Accessibility links

logo-print

ვისზე გავრცელდება ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება


დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის სახელზე შევიდა ლეიბორისტული შრომის პარტიის განცხადება. განცხადებაში ლეიბორისტები გია ქავთარაძეს

ულტიმატუმის სახით სთხოვენ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იმ ნორმატიული აქტის რეგისტრაციაში გაუტარებლობას, რომლის თანახმად ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. ლეიბორისტები მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის მომხმარებელი მოსახლეობის სამ კატეგორიად დაყოფას კონსტიტუციურ დარღვევად მიიჩნევენ. ძნელი მისახვედრი არ არის, გაიზიარებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო ლეიბორისტთა შეხედულებებს, მით უფრო, რომ არსებობს არგუმენტი: მათთვის, ვისაც გაძვირებული ტარიფის დაფარვა გაუჭირდება, მთავრობა სოციალური დაცვის ახალ მექანიზმს ამუშავებს. ვის და როგორ დაეხმარება საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფის დაფარვაში?

ელექტროენერგიის გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირებას საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით 50 მილიონი ლარის ოდენობით გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებას, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ოჯახი მიიღებს. სუბსიდიის მიმღები ოჯახების მონაცემთა ბაზა პრაქტიკულად უკვე მომზადებულია. ელექტროენერგიის ტარიფზე შეღავათებით სოციალურად დაუცველი ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც სოციალური დახმარების პროგრამაში მოხვდნენ. პროგრამა, როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 250 000–მდე ოჯახზე გავრცელდება. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირება არ დასრულებულა და იგი მუდმივად განახლებადი იქნება. სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებაზე მიუთითებს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ თოხაძე:

[ნიკოლოზ თოხაძის ხმა]“მე ჯერჯერობით მაგ ციფრს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზის განახლება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რა სახით იქნება ტარიფის სუბსიდირება, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს.“

ტარიფის სუბსიდირების ფორმებზე თითქმის არაფერია ცნობილი თბილისის ელექტროგანმანაწილებელ კომპანიაშიც. ერთადერთი კონკრეტული ინფორმაცია, რომელზეც ახლა შეიძლება საუბარი, ამ ერთი კვირის წინათ საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მეგრელიშვილმა სოციალური დახმარების პროგრამის პრეზენტაციაზე გაავრცელა:

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა]“ განხორციელდება ელექტროენერგიის ტარიფის მატების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. ანუ 100 კილოვატის ფასის მატების სუბსიდიაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანები მიიღებენ 1,5 ლარს, ხოლო რეგიონებში იმის გამო, რომ მეტად იმატებს ფასი, სუბსიდიის მოცულობა 5 ლარი იქნება.“(სტილი დაცულია)

ელექტროენერგიის მოხმარების შეღავათიანი პირობებით აქამდე, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 108 600 ადამიანი სარგებლობდა. სოციალური დახმარების ერთიანი სახელმწიფო ფონდი დახმარებას სულ კანონით გათვალისწინებულ 19 კატეგორიაზე გასცემდა. მოუსმინეთ ფონდის სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს მამუკა მაჭავარიანს:

[მამუკა მაჭავარიანის ხმა]“არის გარკვეული გრადაცია. მაგალითად, ომის ინვალიდებს ჩვენ თბილისში მცხოვრებლებს, რადგან ტარიფი უფრო მაღალია, თბილისში ვაძლევთ 23 ლარს ყოველთვიურად, რაიონში მცხოვრებლებს - 16 ლარს. რაც გაიზარდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდება ბიუჯეტური თანხების დამატება და, შესაბამისად, გაეზრდებათ ლიმიტირებული მათზე გასაცემი თანხა.“(სტილი დაცულია)

დავუბრუნდეთ სოციალურად დაუცველთა სუბსიდირების თემას. მანამ, ვიდრე მთავრობის მიერ გაწერილ კონკრეტულ ინსტრუქციებს უშუალოდ გამანაწილებელი კომპანიები მიიღებენ, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, სუბსიდირების რა მექანიზმს აირჩევს მთავრობა. “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვალერი ფანცულაია მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ თბილისში განხორციელებული ზამთრის გათბობის პროგრამის მექანიზმი უკვე ადაპტირებულია და მისი გამეორება ურიგო არ იქნებოდა:

[ვალერი ფანცულაიას ხმა]“ ჩვენთან არის 400 000–მდე ოჯახი და 100 000–ს, ყოველ მეოთხე ოჯახს, ეხმარებოდა ზამთრის განმავლობაში. და ესენი პროგრამით მოსარგებლენი, ეგრეთ წოდებული ბენეფიციარები იყვნენ. ასახული იყო ეს ჩვენს ბაზაში და ესეთი მექანიზმი იყო, რომ თითოეულ მომხმარებელზე, თითოეულ ოჯახზე, უფრო სწორად, იყო გამოყოფილი გარკვეული კილოვატ–საათები და თანხა, რომელიც შემდეგ ჯდებოდა თითოეული მომხმარებლის ანგარიშზე და, ალბათ, ასეთი ფორმით განხორციელდება ახლაც.“(სტილი დაცულია)

ვალერი ფანცულაიას თქმით, ყოველდღიურად “თელასს”, შეღავათიანი, სუბსიდირებული ტარიფით სარგებლობის მოთხოვნით, არაერთი ადამიანი მიმართავს. შეღავათების მიმღებთა სიას კი, კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, მხოლოდ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო ადგენს.
XS
SM
MD
LG