Accessibility links

logo-print

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას დენის, ბუნებრივი აირისა და საწვავის გაძვირება


ბუნებრივი აირის გაძვირების შემდეგ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს 1 ივნისიდან ასევე გაძვირებული ელექტროენერგიით სარგებლობა მოუწევთ.

თუმცა პრემიერ მინისტრი ირწმუნება, რომ გაძვირების პარალელურად მთავრობა აპირებს სოციალური დაცვის ეფექტური მექანიზმის ამუშავებას, რაც მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს გადარჩენის საშუალებას მისცემს. ლაპარაკია, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 ათასამდე ოჯახის სუბსიდირებაზე, რისთვისაც ხელისუფლება ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. მთავრობის ოპტიმიზს არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები, რომლებიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ.

ელექტროენერგიის გაძვირებამდე თბილისელებმა ბუნებრივი აირის გაძვირების სიმწარე იწვნიეს. „თბილგაზის“ აბონენტები 1 მაისიდან 1 კუბურ მეტრ გაზში, 27 თეთრის ნაცვლად, უკვე 34,2 თეთრს იხდიან. ფასის მატება, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რუსული გაზის გაძვირებამ გამოიწვია. ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფიც, ძირითადად, ამავე მიზეზის გამო გაიზარდა:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „ზრდას იწვევს ორი ფაქტორი. პირველი - გაზის ფასის ზრდა და მეორე - დენის მიწოდება გაზრდილია 2 მილიარდი კილოვატსაათით და ამ მოცულობის ენერგიას სჭირდება დაბალანსება. ანუ თბოელექტროსადგურებზე გამომუშავება გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ძვირიანი ენერგიის წილი, რის გამოც იზრდება ტარიფი. ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორია.“(სტილი დაცულია)

ამ ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, თბილისელები სამომავლოდ კარგს არაფერს ელიან. მით უმეტეს, რომ დენისა და ბუნებრივი აირის პარალელურად სწრაფი ტემპით იზრდება ნავთობის - ბენზინისა და დიზელის საწვავის - ფასი.

[ვანო მთვრალაშვილის ხმა] „ბოლო ოცი დღეა 1 ტონა ბენზინის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 700 დოლარზე მეტია, ანუ მომატებულია 38 პროცენტით (210 დოლარით). დიზელის საწვავი კი გაძვირდა 140 დოლარით, მატება არის 25 პროცენტიანი...“

როგორც ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი მთლიანად გაჯერებულია გაძვირებული ნავთობით, რაც საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასზეც აისახება. კერძოდ: ბენზინის ფასი საშუალოდ 20-25 თეთრით, ხოლო დიზელისა - 15-20 თეთრითაა გაძვირებული. ფასების ზრდა, ბუნებრივია, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

[მამაკაცის ხმა] „სახელმწიფო სამსახურში ვარ და ბენზინის ფულს ბიუჯეტი მიხდის, თორემ საკუთარი ხარჯებით ვერ გავწვდებოდი. ძვირია ძალიან.“

[მამაკაცის ხმა] „რანაირად ჩავასხამთ, ვერ ჩავასხამთ. თანაც, ყველაფერზე იმოქმედებს. მალე სურსათიც გაძვირდება.“
ერთი სიტყვით, თბილისელები შიშობენ, რომ ბენზინის, გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირება სხვა სახის პროდუქციისა და მომსახურების გაძვირებასაც გამოიწვევს. თბილისელთა ამ ვარაუდს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი კახა იმერლიშვილი, რომელიც ინფლაციის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას:

[კახა იმერლიშვილის ხმა] „ქვეყანაში ფასების დონე იმატებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ფული თავის მსყიდველობითუნარიანობას კარგავს. ანუ ჯერ ხდება ინფლაცია და მერე ინფლაცია იწვევს იმას, რომ კარგავს მსყიდველობითუნარიანობას. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დაბალშემოსავლიან და საშუალოშემოსავლიან მოსახლეობაზე. ამ ფენაზე ფასების ზრდა ცუდ გავლენას იქონიებს, რადგანაც მათი შემოსავლები არ იზრდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება ფასები ქვეყანაში.“(სტილი დაცულია)

რის იმედი უნდა ჰქონდეთ იმ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი პენსიითა და საარსებო მინიმუმზე დაბალი ჯამაგირით შემოიფარგლება. მთავრობა, როგორც შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში დაეხმარება:

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა] „განხორციელდება ელექტროენერგიის ტარიფის მატების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ 100 კილოვატის ფასის მატების სუბსიდიაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანები მიიღებენ 1,5 ლარს, ხოლო რეგიონებში, იმის გამო, რომ მეტად იმატებს ფასი, სუბსიდიის მოცულობა 5 ლარი იქნება.“
ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, მთავრობა დაახლოებით 400 ათასამდე ოჯახს დაეხმარება, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს კი საკუთარი მარიფათის, მოხერხების იმედად მოუწევს ყოფნა.
XS
SM
MD
LG