Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში იზრდება უკმაყოფილება რუსეთის მიმართ


გასულ კვირაში, სოჭის მახლობლად მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთგვარი დაძაბულობა შეიტანა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში.

სომხეთში ბევრი დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი ავიაკატასტროფა რუსი დისპეჩერების არასწორ მითითებათა შედეგია. დაუმატეთ ამას სომხეთში გავრცელებული უკმაყოფილება რუსეთის კომპანია "გაზპრომის" სულ უფრო მზარდი გავლენით, ან რუსეთში სომხებისა და სხვა კავკასიელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები და დაინახავთ, რომ პრობლემა არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას მიმომხილველები, ტრადიციულად, "მეგობრულსა" და "თბილს" უწოდებენ. და დღეს იქნებ ნაადრევიც იყოს იმაზე საუბარი, რომ ამ სითბოს განელება ემუქრება. სომხეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის თავმჯდომარის, ჰმაიაკ ჰოვანესიანის აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ ჩატარდება ავიაკატასტროფის მიზეზთა გამოძიება.

[ჰმაიაკ ჰოვანესიანის ხმა] "ეს დამოკიდებულია გამოძიების მსვლელობაზე. კარგია, თუ მოხერხდა "შავი ყუთების" ამოღება და კატასტროფის ჭეშმარიტი მიზეზების დადგენა - ისე, რომ ეს ყველასთვის აშკარა იყოს. თუ ასე არ მოხდა, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობას ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით დაღს დაასვამს."

"შავი ყუთების" ამოღება კი დღემდე ვერ ხერხდება. ავიაკომპანია "არმავიას" კუთვნილი აერობუსის, "A-320"-ის კატასტროფის ადგილზე ჯერაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. 113 დაღუპულიდან მყვინთავებმა ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარზე ნაკლების გვამებს მიაკვლიეს. პარალელურად, ექსპერტები განაგრძობენ ავარიის მიზეზების ძიებას.

შეგახსენებთ: ერევნიდან ადლერში მიმავალი ავიალაინერის ფრენის 90 პროცენტს საქართველო აკონტროლებდა, და საფიქრებელი იყო, რომ რუსი ექსპერტები "საქაერონავიგაციის" ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესდებოდნენ; მით უმეტეს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად მოსკოვში საგანგებო სამთავრობო კომისიაც კი შეიქმნა. მაგრამ ასე არ მოხდა.

გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაციის სიმწირე სომხების აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ამას ემატება გახშირებული ცნობები მოსკოვში სომეხი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ძალადობის შესახებ - აპრილში, მოსკოვში, ე.წ. "სკინჰედებმა" 17 წლის სომეხი ყმაწვილი მოკლეს. გარდა ამისა, ერევანში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთი სომხეთის ენერგეტიკის სფეროს ხელში ჩაგდებას ცდილობს.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან ვალენტინას მიტესთან საუბარში, ერევნელი პოლიტოლოგი ედუარდ აღაჯანოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი სომხეთს თანასწორუფლებიან პარტნიორად არ მიიჩნევს.

[ედუარდ აღაჯანოვის ხმა] "ბევრს აღარ სჯერა, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირეა, რადგან იმას, თუ როგორ ეკიდება რუსეთი სომხეთს, არ შეიძლება ეწოდოს სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება; ეს არის დამოკიდებულება ვასალის მიმართ."

არც ისე ხნის წინათ სომხეთმა და რუსეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ძალით ერევნის ენერგეტიკის სფეროს თითქმის მთლიანად დაეპატრონა რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი". სანაცვლოდ მოსკოვმა სომხეთს მხოლოდ ათი პროცენტით გაუზარდა გაზის ფასი - არადა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ეს ფასი თითქმის გაორმაგდა.

ახლა "გაზპრომი" აპირებს, დაეპატრონოს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს და შეიძინოს ირან-სომხეთის მომავალი გაზსადენის აქციათა საკონტროლო პაკეტი. თუ ეს გეგმები განხორციელდა, მოსკოვი სომხეთის ენერგეტიკის სფეროს ერთპიროვნულ ბატონ-პატრონად იქცევა. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სტრატეგია, რომელსაც მოსკოვი სომხეთის მიმართ ატარებს, დიდად არ განსხვავდება სხვა ქვეყნებში მოსკოვის პოლიტიკისგან. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით რუს სპეციალისტთა გამონათქვამებში.

[ბორის მაკარენკოს ხმა] "თუ ობიექტურად ვილაპარაკებთ, სომხეთთან ორმხრივ ურთიერთობაში რუსეთს ალბათ ნაკლები პრობლემა აქვს, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან."

ასეთი გახლავთ მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილის ბორის მაკარენკოს მოსაზრება. თუმცა, რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში მოსკოველმა ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ "ანტი-რუსული" გამონათქვამები ერევანში ბოლო ხანს მოდაში შემოვიდა.
XS
SM
MD
LG