმნიშვნელოა. გასულ წელს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 3 მილიონ ევროზე ნაკლები შეადგინა. ეს მონაცემი ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმზე ესტონეთის პრეზიდენტმა არნოლდ რიუტელმა მოიყვანა. მისი განცხადებით, ინვესტორთა დაცვისა და იმპორტ-ექსპორტის ორმაგი დაბეგვრისგან გათავისუფლების თვალსაზრისით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. საქართველოს პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ესტონეთის გამოცდილებაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. მიხეილ სააკაშვილი ესტონეთს საქართველოს ორიენტირ ქვეყანას უწოდებს და, აი, რატომ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ესტონეთს თავის დროზე გამოუცხადეს სრული ეკონომიკური ბლოკადა, მას დაუბლოკეს ყველა მისი საექსპორტო პროდუქტი რუსეთის ბაზარზე. მაშინ რუსეთზე მოდიოდა მისი ექსპორტის 90 პროცენტზე მეტი. დღეს ესტონეთში რუსეთზე მოდის საერთო ექსპორტის 4-5 პროცენტი და ესტონეთს აქვს ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპაში.”

არნოლდ რიუტელის საქართველოში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ესტონეთი საქართველოს ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე გატანაში დაეხმარება. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ რეფორმების დარგში მისი მრჩეველი ესტონეთში განხორციელებული რეფორმების ავტორი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარტ ლაარი ხდება.
XS
SM
MD
LG