Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართული გაზეთების მიმოხილვა, ვთქვათ ასე, მოზაიკური ხასიათისა იქნება.




შევეხებით სხვადასხვა, მეტწილად, სოციალურ საკითხებს, რომელთაც პრესა მეტ-ნაკლები სისავსით აშუქებდა. დავიწყოთ ”რეზონანსით”. ის აუწყებდა მკითხველს, რომ ”ფასების კატასტროფული ზრდა არ მოხდება”. ვარდების რევოლუციის შემდეგ, წერდა გაზეთი, საქართველოში ინფლაციის დონემ 18%-ს მიაღწია. დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტები 22%-ს ითვლიან. კვების პროდუქტების გაზრდილი ფასის ასახსნელად “რეზონანსში” ამოიკითხავდით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში წარმოება სერიოზულად დაეცა, რამაც პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. ამასთან, გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, მიმოქცევაში მეტი ფული გავიდა, თუმცა წარმოების ზრდა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პროპორციულად არ მომხდარა. გაძვირების მესამე მიზეზი ნავთობპროდუქტების ფასების გაზრდაა.

”იტირეთ, ხალხო, სინათლე ჩვენს ფანჯრებში აღარ იქნება!” - მოუწოდებდა მკითხველებს გაზეთი ”ახალი თაობა”. “დენი გაძვირდა”, “სამშობლოს არ გაგაყიდინებთ”, “ნატოში ჩამქრალი შუქებით შევდივართ”, “ედუარდი სანატრელი გაგვიხდა” - ესეც ”ახალი თაობის” მესიჯებია. გაზეთი შეგვახსენებს თბილისსა და რეგიონებში დაწესებულ ახალ ტარიფებს და დასძენს: ”სემეკმა საქართველოს მოსახლეობას, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დღეს ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე 2002 წელს იყო, როცა ტარიფი ბოლოჯერ გაიზარდა. ტოტალური უმუშევრობისა და გარე ვაჭრობის აკრძალვის ფონზე მოსახლეობას იმ მცირე ტარიფის გადახდაც უჭირდა, რომელიც 11 მაისამდე მოქმედებდა.”

ამ ჯერზე მცირე გამონაკლისს დავუშვებთ და გაგაცნობთ ორიოდ ციტატას, რომელიც ცხადყოფს, როგორ ლაპარაკობს პრესა სოციალურ პრობლემასა თუ პოლიტიკურ კლასზე. იმავე ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ: ”ხელისუფლება ცდილობს შთაგვაგონოს, რომ უფასო სასადილოების გახსნა კარგია, არადა, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე გეტყვით, რომ ეს საშინელი ტენდენციაა. ამდენი უფასო სასადილოს გახსნით კი არ უნდა ვიტრაბახოთ, არამედ თავში აგურები უნდა ვირტყათ.” აგურების თემა ცოცხლდება ”ალიაშიც”, როცა გაზეთი დასუფთავების პრობლემებს ეხება. ”ალია” მიმართავს თბილისის მერს: ”საკუთარ კაბინეტში ახლად მოწყობილ ტრენაჟორების დარბაზში უნდა ჩაიკეტოთ და ორ აგურს თუ ვერ იშოვით, ორი გირი ირტყათ თავში, ასე თითით საჩვენებელი რომ გახდება ”სინათლის ქალაქის” დანაგვიანებული ქუჩები და პარკები.”

დავეხსნათ ამ ამბებს და გაზეთ ”24 საათს” გადავხედოთ: ”ცივილიზებული გაყრა დაიწყო” ამგვარად ასათაურებს გაზეთი წერილს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს შესაძლო გამოსვლის თაობაზე. ”საქართველოსა და უკრაინის განცხადებებთან დაკავშირებით მათი დსთ-დან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ, რუსეთის მთავრობა მუშაობს იმ პრეფერენციების ლიკვიდაციის საკითხზე, რომლებითაც ეს სახელმწიფოები თანამეგობრობის ფარგლებში სარგებლობენ.” გაზეთს მოჰყავს გერმანელი პოლიტიკური ექსპერტის გერჰარდ ზიმონის მოსაზრება, რომ თუ კიევი და თბილისი თავიანთ განცხადებებს შეასრულებენ და დსთ-ს დატოვებენ, საეჭვოა, ამ ნაბიჯმა თანამეგობრობის სხვა წევრების პროტესტი გამოიწვიოს. მისი აზრით, დსთ, უკვე დიდი ხანია, წმინდა ფორმალური გაერთიანებაა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში რაიმე მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებს,” - ეწერა ”24 საათში”.

”ბათუმის ნავთობტერმინალმა ბათუმის ნავსადგური 49 წლით მიიღო” - იუწყება შაბათის, 13 მაისის, ” ხვალინდელი დღე”. ნავსადგური მართვის უფლებით გადაეცა დანიურ კომპანია ”გრინოუქ გრუპს”, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს 92 მილიონ დოლარს გადაუხდის. ბათუმის პორტის მმართველი ფრიდონ სურმანიძე ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ”ახალმა მმართველმა კომპანიამ, პირველ რიგში, ნავთობის გადაზიდვის ტარიფი უნდა გაზარდოს. იმ პირობებში, როცა ნავთობტერმინალის მფლობელი სწორედ ხსენებული დანიური კომპანიაა, ტარიფის გაზრდა გართულდება. დღეს ბათუმის ნავთობტერმინალი პორტს ერთი ტონა ნავთობის გადაზიდვისთვის მხოლოდ 20 ცენტს უხდის, ხოლო შავიზღვისპირეთის ქვეყნებში ნავთობის გადაზიდვის საშუალო ფასი 1 დოლარი და 20 ცენტია. დღეს პორტში არარეალურად დაბალი ტარიფები მოქმედებს და ახალმა მმართველმა მენეჯმენტი სწორედ ამ კუთხით უნდა შეცვალოს,” - ვკითხულობთ ”ხვალინდელ დღეში”.
XS
SM
MD
LG