Accessibility links

დაპირისპირებული მხარეები ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე თანხმდებიან - რაში დაიხარჯება დონორების მიერ გამოყოფილი მილიონები


ცხინვალის რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას შუამავალი და დონორი ორგანიზაციები - მათ შორის, ევროკომისიის,

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები - გასული წლის დეკემბრიდან სწავლობენ. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა უკვე წარმოადგინეს პრიორიტეტული პროექტები, ხოლო ევროკომისია მზადაა მათ დასაფინანსებლად 10 მილიონი ევრო გამოყოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ნდობის ამაღლებას და შექმნის პოლიტიკური დიალოგისთვის ხელსაყრელ პირობებს. თუმცა ამ მოსაზრებას საქართველოს პარლამენტში ყველა დეპუტატი როდი იზიარებს.

ევროკავშირი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამას აქამდეც აფინანსებდა. 2004-2005 წლებში ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2,5 მილიონი ევროს სამუშაო იქნა შესრულებული, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ამტკიცებს, მხარეებს თანაბარი დაფინანსება არ მიუღიათ. გურამ ვახტანგიშვილის ინფორმაციით, 10 მილიონიან პროგრამაშიც ქართული სოფლები მწირადაა წარმოდგენილი:

[გურამ ვახტანგიშვილის ხმა] „პროექტების 80 პროცენტი ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორციელდება. ახლაც მიმდინარეობს ახალი ობიექტების პროექტირება, სადღაც 44 ობიექტია. აქედან ქართული მხოლოდ 10 პროცენტი თუ იქნება.“

გურამ ვახტანგიშვილი ამგვარი დისბალანსის გამო კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს უსაყვედურებს, თუმცა მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი ბუნებრივად მიიჩნევს იმას, რომ პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი პრობლემის სიმწვავეს ენიჭება და არა ეთნიკურ კუთვნილებას. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ და დეპუტატმა იკამათეს კიდეც.

[გიორგი ვოლსკის ხმა] „საერთოდ, უნდა განვიხილოთ კომპლექსში: სამშვიდობო პროცესისთვის რა კეთდება და არა ის, თუ რა კეთდება ოსისთვის ან ქართველისთვის.“

საჭიროა თუ არა სოციალური პროექტების შერჩევისას ბალანსის დაცვა? ამ კითხვას პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ასე უპასუხებს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „სოციალური პროექტები - ეს იქნება ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ ცხინვალის ხელისუფლების ტერიტორიაზე. საუბარია გაზიფიკაციაზე, ელექტროფიკაციაზე, წყალსადენის გაყვანაზე. ამ თემაზე - ვის რამდენი პროცენტი შეხვდა - საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება. უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის სრული ათვისება ამ თვალსაზრისით.“ (სტილი დაცულია)

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დონორი ორგანიზაციები კომერციულ პროექტებს საერთოდ არ დააფინანსებენ. პროგრამა არ გამორიცხავს სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების აღდგენის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაციის პარალელურად მცირე მასშტაბის ბიზნესპროექტების დაფინანსებასაც. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ დონორთა კონფერენციაზე, რომელიც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბრიუსელში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ, პროგრამის განხორციელების პარალელურად, მთავრობა ბიუჯეტიდან გამოყოფს დონორი ქვეყნების მიერ გაღებული გრანტის ოდენობის თანხას, რომელიც ასევე ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG