Accessibility links

logo-print

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს უცხო ქვეყნების ეკონომიკური ექსპანსია?


ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო საწარმო გაიყიდა - ”თბილგაზი” და ”ელექტროკავშირი” ყაზახეთის კომპანიებმა შეიძინეს,

ბათუმის პორტი კი დანიელმა ბიზნესმენმა იან ნილსენმა იყიდა. მასშტაბურ პრივატიზაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს საბაჟო გადასახადები გააუქმოს და ეკონომიკის სხვა მარეგულირებელი ბერკეტების ლიბერალიზაცია განახორციელოს. ეკონომიკის ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი შიშობს, რომ ეს პოლიტიკა უცხო ქვეყნებს საქართველოს ეკონომიკური ექსპანსიის საშუალებას მისცემს.

საქართველოში კვლავ გრძელდება წლების წინ დაწყებული კამათი, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზებასა თუ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის სხვადასხვა ბერკეტების ლიბერალიზაციასთანაა დაკავშირებული. ასე მაგალითად, კერძო ბიზნესის წარმომადგენელი, საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საბაჟო გადასახადების გაუქმებისგან თავი უნდა შეიკავოს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ყველა ქვეყანა მიმართავს თავისი ბაზრის დაცვას და ჩვენ ვინ ვართ ასეთები და რა ძლიერი ეკონომიკა ჩვენ გაგვაჩნია, რომ ჩვენ არ მივმართოთ. ეს არ არის პროტექციონიზმი, ეს არის ექსპანსიისაგან თავის დაცვა.” (სტილი დაცვა)

უცხოური სახელმწიფოების ეკონომიკური ექსპანსიის წინააღმდეგ და მათი აქტივობის მკაცრ ფილტრში გატარების ინიციატივით გამოდის ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი აზრით, საქართველოში ”პოლიტიკური ინვესტიციები” ხორციელდება, რომელიც, ძირითადად, რუსეთიდან მოდის და, ეკონომიკის დამოუკიდებლობასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობასაც უქმნის საფრთხეს.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ჩვენ ცოტა ხნის შემდეგ აღარაფერი აღარ დაგვრჩება...”

აი, ასეთ პესიმისტურ აზრს გამოთქვამს გია ხუხაშვილი, რომელიც ქართულ ბაზარზე უცხო ქვეყნების სახელმწიფო კაპიტალისა და საეჭვო წარმომავლობის ფულის შემოსვლის წინააღმდეგ გამოდის. იგი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილს პრივატიზაციის პროცესში მიმდინარე მოვლენების შესწავლის თხოვნით მიმართავს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”თუ ჩვენი ორიენტირი არის დასავლური ფასეულობები... თორე ცოტა ხანში ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი იქნება სრულიად სხვა.” (სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი კი, პირიქით, საზღვრების გახსნას მიიჩნევს საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისა და ეროვნული წარმოების - საერთოდ, ეკონომიკის განვითარების - მთავარ მასტიმულირებელ ფაქტორად:

[გია ჯანდიერის ხმა] ”ჯერჯერობით საქართველო იმდენად არასაინტერესო და პატარა ბაზარი არის, რომ უცხოელები თავს არ იკლავენ, ეგ ფაქტია...”

იგი ასახელებს ესტონეთის მაგალითს, რომელმაც ეს გზა გაიარა და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბდა.
XS
SM
MD
LG