Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფაინენშლ ტაიმსის” სპეციალური დამატება საქართველოს შესახებ


საერთაშორისო პრესის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა,“ფაინენშლ ტაიმსი”, რომელიც თავისი პროფილიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გავლენით მსოფლიოს საფინანსო წრეებში სარგებლობს,

დღეს სპეციალური დამატებით გამოვიდა. ბრიტანეთის ეს გაზეთი რეგულარულად აქვეყნებს ასეთ დამატებებს - ”Special Reports” - სხვადასხვა ქვეყნების, სამრეწველო სექტორების, ფინანსური თემების შესახებ ვრცელი ინფორმაციით. და აი, 16 მაისს ასეთი “სპეციალური რეაპორტაჟი” - “ფაინანშლ ტაიმსის” ოთხგვერდიანი დამატება მთლიანად ეთმობა საქართველოს.

სტატიების სათაურები კი ასე ჟღერს: “ახალბედა სახელმწიფო დასავლეთისკენ იყურება”, “პრეზიდენტი შეშფოთებული შესცქერის რუსეთს”, “კონფლიქტები ძირს უთხრის სახელმწიფოს მთლიანობას”, “კორუფციის აღმოფხვრა მთავრობის პრიორიტეტია”, “ღვინის სამშობლო საკუთარი წარმატების მსხვერპლი ხდება”... ამ და კიდევ რამდენიმე სტატიის ავტორები არიან ჟურნალისტები ნილ ბაკლი, არკადი ოსტროვსკი, ტომ ვორნერი. თუმცა, არის გამონაკლისიც: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი - კერძოდ, მისი ვრცელი მიმართვა, რომელიც “ფაინანშლ ტაიმსის” ამ დამატების პირველივე გვერდზე იბეჭდება.

ამ “მიმართვაში ბიზნესმენებისა და ინვესტორებისადმი” პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს რწმენას, რომ “ენერგიული, მაგრამ დისციპლინირებული რეფორმების მეშვეობით” საქართველომ ბოლო ორი წლის მანძილზე დრამატულ, ამასთან გრძელვადიან ცვლილებებს მიაღწია. რეფორმის დეტალებზე, რომელთაგან პრემიერ-მინისტრის მიმართვაში რამდენიმეა დასახელებული, ვერ შევჩერდებით, დროის სიმცირის გამო... პრემიერი დაასკვნის, რომ ამ რეფორმის შედეგად შემცირებულია საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად საჭირო დრო და ძალისხმევა. ზურაბ ნოღაიდელი ეხება ასევე პრივატიზაციის პროგრამას, საბანკო კრედიტების ბუმის დასაწყისს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და უცხოელებს საქართველოში ინვესტირებისაკენ მოუწოდებს.

პრემიერ-მინისტრის ამ, ნახევარგვერდიან მიმართვას მისი ფოტოსურათიც ახლავს - ისევე როგორც ჟურნალისტ ტომ ვორნერის სტატიას, რომელიც პრივატიზაციის თემას ეხება. ერთი ციტატა სტატიიდან: “საქართველოს მთავრობა ტენდერებზე ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს ინვესტიციების გარშემო კონფერენციების მთელს სერიას - მათს შორის იყო 4 მაისის კონფერენცია ლონდონში (...) მსოფლიო ბანკის ორგანიზაცია “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” წარმომადგენლის, სიმეონ დიანკოვის განცხადებით, სავარაუდოდ, საქართველო მთელს მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს სიაში, რომელშიც საფინანსო კორპორაცია ჩამოთვლის ყველაზე სწრაფი რეფორმების განმახორციელებელ ქვეყნებს.” ეს სია სექტემბერში გამოქვეყნდება.

ეს და “ფაინენშლ ტაიმსის” დამატებაში დაბეჭდილი სხვა სტატიები საქართველოსადმი, შეიძლება ითქვას, კეთილგანწყობით გამოირჩევა. მათში ლაპარაკია ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე, რომელიც განაპირობებს მისდამი ენერგოკომპანიების ინტერესს, მშვენიერ ბუნებაზე, ნოყიერ მიწაზე...

“ფაინენშლ ტაიმსის” ამერიკელი მკითხველის საყურადღებოდ აღნიშნულია, რომ აშშ-ში კარგად ცნობილ სუპერმარკეტებში - “უოლ-მარტის” ქსელში - სექტემბრიდან გაიყიდება შუშის ბოთლებში ჩამოსხმული სითხე წარწერით “ქართული ბროწეულის წვენი”. სტატიაში იმასაც წაიკითხავთ, რომ ამ წვენს საქართველოში აწარმოებს კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობს 31 წლის ვლადიმირ გუგუშვილი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

“საქართველოს აქვს ყველა კომპონენტი საიმისოდ, რომ მდიდარი ქვეყანა იყოსო”, - ასე იწყება არკადი ოსტროვსკის წერილი. მაგრამ მასში, ან სხვა წერილებში გამოხატული კეთილგანწყობა არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკას ვერ გაეცნობით - “ფაინენშლ ტაიმსი” ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ოპოზიციის უკმაყოფილებაზე ძალაუფლების მეტისმეტი ცენტრალიზაციის, პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო, მოჰყავს ოპოზიციის შეფასება საქართველოს ხელისუფლების “ნეობოლშევიკურ” ტენდენციებზე.

სტატიებში რამდენჯერმეა ნახსენები სეპარატისტული კონფლიქტები, მათი მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა. კონფლიქტების კონტექსტში მითითებულია მოსკოვის ფაქტორზე - და არა მარტო ამ კონტესქტში. ყურადღებაა გამახვილებული რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვაზე და ისიც არის ნათქვამი, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა იანვარში მიიღო რეზოლუცია, სამხრეთ ოსეთიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანის შესახებ, რუსეთთან დაძაბულობა გამწვავდა.

დაბოლოს, შეჯამების სახით, ალბათ, უნდა ითქვას ის, რომ “ფაინანშლ ტაიმსი” მიუთითებს დაბალ გადასახადებსა და რადიკალურ ლიბერალიზაციაზე, რაც საქართველოში ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას: როგორც “ფაინენშლ ტაიმსი” აღნიშნავს, წელიწადში 8- პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. და ყურადღება მახვილდება საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე. ეს დასტურდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუთი და ილუსტრირებულია სპეციალური დამატების პირველივე გვერდზე დაბეჭდილი ფოტოსურათით: მასზე გამოსახულია პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ამერიკელი კოლეგა, ჯორჯ ბუში - ამ უკანასკნელის თბილისში ვიზიტისას.
XS
SM
MD
LG