Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი და ანგელა მერკელის მცირე ნაბიჯების პოლიტიკა


იმ თემებიდან, რომლებსაც განვლილი კვირის მანძილზე უცხოეთის ჟურნალ-გაზეთებმა დაუთმეს ყურადღება, დღევანდელი მიმოხილვისთვის სამი შევარჩიეთ:

რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა ქვეყნის პარლამენტში, გერმანიის კანცლერის სიტყვა ევროპის კავშირის წინაშე მდგარი ამოცანების შესახებ და ირანის პრეზიდენტის წერილი ამერიკელი კოლეგისადმი. მიმოხილვას სწორედ ამ უკანასკნელი თემით დავიწყებთ.

თეირანის ინგლისურენოვანი გაზეთის “ირან დეილი ნიუსის” აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აუცილებლად უნდა უპასუხოს ირანის პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჟადს.

“ახლა ამერიკის მთავრობის სვლაა. სხვებთან ერთად, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც მოუწოდა ბუშს, ირანთან უშუალო მოლაპარაკებები აწარმოოს. მაგრამ ბუშმა ჯერ თავაზიანი პასუხი უნდა გასცეს ირანელ კოლეგას, რადგან აგრესიულ კილოს თეირანი ყურს არ ათხოვებს. ის გარემოება, რომ ბუშის მთავრობას წერილზე ჯერჯერობით არავითარი დადებითი რეაქცია არ მოუხდენია, კიდევ ერთხელ ადასტურებს ირანის მიმართ ამერიკის მტრულ ზრახვებს.”

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს თურქეთის გაზეთ “მილიეთის” მიმომხილველი და იმაზე მსჯელობს, რა სახის სანქციებმა შეიძლება ააღებინოს ირანს ხელი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე.

“განა ეკონომიკური იზოლაცია ეფექტიანი საშუალებაა? მისი პრაქტიკული განხორციელება თითქმის შეუძლებელია. ამ ზომას ანკარაც შეეწინააღმდეგებოდა. ირანისგან თურქეთი 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზს ყიდულობს, ხოლო ირანში 1,5 მილიარდის საქონელს ჰყიდის. ამის გაუთვალისწინებლობა შეცდომა იქნებოდა. მაშ როგორი უნდა იყოს რეაქცია ირანის მხრიდან მომავალ ბირთვულ საფრთხეზე? ყოველ შემთხვევაში, ეს რეაქცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს სამხედრო ძალის გამოყენებას; და ეს ამერიკელებმაც უნდა შეიგნონ. საკითხის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა”, აღნიშნავს თურქეთის გაზეთი “მილიეთი”.

მას ეთანხმება პოლონეთის “გაზეტა ვიბორჩა”, რომელსაც დისკუსიაში კიდევ ერთი ქვეყანა შემოჰყავს – ციტატა სარედაქციო წერილიდან:

“თანდათან სულ უფრო მეტი ნერვიულობა ეტყობა ისრაელს. ორშაბათს ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა შიმონ პერესმა ირანის განადგურების მუქარა გამოთქვა. ვინც პირისაგან მიწისა სხვის აღგვაზე საუბრობს, უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან თავად შეწყვეტს არსებობასო, განაცხადა პერესმა. ეს ანგარიშგასაწევი სიტყვებია, რადგან ისრაელი – ირანისგან განსხვავებით – უკვე ფლობს ატომურ იარაღს.”

ირანიდან რუსეთში გადავინაცვლოთ. აი, რას წერს პრეზიდენტ პუტინის მოხსენებაზე ესტონეთის გაზეთი “პოსტიმეესი”:

“ვინც რუსეთის პარლამენტში პუტინის გამოსვლისგან შთამბეჭდავ საგარეოპოლიტიკურ სიგნალებს ელოდა ან თუნდაც ეგონა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასე თუ ისე უპასუხებდა შეერთებული შტატების მხრიდან მოსკოვის მისამართით ბოლო ხანს გახშირებულ კრიტიკას, გაწბილებული დარჩა. პუტინმა ყურადღება საშინაო პოლიტიკაზე გაამახვილა. თუმცა, რუსეთის საშინაო პოლიტიკას მუდამ ახლავს საგარეო ასპექტიც. წარსულში რუსეთში მწარე მარცხი იწვნია არაერთმა რეფორმატორმა, მაგრამ, თუ პუტინს დავუჯერებთ, ახლა რუსეთი მიხვდა, რომ საშინაო რეფორმების გაუტარებლად ქვეყანა საერთაშორისო სარბიელზე ვერასოდეს დაიკავებს იმ პოზიციას, თავის დროზე საბჭოთა კავშირს რომ ეკავა. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ ეს რეფორმები არ მოასწავებს ჩვენთვის კარგად ცნობილი რუსული იმპერიალიზმის გამოღვიძებას.”

ამავე საკითხს უძღვნის სარედაქციო წერილს საფრანგეთის გაზეთი “ფიგარო”.

“როგორ პოლიტიკას უნდა მიმართო რუსეთთან ურთიერთობაში? ქვეყანასთან, რომელიც სულ უფრო ძლიერდება და, ამასთანავე, სულ უფრო შორდება ჩვენს დემოკრატიულ მოდელს? შეეცადა რა, დაეცვა თავისი მომძლავრებული ქვეყანა, პუტინი იმ საკითხზე საუბარსაც არ მოერიდა, რომელიც რუსეთის საზოგადოებას განსაკუთრებით აწუხებს. ეს საკითხი დემოგრაფიული კრიზისია, რომელიც რუსეთს სისხლისგან დაცლით ემუქრება: ქვეყნის მოსახლეობა ხომ ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანით იკლებს! ჩვენი ამოცანაა, პუტინი იმაში დავაჯეროთ, რომ საკუთარ თავში რწმენამოპოვებულ რუსეთს მეტი თავისუფლება და მეტი დემოკრატია კიდევ უფრო მოაღონიერებს.”

არაერთი კომენტარი მოჰყვა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გამოსვლას ბუნდესტაგში. ამ გამოსვლას “ქვეყნის ევროპული პოლიტიკის საკითხში მთავრობის განცხადებასაც” უწოდებენ და ამიტომ ბევრი მისგან მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიგნალებს ელოდა. თუმცა, როგორც შვეიცარიის “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” ფიქრობს, მოლოდინი არ გამართლდა:

“თავის საშინაოპოლიტიკურ კონცეფციას მერკელი მცირე ნაბიჯების პოლიტიკას უწოდებს და თითქოს ამით ხსნის, რომ ერთ დროს რიხით დაპირებულ რეფორმებს ესოდენ ფრთხილად ატარებს. ხუთშაბათს გაირკვა, რომ მერკელი ევროპულ პოლიტიკაშიც მცირე ნაბიჯების პოლიტიკის მომხრეა. ეს სიფრთხილე, ერთი მხრივ, მერკელის ბუნებიდან გამომდინარეობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური ვითარებითაც აიხსნება. ვიდრე საფრანგეთსა და ბრიტანეთში შირაკისა და ბლერის მემკვიდრეები არ უპოვიათ, გერმანიის ამბიციურ ევროპულ გეგმებს განხორციელება არ უწერია. ვინც, ლონდონისა და პარიზის პოლიტიკური სისუსტის შემყურე, ევროკავშირის მამოძრავებელ ძალას გერმანიაში ხედავს, იმედგაცრუებული დარჩება. რადგან, თუ ევროკავშირის კონსტიტუციის მეტად ფაქიზ საკითხს არ ჩავთვლით, მერკელმა აშკარად თავი შეიკავა ამა თუ იმ თემაზე კონკრეტული საუბრისგან. არადა, მოლოდინი არსებობდა: მისი ეს გამოსვლა ხომ ევროპული პოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი პირველი მოზრდილი მოხსენება იყო, რომელიც მერკელმა კანცლერის ამპლუაში წარმოთქვა.”

“ნოიე ციურხერ ცაიტუნგს” არ ეთანხმება ხორვატიის გაზეთი “ვეჩერნი ლისტი”:

“ევროკავშირის კლუბში გერმანია თანდათან იბრუნებს ჩვეულ პოზიციებს და წამყვან ძალად იქცევა. კავშირის ყველა უწინდელი ლიდერი ამჟამად გაცილებით უარეს მდგომარეობაშია: იტალიას უზარმაზარ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება უხდება, საფრანგეთმა სოციალური მღელვარების მძიმე ფაზა გადაიტანა, ხოლო დიდ ბრინატეთს პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან და, შესაძლოა, ლეიბორისტურ მთავრობასთან გამოთხოვება ელის. ამან კი, გამორიცხული არ არის, ევროკავშირის ლიდერთა რიგებს ბრიტანეთი კიდევ უფრო მეტად ჩამოაცილოს. გერმანიაში ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა. გერჰარდ შრიოდერის სისხლდაცლილი მთავრობის შემდეგ წინსვლის წინაპირობას კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების დიდი კოალიცია ქმნის.”
XS
SM
MD
LG