Accessibility links

logo-print

პრესა ქართულ-აფხაზური შეხვედრის შესახებ


15 მაისს თბილისში გამართული ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომას გამოეხმაურა როგორც ქართული, ისე რუსული და აფხაზური მედია.

გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას:

ქართული პრესა გუშინდელ ქართულ-აფხაზურ შეხვედრას არაერთგვაროვნად აფასებს. საერთო ამ შეფასებებში არის ის, რომ თავისთავად შეხვედრის ფაქტი მედიამ დადებითად აღიქვა. ”24 საათი” წერს, რომ ”დიალოგი აღდგა”. იმავე გაზეთის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე ქართულ-აფხაზური სხდომის ჩატარება თავისთავად არის მნიშვნელოვანი. ავტორს მიაჩნია, რომ ”უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლების ყურადღება, როგორც ჩანს, მთლიანად აფხაზეთის საკითხზე იქნება კონცენტრირებული. მით უმეტეს, გაჩნდა იმის ნიშნები, რომ თითქმის 15 წლის მანძილზე გაყინულ მდგომარეობაში არსებულმა კონფლიქტმა თანდათან დაიწყო ”ლღობა”.

გაზეთ ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია კი, გუშინდელი შეხვედრის ფონზე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პერსპექტივას ასე აფასებს: ”თუ რეგიონში რუსეთის გავლენა შემცირდა, მაშინ, გარე ძალების ზემოქმედების შედეგად, შეიძლება ასეთმა მოლპარაკებებმა შედეგი მოიტანოს. მთავარია, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ვაპირებთ აფხაზეთის მშვიდობიანად დაბრუნებას. ეს არის ძირითადი ფაბულა იმისა, რაც ხდება. შედეგი სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული და ყველაფერი ამ დელეგაციის დონეზე არ წყდება,” - ამბობს შოთა მალაშხია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე კი ”რეზონანსს” განუმარტავს, რომ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და რაიმე კონკრეტულის თქმა ახლა შეუძლებელია. იმას კი, რამდენად მზად არის აფხაზური მხარე აფხაზებისათვის სასიცოცხლო გადაწყვეტილება მიიღოს, მოლაპარაკებათა პროცესი გამოაჩენს.

გაზეთი ”ალია” წერს, რომ ”ახალი ქართულ-აფხაზური გეგმა არ არსებობს”. ”თბილისში ახალი პიარკამპანია დაიწყო”, - წერს ”ალია”. - ”თბილისი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ კონფლიქტების დარეგულირების ახალი გეგმა არსებობს. თუმცა ესეც სიცრუეა. სინამდვილეში ის, რაც ახალია, კარგად დავიწყებული ძველია. ამ გეგმაზე ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლება ტრაბახობდა. ახლა სააკაშვილის ხელისუფლება იტრაბახებს.”

რუსული ”ნეზავისიმაია გაზეტას” მიმომხილველს კი მიაჩნია, რომ ძლივს დაძრული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები კვლავაც ჩიხში აღმოჩნდება. ”ამის მიზეზი კი იქნება არა მხოლოდ აფხაზეთის მომავალი სტატუსის პრობლემა, არამედ კონფლიქტის მხარეთა დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმართ,” - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა” და აღნიშნავს, რომ 15 მაისს გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრის დროში დამთხვევა რუსეთის სამხედრო ბაზიდან ტექნიკის პირველი პარტიის გატანასთან შემთხვევითი არ იყო და რომ ორივე ეს მოვლენა სააკაშვილის კურსის რეალიზაციაა, რაც რუსი სამხედროების საქართველოდან საბოლოოდ განდევნას გულისხმობს. ”ნეზავისიმაია გაზეტას” პუბლიკაციის სათაურიც ასეთი გახლავთ: ”მოლაპარაკებები ბორბლების ხმაურის ფონზე”.

საქართველოსთვის გუშინდელი დღის ორ უმთავრეს მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებს ”მოსკოვსკი კომსომოლეციც: ”დღემდე რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ისინი, ვისაც მიაჩნდა, რომ ჩვენ მთელი საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამასთან, შევინარჩუნოთ მეგობრული დამოკიდებულება კავკასიის ამ რესპუბლიკასთან ნებისმიერი სახის დათმობის ხარჯზე და ისინი, ვინც ირწმუნებოდა, რომ საქართველო ბუნებით ანტირუსულია და ამიტომ რუსეთი უნდა გამაგრდეს ახალ ფორპოსტებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური კლასი, საბოლოოდ, მეორე შეხედულებას მიემხრო. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, აშკარად, საქართველოდან შრომითი მიგრაციის შეზღუდვა იქნება. თუმცა გაუგებარია: მოსკოვი, ერთი მხრივ, ასუსტებს სააკაშვილის რეჟიმს, როცა ქართული პროდუქციის იმპორტს კრძალავს, მეორე მხრივ კი, აძლიერებს მას ბაზების გაყვანით. ეს ხომ მხოლოდ სააკაშვილის პოპულარობას შეუწყობს ხელს საქართველოში,” - შენიშნავს ”მოსკოვსკი კომსომოლეცი”.

აფხაზური სააგენტო ”აფსნიპრესი” წერს, რომ სერგეი შამბა კმაყოფილია საკოორდინაციო საბჭოზე მიღწეული წინასწარი შედეგებით. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობითვე, ”აფსნიპრესი” წერს, რომ აფხაზური მხარე არ მოელის საქართველოს ხელისუფლების მიერ ”ბაღაფშის გეგმის” სრულად გაზიარებას, თუმცა ის მზად არის ეტაპობრივი მუშაობისთვის. ”კონფლიქტის მოგვარება ხანგრძლივი პროცესია. ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ კონფრონტაციაზე და საჭიროა გაიხსნას გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პირობების შესაქმნელად. ბაღაფშის გეგმის ძირითადი მომენტები ამის საშუალებას იძლევა.” - სერგეი შამბას ნათქვამს სააგენტო ”აფსნიპრესი” ავრცელებს.
XS
SM
MD
LG