Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ჯარისკაცების განთავსებას აპირებენ


თეთრი სახლიდან წუხელ პირდაპირი ეთერით გადაიცა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სატელევიზიო მიმართვა, რომელიც აშშ-ში უკანონო იმიგრაციას ეხებოდა.

პრობლემა ამ ქვეყანაში მწვავედ დგას: უკანონო იმიგრანტების რიცხვი, სავარაუდოდ, 12 მილიონს აღწევს! ამ ადამიანების დიდ ნაწილს კი შეადგენენ ისინი, ვინც აშშ-ში მექსიკასთან საზღვრიდან შეაღწია. ამიტომ ჯორჯ ბუშის ტელემიმართვაში საუბარი სწორედ სამხრეთის საზღვარს ეხებოდა.

მექსიკასთან აშშ-ის 3000-კილომეტრიანი საზღვრის დაცვაში, როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, 6000 ეროვნული გვარდიელი ჩაერთვება. დროებით. ვიდრე ამ ფუნქციას 6000 მესაზღვრე არ შეასრულებს. [ჯორჯ ბუშის ხმა] “ათწლეულების მანძილზე აშშ სრულად არ აკონტროლებდა საზღვრებს. შედეგად, ბევრმა, ვისაც ჩვენს ეკონომიკაში მუშაობა სურდა, ჩვენი საზღვრებით შემოპარვა შეძლო, მათგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში დარჩა”.

უნდა ითქვას, რომ ამერიკის კონგრესის არაერთი რესპუბლიკელი წევრი - ანუ ჯორჯ ბუშის თანაპარტიელი ემხრობა ამ “მილიონობით ადამიანის” იძულებით დეპორტაციას, რათა მათ “ამერიკელებს აღარ წაართვან სამუშაო ადგილები”. მაგრამ დეპორტაციის მოთხოვნას არ ემხრობა თვით პრეზიდენტი...

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ზოგი ამ ქვეყანაში ირწმუნება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ყველა უკანონო იმიგრანტის დეპორტაცია და რომ უფრო რბილი ნებისმიერი ზომა ამნისტიის ტოლფასი იქნებოდა. მე ასე არ ვფიქრობ. არ იქნებოდა არც გონივრული და არც რეალისტური იმ მილიონობით ადამიანის შეპყრობა და საზღვრის იქით გაგზავნა, რომელთაგან ბევრმა უკვე მყარად გაიდგა ფესვები შეერთებულ შტატებში. არსებობს რაციონალური შუალედური გზა - ერთი მხრივ, ყველა უკანონო იმიგრანტისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას და, მეორე მხრივ, მათს მასობრივ დეპორტაციას შორის”.

ჯორჯ ბუშის გამოსვლაში ნახსენებ რაციონალურ “შუალედურ გზაზე” მითითებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ, პრეზიდენტისვე თქმით, უკანონო იმიგრანტს მოუწევს ჯარიმის გადახდა, გადასახადების გადახდა, ინგლისურის სწავლა და სტაბილური სამუშაოს შოვნა. ამის შემდეგ მას უკვე მიეცემა უფლება, ითხოვოს ამერიკის მოქალაქეობა. კონგრესში, სადაც ამჟამად განიხილავენ იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მართლაც ბევრი მოითხოვს, რომ უკანონო იმიგრანტებს საბოლოოდ მიეცეთ მოქალაქეობის მოპოვების შანსი - თუმცა, როგორც წეღან ითქვა, არიან მკაცრი ანტიიმიგრაციული ზომების მომხრეებიც.

მაგრამ დავუბრუნდეთ მექსიკასთან საზღვარზე 6000 გვარდიელის განთავსების საკითხს, რომლის შესახებაც ჯორჯ ბუშის ტელემიმართვაში ითქვა. აშშ-ის ეროვნული გვარდია შედგება სამხედრო შენაერთებისაგან, რომლებიც შტატების გუბერნატორებს ექვემდებარება. სხვათა შორის, ბევრი შენაერთი ამჟამად ერაყსა და ავღანეთში მსახურობს.

მაგრამ მათი ყოფნა მექსიკის საზვარზე, როგორც პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ირწმუნება, არ ნიშნავს საზღვრის მილიტარიზაციას. გვარდიელები მარტო დაეხმარებიან საზღვარზე დასაქმებულებს ისეთი ფუნქციების შესრულებაში, როგორიც, მაგალითად, დაზვერვაა. გარდა ამისა, დასძინა ბუშმა, დაგეგმილია მექსიკასთან კოორდინირებული მოქმედება, როგორც უკანონო მიგრაციის, ისე ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ძალისმხევაში.

როგორც უნდა იყოს, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიელების განსათავსებლად ჯორჯ ბუშს ესაჭიროება იმ შტატების გუბერნატორების დასტური, რომლებმაც საზღვარზე გვარდიელები უნდა გააგზავნონ. ზოგმა დასტური, მართალია, უკვე გამოთქვა, მაგრამ არიან კრიტიკოსებიც, რომელთა შეფასებითაც, ერონული გვარდია უკვე ძალიან დაკავებულია მისიებით ერაყსა და ავღანეთში.
XS
SM
MD
LG