Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული საბანკო სისტემით ”სოსიეტე ჟენერალი” დაინტერესდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართული საბანკო ბაზრით ფრანგული საფინანსო გიგანტი "სოსიეტე ჟენერალი" დაინტერესდა. საფრანგეთის უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლები

რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში და ისინი ბანკ "რესპუბლიკაში" აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დღეს ქართული მხარე უკვე ადასტურებს, რომ წილის მიყიდვის თაობაზე პრინციპული შეთანხმება ფრანგებთან მიღწეულია და მხოლოდ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. რას მოუტანს მსოფლიოს უძველესი და უმდიდრესი საბანკო დაწესებულების საქართველოში შემოსვლა საფინანსო სისტემას?

ქართული საბანკო სისტემა უცხოური კაპიტალისათვის სულ უფრო მომხიბლავი ხდება. ამჟამად უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით საქართველოში ფუნქციონირებს 10 ბანკი, რომელთა აქტივების წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 76% შეადგინა. ამ ბანკების კაპიტალში უცხოელები წილის 50%-ზე მეტს ფლობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და, ამავდროულად, უმსხვილესი ბანკი "სოსიეტე ჟენერალე" ქართული ბანკის, "რესპუბლიკის", წილის შეძენით არის დაინტერესებული.

ფრანგული საფინანსო ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" 1864 წელს შეიქმნა და იგი საფრანგეთის უმსხვილესი ბანკების სამეულში შედის. "სოსიეტე ჟენერალის" ფილიალების ფართო ქსელი აქვს როგორც საფრანგეთში, ისე მსოფლიოში. მისი აქტივების მოცულობა 600 მილიარდ ევროზე მეტია. თუ ბანკ "რესპუბლიკასთან" გარიგება შედგა, "სოსიეტე ჟენერალი" იქნება ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოს საბანკო სისტემაში. აქამდე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად მიჩნეული იყო ორი წლის წინ რუსული "ვნეშტორგბანკის" მიერ "გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა. ბანკ "რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ფრანგული ბანკის კაპიტალი მთელი რუსული საბანკო სექტორის კაპიტალზე მეტია:

[ლაშა პაპაშვილის ხმა] "რომ ავიღოთ "სოსიეტე ჟენერალის“ კაპიტალი, მთელი რუსული ბაზარი რაც არის, მთელი საბანკო სექტორი რუსული, ორჯერ უფრო დიდი არის მხოლოდ ეს ბანკი რუსულ საბანკო სექტორზე. ამდენად, ისინი სტიქიურად და სპონტანურად გადაწყვეტილებებს არ იღებენ, ძალიან წვრილად იციან ყველა მომენტი ბანკ "რესპუბლიკის“ და, საერთოდ, ჩვენი საბანკო სექტორის შესახებ." (სტილი დაცულია)

გასაყიდი პაკეტის მოცულობისა და გარიგების შესაძლო ვადების შესახებ "რესპუბლიკაში" ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ქართული მხარე მზად არის აქციების 25 პროცენტი დათმოს, თუმცა ფრანგები საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზე აცხადებენ პრეტენზიას. საინტერესოა, რომ "რესპუბლიკასთან" პარტნიორული ურთიერთობით ასევე დაინტერესებულია ევრობანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

ფრანგული საბანკო გიგანტის საქართველოში შემოსვლას ცალსახად პოზიტიურ შეფასებას აძლევენ ქართველი ექსპერტები. ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში გავლენიანი საფინანსო ჯგუფის მიერ საქართველოთი დაინტერესება, ახალი საბანკო პროდუქტების დამკვიდრებასთან ერთად, სერიოზული სიგნალი იქნება სხვა ინვესტორებისათვის და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ქართულ ეკონომიკურ რეალობაში ცივილიზებული თამაშის წესების დასამკვიდრებლად:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "შემოდის უკვე წელგამართული, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კავშირებითაც გავლენიანი ფინანსური ჯგუფები. რომლებიც თავიანთ ინტერესს იოლად არავის შეალახვინებენ. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ რაც მეტი ასეთი კერძო რეალური კომპანია შეემატება ქართულ ბაზარს, მით უკეთესი ჩვენთვის." (სტილი დაცულია)

ფრანგ ინვესტორს ქართული ბანკის წილის შესყიდვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ მოლაპარაკებები დამამთავრებელ სტადიაში შედის.
XS
SM
MD
LG