Accessibility links

logo-print

მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ძალიან ცოტაა ისეთი ავტორი, რომლის ტექსტებმაც


დავით პაიჭაძე, თბილისი მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ძალიან ცოტაა ისეთი ავტორი, რომლის ტექსტებმაც დღის სინათლე მისი გარდაცვალების შემდეგ იხილეს.

პოეტი, რომლის წიგნზეც დღეს გვინდა გესაუბროთ, 1963 წელს გარდაიცვალა ისე, რომ მისი არც ერთი ლექსი სიცოცხლეში გამოქვეყნებული არ ყოფილა, თუმცა ამ კაცის პოეზიას იცნობდნენ და აღიარებდნენ სხვა ქართველი პოეტები თუ კრიტიკოსები. ის არასოდეს ყოფილა ”პროფესიონალი” ლიტერატორი, არ ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. პროფესიულ ცხოვრებაში საქმე არა იმდენად სიტყვებთან, რამდენადაც რიცხვებთან ჰქონდა: ბუღალტერი გახლდათ. დღემდე მისი ორი მომცრო კრებული დაიბეჭდა, აქედან პირველი - გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ. და აი, ამ ათიოდე დღის წინ გამომცემლობა ”ინტელექტმა” დასტამბა შედარებით სავსე კრებული - ”100 ლექსი”. დავით პაიჭაძე ყოველკვირეულ ”ბიბლიოთეკას” იწყებს პასუხის ძიებით შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჩნდებოდა მე-20 საუკუნის შუახანების საჯარო ლიტერატურულ ცხოვრებაში პოეტი ნიკო სამადაშვილი.

ამ შეკითხვით დაიწყო ჩემი საუბარი ფილოლოგიის დოქტორთან, პროფესორ რევაზ სირაძესთან. მან შემახსენა, რომ ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი, მკითხველს გასული საუკუნის 70-იან წლებში თამაზ ჩხენკელმა აღმოაჩენინა. რაც შეეხება სიცოცხლეში გამოუქვეყნებელ ლექსებს, რევაზ სირაძე შენიშნავს:

[რევაზ სირაძის ხმა] ”რამდენადაც მე ვიცი, მას ურჩიეს კიდეც, რომ არ დაებეჭდა, იმიტომ რომ ის ჩანდა, როგორც ძლიერი პოეტი, და ხელისუფლება მოინდომებდა მის მოთვინიერებას. პოეტს და ხელოვანს უნდა თავისი შემოქმედების გამოჩენა, ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ამჯობინა, ასე ყოფილიყო. მას ჰქონდა, როგორც ყველა პოეტს, თავისი ძალის შეგრძნება, მაგრამ არ უნდოდა, ამით ეცხოვრა - წარმოჩენითა და პოპულარობით.”(სტილი დაცულია)

არადა, ნიკო სამადაშვილის პოეზია სრულიად აპოლიტიკურია, მასთან ვერ ნახავთ ვერც ერთ, ეგრეთ წოდებულ, აქტუალურ თემაზე დაწერილ ლექსს, რასაც მოელოდა და მოითხოვდა საერთოდ პოეტისაგან ტოტალიტარული სახელმწიფო. ნიკო სამადაშავილი განზე იდგა პოლიტიკისგან და, ამდენად, ცოტა უცნაურია, რომ, როგორც პოეტი, თავს იზღვევდა მისი წნეხისგან.

[რევაზ სირაძის ხმა] ”ჯერ ერთი, პოლიტიკური თემა რომ არ ჰქონდა, ესეც პოლიტიკურ პოზიციად შეიძლება ჩაითვალოს. ის არც არის დისიდენტური ტიპის მოაზროვნე, ის სხვა გზას ირჩევს - არ არის ჩართული ეპოქალურ საკითხებში. მისი აზროვნების წესი ფარდობითია, არაკატეგორიული. ის არ გვთავაზობს აზრებს, ის გვთავაზობს ფიქრს”...(სტილი დაცულია)

ასეთი პოზიცია ნიკო სამადაშვილს ბუნებრივად სწყვეტდა მკითხველს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მისთვის ეს უმტკივნეულო იყო. მწერალი, მთარგმნელი და ლიტერატურის მკვლევარი თამაზ ჩხენკელი წერს, რომ ნიკო სამადაშვილი ”ცდილობდა გამოენახა გზები (როგორც შინაგანად, ისე გარეთ) იმ მარტოობის დასაძლევად, რაც ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებასთან მისმა უკონტაქტობამ გამოიწვია. უკანასკნელ ხანს იგი თითქოს ძალიან ახლოს იყო სანუკვარ მიზანთან, რუდუნებით მუშაობდა, დაიმედებული იმით, რომ გადალახავდა თავის თავში და თავის გარეთ იმ დაბრკოლებებს, რომლებიც მას ხალხის დიდ აუდიტორიას აშორებდა. ნიკო სამადაშვილის უბედურება ის იყო, რომ მისი პოეტური მოწიფულობისა და დადგინების ხანა შესაფერის ლიტერატურულ ატმოსფეროს არ დაემთხვა.”

ნიკო სამადაშვილის პოეზიის კიდევ ერთ თავისებურებას - თუ გნებავთ, გამჭოლ მოტივს - აღნიშნავს ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი გია ალიბეგაშვილი:

[გია ალიბეგაშვილის ხმა] ”ნიკო სამადაშვილი რელიგიური პოეტია, მაგრამ აქცენტს მხოლოდ ქრისტიანობაზე არ აკეთებს, არამედ წარმართობის ნაშთებზე, რომლებიც უნდა დაძლიოს ადამიანმა და თანამედროვე კულტურასა და ხელოვნებას მიეახლოს. ერთ-ერთ ლექსში წერს კიდეც, რომ ეს წარმართობა უნდა დაიძლიოს ანგელოსთა მოვლინებით. ასეთი უცნაური ხედვები, უცნაური ფერწერული ხატები უამრავია ნიკო სამადაშვილთან და ერთდროულად გიტოვებს სისავსისა და უკმარობის განცდას, რომელიც ხშირად ბოლომდე გაუხსნელი რჩება მკითხველისათვის.”

გია ალიბეგაშვილის ამ აზრს - კერძოდ, დაძლევის მოტივს - ეხმიანება ნიკო სამადაშვილის ”100 ლექსის” რევაზ სირაძისეული შეფასება:

[რევაზ სირაძის ხმა] ”მთელ ამ კრებულს გასდევს თვითირონია, თვითუარყოფა, თვითდაძლევა. აქ არის მარადიული სევდა (ამას ვინ გაუშვებდა ასე იოლად) - მარადიული სევდა, რომელიც არ არის მოტივირებული არც ეპოქით და არც ბიოგრაფიით. ადამიანს ევალება სევდა, რადგან ისეთი მოცემულობაა, რომელშიც არის ორი შეუთავსებელი რამ: სული და ხორცი. ის დაბადებითვე სევდიანია, მთელი მისი ცხოვრება და თვითონ პოეზიაც არის ამ სევდის დაძლევა. აქ არ არის სევდის ესთეტიზაცია. ეს არის ნაღდი, შინაგანი, მძლავრი, მოუშორებელი სევდა. ესაა მისი მოვალეობა, ჯვარი და ტვირთი.”(სტილი დაცულია)

თამაზ ჩხენკელი თავის წერილში ”კაცი და პოეტი” ამბობს, რომ ნიკო სამადაშვილის ეს პირქუში განწყობილება გულის შემაღონებელი დეტალიზაციით აღბეჭდილ სახეებს ბადებს: ”ძვლებს უკეთებდი ქვაბის ზედადგარს, შიგ ჩემი სისხლის ზედაშე დუღდა”; “თითქოს მე ვიყო გამოქვაბული და ჩემს ქვეშ სისხლის მდინარე ქუხდეს”; ”ვინც თვალის ჩინი ამოგიძოვა, შეგასხა კედელს როგორც ზედაშე” და სხვ. ამ განწყობილებებს სიცოცხლის მომნიჭებელი საწყისის, უჩინარობის, დაკარგულობის განცდა უდევს საფუძვლად. ღმერთი არა ჩანს მის ქმნილებაში და ეს იწვევს სამყაროს ფუტუროობის, სიცოცხლის უაზრობისა და ამიტომ უფასურობის, ზედმეტობის გრძნობას. ნიკო სამადაშვილი გროტესკულად ზუსტ სახეებს ძებნის ამ სიკვდილისმაგვარი სიცოცლხის გამოსახატავად. ”ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები”. უცნაური ის არის, რომ თავად სიკვდილშიც არ თავდება სიცოცხლე, სიკვდილშიც არ არის საშველი და მოსვენება.”(სტილი დაცულია)

რევაზ სირაძეს მიაჩნია, რომ ნიკო სამადაშვილის პოეზიაში თემები კი არაა წამყვანი, არამედ სახეები. მის ლექსებში ხშირია მიმზიდველი მოულოდნელობით აღბეჭდილი სახეები, მაგრამ არის ისიც, რასაც, შეიძლება ითქვას, მოელოდა ქართული სახისმეტყველება. ასეთია პიროვნების ტაძრად წარმოდგენა ლექსში, რომლითაც სრულდება კრებული ”100 ლექსი”:

[რევაზ სირაძის ხმა] ”ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისაგან (თუ პირიქით). ეს ALTER EGO-ა. პოეტი უყურებს მეორე მე-ს მასში: ”შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი”. ჩაკეტილი სივრცეა, თუნდაც კარგი სივრცე - საყდარი. და იქ ქნარივით ისმის ხმა იმ მეორე მე-სი და არა მხოლოდ ისმის - ჩანს თითქოს, როგორც ნათელი. ხმა ანათებს.”(სტილი დაცულია)

ამ ლექსის და, გავბედავ ვივარაუდო, ნიკო სამადაშვილის მთელი პოეზიის ყველაზე ცნობილი სტრიქონი თავისებურად ადასტურებს, რომ არა მხოლოდ მისი ავტორი ეკრძალვოდა აუდიტორიას, არამედ მკითხველიც არ იყო მზად ასეთი პოეზიის, ან გნებავთ, ასეთი უჩვეულო, მკვეთრი სახეების აღსაქმელად და გასაგებად. აი, რას იხსენებს რევაზ სირაძე:

[რევაზ სირაძის ხმა] ”ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები, ტანზე გამონაყარი.” არც კი მინდა, დავასახელო ერთი, არცთუ ურიგო ლიტერატორი და ესთეტი, რომელსაც უთქვამს: პოეზია მაგას ავადმყოფობად მიაჩნიაო?”

ცალკე საკითხია ნიკო სამადაშვილის პოეზიის ენა, რომელიც, მწერალ თამაზ ჩხენკელის შენიშვნით, ”მოკლებულია კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას. ეს ყველაზე კარგად მის რაღაცნაირად შეშფოთებულ, დისონანსურად ალუფხულ რითმებში ხდება საცნაური. არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც ზოგჯერ უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება.”

ნიკო სამადაშვილის წიგნსა და პოეზიაზე ლაპარაკს კი პროფესორ გია ალიბეგაშვილის სიტყვებით დავასრულებთ:

[გია ალიბეგაშვილის ხმა] ”ეს იყო უფრო სულის პოეტი. ეს იყო სულზე და მაინც შთამომავლობაზე გათვლილი პოეზია.”
XS
SM
MD
LG