Accessibility links

ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა - პარასკევის გაზეთების მთავარი თემა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 მაისის ყველა ქართული გაზეთი ეხმაურება წინა დღეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, “სემეკმა ყველა მოატყუა, დენი უსაშველოდ გააძვირა და ამას ყველაფერს ხალხზე ზრუნვით ხსნის”. ის ექსპერტები, რომლებსაც "რეზონანსი" დენის საფასურის გაზრდის მიზეზებზე ესაუბრა, ამბობენ, რომ ”ფასის ზრდა - ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და საპრივატიზაციოდ გამზადებული ენერგოკომპანიების მაღალ ფასად გაყიდვის სურვილით არის განპირობებული” - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ენერგოომბუდსმენი დავით მიქაუტაძე. "გარდა ამისა, მთავრობის განცხადებას, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი უახლოეს სამ წელიწადში აღარ მოიმატებს, სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ," - წერს 12 მაისის გაზეთი ”რეზონანსი”, რომლის ვარაუდითაც, ივნისიდან ყველაფერი გაძვირდება.

დენის საფასურის ზრდას ეხმაურება გაზეთი ”ახალი ვერსიაც”, რომლის თქმითაც, გაჭირვებულ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს დენსა და საკვებს შორის. გარდა ამისა, ”ექსპერტთა აზრით, გაზსა და ელექტროენერგიაზე საფასურის ზრდა ეროვნულ ვალუტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის თქმით, მართალია, მოსახლეობამ ამჯერად პოლიტიკურ პარტიებს მხარი არ აუბა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მასობრივი გამოსვლები დაიწყოს. ხელისუფლებამ მოგვატყუა - გვპირდებოდა, ტარიფი უმნიშვნელოდ გაიზრდებაო და ლამის გაორმაგდა. კლიმიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა,” - წერს გაზეთი ”ახალი ვერსია”.

ამავე გაზეთში შეგიძლიათ გაეცნოთ ვრცელ პუბლიკაციას, რომელიც კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის მილიონების საიდუმლოს ეხება. გაზეთის ცნობით, დუბაიში დაპატიმრებული კალაშოვი მალე ესპანეთის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ”ვინაიდან მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, გამორიცხულია კალაშოვის საქართველოში ექსტრადიცია,” - წერს ახალი ვერსია და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის შესახებ ასეთ ცნობას აქვეყნებს: ”მის კონტროლზე მოსკოვში რამდენიმე კაზინო და დედაქალაქის ნარკობაზარის დიდი ნაწილი იყო, რომლის წილშიც იგი უზბეკ ავტორიტეტებს ჩაუჯდა. მოსკოვში ყოფნის ბოლო ხანებში კრიმინალური კაპიტალის ლეგალიზებას მიჰყო ხელი. ფულს დებდა რეალურ ბიზნესში - ლითონით ვაჭრობაში, ხე-ტყის მასალაში, ნავთობბიზნესში და ამ პროდუქტების ექსპორტს ეწეოდა. ადამიანს, რომელიც ზღაპრულად მდიდარია, არა მხოლოდ ქართველები, უცხოელებიც უამრავ ვილას, მდიდრულ ბინებს და იახტებს უთვლიან. მას სერიოზული მანკიერებები ახასიათებს: არის ნარკომანი, აზარტული მოთამაშე, გულღრძო. ამასთან, განრისხებისას უკონტროლოა.” - ეს გახლდათ ნაწყვეტი 12 მაისის გაზეთ ”ახალი ვერსიის” პუბლიკაციიდან, რომელიც შაქრო კალაშოვის მილიონების საიდუმლოს ეხება.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომელსაც ყოველკვირეული გაზეთი ”ახალი შვიდი დღე” აქვეყნებს და რომელიც საქართველო-დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ურთიერთობებს ეხება. გაზეთი ამ პერიოდს ”უზნეობის პოლიტიკას” უწოდებს.
XS
SM
MD
LG