Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საქართველოს სამშვიდობო მისია სამი წლისაა


აპრილის ბოლოს ერაყიდან როტაციით დაბრუნდა კიდევ

ერთი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა საბრძოლო დავალებას. საერთოდ კი, სულ მალე სამი წელი შესრულდება, რაც ქართველმა სამხედროებმა ერაყის მიწაზე ფეხი დადგეს. როგორი იყო პირველი დღეები ერაყში? რა შესძინა მან ქართველ სამხედროებს და როგორი დახვდათ მათ სამშობლო? ამ საკითხებზე სასაუბროდ დღეს სტუდიაში სტუმრად მოვიწვიე პირველი და ბოლო ერაყული სამშვიდობო მისიის მონაწილეები - ლეიტენანტი ნატალია ჯუღელი და უფროსი ლეიტენანტი ირაკლი ჭიჭინაძე.

ლეიტენანტი ნატალია ჯუღელი ეროვნული გვარდიის სამედიცინო ბატალიონის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის ოცმეთაურია. სამი წლის წინ, 2003 წლის 3 აგვისტოს, იგი იმ 79 ქართველ მედიკოსსა და გამნაღმველს შორის იყო, ვინც ერაყში სამხედრო ამოცანის შესასრულებლად გაემგზავრა. პირველი ქართული კონტინგენტის გაგზავნას მსოფლიოს ცხელ წერტილში უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. საქართველოს უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ მძიმე წუთებში ამერიკის გევრდითაა. ამერიკელებმა მეგობრულად მიიღეს ქართველ მედიკოსთა ქვედანაყოფი, მაგრამ, როგორც ნატალია ჯუღელი იხსენებს, სერიოზულ ოპერაციებს მაინც მხოლოდ საკუთარ მედიკოსებს ანდობდნენ.

[ნატალია ჯუღელის ხმა]

სამი წლის შემდეგ ქართული კონტინგენტის რაოდენობა ერაყში უკვე 800 კაცს აღემატება და ქართველი სამხედროებისადმი ნდობაც გაცილებით მაღალია. ქართული ქვედანაყოფის ერთი ბატალიონი უკვე მეორე წელია იცავს ბაღდადის ე.წ. ”მწვანე ზონას”, რომელშიც ერაყის სამთავრობო სტრუქტურები და უცხოური მისიებია განლაგებული. სწორედ ”მწვანე ზონაში” გაატარა შვიდი თვე უფროსმა ლეიტენანტმა ირაკლი ჭიჭინაძემ. იგი ასე აღწერს ქართველი ჯარისკაცების შემართებას:

[ირაკლი ჭიჭინაძის ხმა]

ირაკლი ჭიჭინაძისაგან განსხვავებით, სამი წლის წინ ნატალია ჯუღელი ბაღდადიდან მოშორებით, ქალაქ ბალადაში განლაგებულ ამერიკელთა სამხედრო ჰოსპიტალში მსახურობდა. აუტანელ სიცხეს და ყოველდღიურ საფრთხეს ემატებოდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ახალგაზრდა ქალისთვის ეს ყველაზე მძიმე გასახსენებელია.

[ნატალია ჯუღელის ხმა]

7-მა თვემ მსოფლიოს ცხელ წერტილში, მაგრამ მდიდარი ისტორიის მქონე ერაყში, სწრაფად გაირბინა ნატალია ჯუღელისთვისაც და ირაკლი ჭიჭინაძისთვისაც. მაგრამ რას ეტყვიან ისინი თავის შვილებს ამ ქვეყანაზე? რას წარმოადგენს იმ ადამიანის თვალით დანახული ერაყი, ვინც იქ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა?

[ნატალია ჯუღელისა და ირაკლი ჭიჭინაძის ხმები]

ერაყიდან საქართველოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს ხშირად უსვამენ სხვა რიგის შეკითხვებსაც. მაგალითად, თუ რითია გამართლებული ქართული ჯარის ნაწილის ყოფნა საკუთარი საზღვრებიდან შორს. შეკითხვას, ცხადია, პოლიტიკური დატვირთვა აქვს და მასზე პასუხს სამხედროები ცდილობენ თავი აარიდონ. მათ გაცილებით ეადვილებათ ილაპარაკონ, თუ რა მისცა მათ ერაყულმა კამპანიამ.

[ნატალია ჯუღელის ხმა]

საქართველოში ერაყიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სამშობლოში ორკესტრით, საზეიმო ღონისძიებითა და მხედრული პატივით ხვდებიან. ხალხში კეთილი შურით ლაპარაკობენ მათ მაღალ ხელფასებზე, გარანტირებულ კარიერასა და კეთილდღეობაზე. მაგრამ უფროს ლეიტენანტ ირაკლი ჭიჭინაძეს, რომელიც 2 კვირის წინ დაბრუნდა ერაყიდან, ცხოვრება არც ისე ვარდისფრად ეჩვენება.

[ირაკლი ჭიჭინაძის ხმა]
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG