Accessibility links

logo-print

აპირებს თუ არა უკრაინა, საქართველოსთან ერთად გამოვიდეს დსთ-დან


21-22 მაისს კიევში რეგიონული გაერთიანება სუამის სამიტი გაიმართება. თუმცა მანამდე უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში,

ერთმანეთს ლიტვაში შეხვდნენ და, სხვა ერთობლივი მიზნის გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შესაძლებლობაც განიხილეს, კიევის სამიტის წინ უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში დამოკიდებულება იცვლება და დსთ-დან გამოსვლის შესახებ განცხადებებს მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვის მოკრძალებულ მცდელობად მიიჩნევენ.

უკრაინაში 26 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტიკურ ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბების შემდეგ, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ხედვები აღარაა ისე ჰარმონიული, როგორიც ”ნარინჯისფერი რევოლუციის” პირველი წლის განმავლობაში იყო.თუ საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში უალტერნატივოა ნატოში გაწევრიანება, უკრაინის პარლამენტში, რომლის თითქმის ნახევარს ვიქტორ იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტია” წარმოადგენს, ალიანსში გაწევრიანების თაობაზე დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულებაა. ”რეგიონების პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ტარას ჩორნოვილმა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხში მათ ”ნარინჯისფერთა” კოალიციის ზოგიერთი სუბიექტის მხარდაჭერის იმედიც აქვთ:
[ტარას ჩორნოვილის ხმა] ”ჩვენ ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ ჩატარდება საერთოუკრაინული რეფერენდუმი და ნატოში გაწევრიანებას ერთი მომხრით მეტი მაინც ეყოლება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ხდება დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა, ვინაიდან პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე, რეფერენდუმიც რომ არ იყოს, ნატოში შესვლა წარმოუდგენელია. მაგრამ პარლამენტში, ნებისმიერი კოალიციის შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობა წინააღმდეგი იქნება. მაგალითად, სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც ”ნარინჯისფერთა პარტნიორია”, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ წინააღმდეგია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისა.”

ტარას ჩორნოვილის თქმით, ანალოგიური დამოკიდებულება არსებობს უკრაინის მოსახლეობასა და პოლიტიკურ ელიტაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება, ”რეგიონების პარტია”, დსთ-ის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი, ტარას ჩორნოვილის თქმით, თანამეგობრობიდან გამოსვლაზე უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წევრის საუბარი ორმაგ თამაშს წააგავს:
[ტარას ჩორნოვილის ხმა] ”გავლენა, სავარაუდოდ, იმან მოახდინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული ორმაგი თამაში, ერთი მხრივ, სუამის წევრ სახელმწიფოებთან და, მეორე მხრივ, რუსეთთან, რადგან პირდაპირი დაპირისპირების პოლიტიკამ არავითარი პოლიტიკური დივიდენდი არ მოიტანა, გარდა ეკონომიკური ზარალისა.”

მართლაც, ერთი კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა არ აპირებს თანამეგობრობიდან გამოსვლას და რომ ასეთი მოსაზრება მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებს ეკუთვნით. ამ აზრს იზიარებს უკრაინის პარლამენტის წევრი, იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენელი, ვოლოდიმერ პოლოხალო, თუმცა წარსულში ცნობილი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ თანამეგობრობამ ამოწურა საკუთარი თავი და რომ უკრაინის ხელისუფლებამ უფრო გადამჭრელად უნდა იმოქმედოს:

[ვოლოდიმერ პოლოხალოს ხმა] ”უკრაინელ ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დსთ-მ, როგორც ეროვნულ ინტერესთა რეალიზების ინსტრუმენტმა, ამოწურა საკუთარი თავი. ამასთან, ამგვარ სანახევრო, არათანამიმდევრულ საუბრებში - გამოვიდეთ თუ არა დსთ-დან - იკითხება ჯერ კიდევ არასაკმარისად დამოუკიდებელი პოლიტიკა და ბუნდოვანია, თუ რამდენად არის მზად უკრაინის პოლიტიკური ელიტა და უკრაინის პრეზიდენტი იყვნენ თანამიმდევრულნი ევროპული არჩევანის რეალიზებაში.”

ასეთი განწყობის ფონზე შეიკრიბებიან სუამის - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის - პრეზიდენტები კიევში. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველო ჯერჯერობით აშკარა უმცირესობაშია და საკმაოდ ნაადრევი აღმოჩნდა ოპტიმისტური განცხადებები, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას უკრაინა და საქართველო ერთდროულად ტოვებენ.
XS
SM
MD
LG