Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 მაისს გაეროს ეგიდით თბილისში ქართულ–აფხაზური


15 მაისს გაეროს ეგიდით თბილისში ქართულ–აფხაზური

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე აფხაზურ დელეგაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს, ქართულს კი - კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა 2006 წლის 29 მარტს სოხუმში მიაღწიეს. ხვალ ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თბილისი სოხუმს კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთობლივად შესამუშავებელი „საგზაო რუკის“ ძირითად პრინციპებს გადასცემს. ცნობილია სოხუმის სამშვიდობო ინიციატივებიც. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სუვერენული სახელმწიფოს რანგში დაამყაროს. სერგეი ბაღაფშის სამშვიდობო ინიციატივასა და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებზე მინდა გესაუბროთ.

გასულ კვირას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის დედაქალაქში მოლაპარაკებები გამართა. ამ შეხვედრებთან დაკავშირებით სოხუმის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ბაღაფში მოსკოვში საკითხთა ფართო სპექტრის განსახილველად და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის პერსპექტივებზე სასაუბროდ ჩავიდა. როგორც კი საქართველო თანამეგობრობას დატოვებს, აფხაზეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქცია ავტომატურად გაუქმდება, შენიშნავს სერგეი შამბა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მას მოუწევს თბილისში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოსაწესრიგებელი სამშვიდობო ინიციატივების პრეზენტაცია. მანამდე კი ცნობილი ხდება, რას ითვალიწინებს სერგეი ბაღაფშის სამშვიდობო ინიციატივა. კერძოდ:

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს აფხაზეთს ასიმილაციისაკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის, ომისა და აფხაზეთის იზოლაციაში მოქცევისათვის.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა აფხაზეთზე. უნდა შეწყდეს აფხაზეთის ბლოკადა, რომელიც დსთ–ს 1996 წლის გადაწყვეტილებას ეფუძნება.

თბილისსა და სოხუმს შორის ხელი უნდა მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას, როგორც აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიას საჰაერო სივრცეში, ხმელეთსა და ზღვაზე.

საერთაშორისო საზოგადოება, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭო წინ უნდა აღუდგეს კონფლიქტის განახლებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის.

ბაღაფშსა და სააკაშვილს შორის უნდა წარიმართოს კონსულტაციები მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ.

თბილისმა და სოხუმმა უნდა ითანამშრომლონ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

და ბოლოს, აფხაზეთი უნდა ჩაერთოს რეგიონულ თანამშრომლობაში, იმავე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.

გასულ კვირას სერგეი ბაღაფშის მოსკოვში განხორციელებული ვიზიტი მასალის დასაწყისში შემთხვევით არ აღგვინიშნავს. როგორც ქართველ პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი შენიშნავს, სოხუმის სამშვიდობო ინიციატივის ახლა გააქტუალურებისა და სერგეი ბაღაფშის გააქტიურების სცენარი სწორედ მოსკოვში დაიწერა. მიზანი კი სამშვიდობო დიალოგის მთავარ ინიციატორად აფხაზეთის წარმოჩენაა. მით უფრო წინასწარაა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება ბაღაფშის წინადადებების კორექტირებას შეეცდება, რადგან აფხაზთა პრეზიდენტის გეგმით, მოლაპარაკებების სუბიექტები თანაბრად სუვერენული სახელმწიფოები არიან.
პაატა ზაქარეიშვილი ინიციატივის აფხაზეთის ხელში გადასვლას საქართველოსთვის წამგებიანად მიიჩნევს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა]“ როგორმე ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა რაღაც ისეთი წინადადება, სერიოზული წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყოდნენ ან გაუჭირდებოდათ არგუმენტირებული უარის თქმა (იმიტომ დაიწერა ეს კონცეფცია და ერთი წლის წინ უკვე მზად იყო და შეიძლებოდა მისი შეთავაზება.). რა თქმა უნდა, უარს იტყოდნენ, მაგრამ არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო. ახლა უცებ მათ წამოაყენეს თავიანთი ინიციატივა, ანუ აშკარად ინიციატივა აიღეს თავის ხელში. მე მოველი, რომ ისეთი აგრესია, რასაც დღეს რუსეთი ახორციელებს, გართულებით დასრულდება. ზაფხულში მოსალოდნელი იქნება რაღაც ესკალაციები. პირველ რიგში, ალბათ, ცხინვალში იქნება ეს მომენტი, იმიტომ რომ რუსეთი ასე უბრალოდ არ დაიწყებდა ამ ღვინის თუ ბორჯომის ომს. აშკარად ჩანს, რომ რაღაცისთვის ემზადება და ამ ფონზე უნდა მას გამოიწვიოს ქართული აგრესია.“(სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ასეთ ფონზე გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა და ბაღაფშის სამშვიდობო ინიციატივის მიღება იქნება. იმ საკითხებზე მაინც, რომლებზეც ეს თეორიულად შესაძლებელია.

გასულ კვირაში მოლაპარაკებები გაგრძელდა ქართულ–ოსური კონფლიქტის მოწესრიგების მიმართულებითაც. ცხინვალში ორ დღეს მიმდინარეობდა შერეული ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის 49–ე სხდომა. მხარეებმა განსაზღვრეს კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ამერიკული დოლარის ხარჯვის პრიორიტეტული სფეროები, შექმნეს თანხის გადანაწილების მაკონტროლებელი ჯგუფი და შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების შეხვედრაზე მზადყოფნაც დაადასტურეს. უფრო მრავლად იყო საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოახერხეს. ოსური მხარის განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია მოჰყვა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნას. პარასკევს ცხინვალში ითქვა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები, სხვა ბატალიონებთან ერთად, კონფლიქტის ზონას ჯერჯერობით არ დატოვებენ. სადავო სხვა მრავალიც იყო და, მათ შორის, რუსულ–ოსური შეთანხმებული მოთხოვნა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ. ქართული მხარის უარყოფითი პოზიცია ამ საკითხზე გიორგი ხაინდრავამ შემდეგნაირად გამოხატა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა]“ რატომღაც მოინდომეს, რომ უცებ შედგეს დოკუმენტი ომის განუახლებლობის შესახებ. ვისა და ვის შორის, ვერ გავიგე? ჩვენ სამშვიდობო გეგმა დავდეთ და აბსოლუტურად ნათელია ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვიძახით, რომ ყველაზე დიდი გარანტია უნდა იყოს ერთობლივი პროგრამა. მათი წინადადება აშკარად მოსკოვიდან გაჩნდა და ეს არ არის ის ადგილი, სადაც მოსკოვის წინადადებებს იხილავენ.“

გასულ კვირაში რუსულ–ქართული ურთიერთობები კვლავაც დაძაბულობის ნიშნულზე დარჩა. სამაგიეროდ, თბილისი ქართულ–ესტონური თანამშრომლობის წინადადებების განხილვის ადგილად იქცა.
მოსკოვიდან და სრულიად რუსეთიდან გამოძევებული ქართული ღვინის საკუთარი ქვეყნის ბაზარზე მიღების მზადყოფნა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა არნოლდ რიუტელმა გამოთქვა:

[არნოლდ რიუტელის ხმა]“ ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში მოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. გეოგრაფიული კუთხით თუ შევხედავთ, ჩვენი ქვეყნები შორს არიან ერთმანეთისაგან, თუმცა ეს ხელს არ უშლის ჩვენს შორის კარგ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, რასაც საკმაო ისტორი აქვს.“

როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ ქართულ–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა, ინვესტორთა დასაცავად და იმპორტ–ექსპორტის ორმაგი დაბეგვრისაგან გასათავისუფლებლად, პირველ რიგში, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაა საჭირო. არნოლდ რიუტელის საქართველოში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ ესტონეთი საქართველოს ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე გატანაში დაეხმარება. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რეფორმების დარგში მისი მრჩეველი ესტონეთში განხორციელებული რეფორმების ავტორი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მარტ ლაარი გახდება.

მანამ კი, სანამ მარტ ლაარი ესტონეთის ეკონომიკური სასწაულის საქართველოში გამეორებას შეეცდება, ენერგოსექტორში გასულ კვირას განხორციელებულმა სატარიფო პოლიტიკამ ქვეყნის მოსახლეობა შოკში ჩააგდო.

[მოქალაქის ხმა]“ რითი ვიხადო, 45 ლარი ვის გავუნაწილო. 20 წლის შვილს ვაჭამო თუ ჩემთვის ვიყიდო რამე. სად წავიდე, რითი ვიარსებო. ტარიფმა უნდა დაიკლოს, კი არ უნდა მოიმატოს. მაქვს საშუალება? ისედაც ნახევარი პენსია მთავრობას მიაქვს. ეს არ არის მთავრობა. ესენი არიან მძარცველები.“

საზოგადოების ერთი ნაწილისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 11 მაისს არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო და ელექტროენერგიის სამომხმარებლო დიფერენცირებული ტარიფი შემოიღო. დედაქალაქში ტარიფის მინიმალური ოდენობა ცამეტ-ნახევარი თეთრია, მაქსიმალური კი -ჩვიდმეტი მთელი და შვიდი მეათედი თეთრი. რეგიონებში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, ცამეტსა და ჩვიდმეტ-ნახევარ თეთრს უდრის.
ვინაიდან ტარიფის გაძვირება ქვეყანაში რუსეთიდან იმპორტირებული ენერგომატარებლების გაძვირებას უკავშირდება, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფმა პოლიტიკური ტარიფის განმარტება და მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა ის, რომ ამ განმარტებაში სანუგეშო არაფერია, გასულმა პოლიტიკურმა კვირამაც დაადასტურა. 10 მაისს რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ, ქართული ღვინოებისა და ბორჯომის შემდეგ, რუსეთში ნაბეღლავის რეალიზაციაც აკრძალა.
XS
SM
MD
LG