Accessibility links

logo-print

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა კვლავაც ქართული პრესის ყურადღების


საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა კვლავაც ქართული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება.

გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას ამ თემაზე.

“არის თუ არა მზად ქართული მხარე დაგომისის ხელშეკრულების დენონსაციისთვის?” - ამის გარკვევას გაზეთი “ხვალინდელი დღე” ცდილობს: “თბილისი დაგომისის ხელშეკრულების სამართლებრივ ანალიზზე მუშაობას იწყებს. ის იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსირებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც რუსული სამშვიდობო ძალები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიას ასრულებენ და რუსი სამშვიდობოების ქართველი და ოსი სამართალდამცავების მიერ ჩანაცვლებაზე საუბრობს”. “ხვალინდელი დღე” სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორს ირაკლი მენაღარიშვილს მიმართავს შეკითხვით – რამდენად რეალურია კონფლიქტის მხარეთა შორის სამშვიდობო მისიის სხვა ძალით ჩანაცვლებაზე თანხმობის მიღწევა. “საქმე ის გახლავთ, - უპასუხებს მენაღარიშვილი, – რომ აქ ევროკავშირის ფორმატით რაიმე სახის სამშვიდობო მისიის განხორციელება მეტად საეჭვოა. ეუთოს საკუთარი ძალები არ გააჩნია. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომელიმე ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების მანდატი მისცეს, მაგრამ ამას წინასწარი შეთანხმება სჭირდება. ხოლო სხვა ფორმატების (რომელთა არაერთი ფორმა არსებობს) განსახორციელებლად, პირველ რიგში, აუცილებელია იმ მხარის მზაობა, ვისაც შესაძლო ალტერნატივად ვვარაუდობთ,” - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი “ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში.

“24 საათი” მკითხველს სთავაზობს დისკუსიას, რომელშიც სამი ექსპერტი მონაწილეობს და რომელიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას შეეხება. დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე, პროფესორი გია ანჩაბაძე, ამბობს, რომ აფხაზეთში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან: “აფხაზეთში, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს. მათთვის შემაშფოთებელია ყოველი ვითარება, რასაც შეიძლება ძალის გამოყენება მოჰყვეს. ამთავითვე შემიძლია ვთქვა, რომ რაც არ უნდა შთამბეჭდავად მოხდეს ძალის დემონსტრირება, აფხაზეთის მხრიდან ამას კაპიტულაცია არ მოჰყვება. ამიტომ ძალოვან დაპირისპირებაში გადასვლა სწორად არ მიმაჩნია და აქ მარტო ომს არ ვგულისხმობ. მუქარა და დაშინებაც ძალის დემონსტრირებაა”, - ამბობს პროფესორი გია ანჩაბაძე.

“საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავიასთან, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერ სერგეი ბაღაფშის მიერ სამშვიდობო ინიციატივის წარმოდგენას ასე აფასებს: “ბაღაფშის ინიციატივა” მათი წარმატებული სვლა და ჩვენი წარუმატებლობაა. საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო დადგენილება: აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდა 2006 წლის 1 მაისამდე წარედგინა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების პროგრამული დოკუმენტი, მაგრამ ეს ვერ გაკეთდა. რუსულმა მხარემ ძალზე სერიოზული მნიშვნელობა, დიდი პოლიტიკური დატვირთვა მიანიჭა “ბაღაფშის დოკუმენტს”, რომელიც თვით მის წიაღში – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროშია შექმნილი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. ამრიგად, რუსეთმა წარმატებით გადაწყვიტა იმ დოკუმენტის წინმსწრებად შექმნის საკითხიც, რომლის საჭიროებაც ჩვენმა პარლამენტმა ჯერ კიდევ შარშან ცნო”, - ამბობს მჟავია “საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში.

“რეზონანსი” იუწყება, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ დაასრულა “ახალი გზის მშენებლობა, რომელიც “სამხრეთ ოსეთს” ქართული სოფლების გვერდის ავლით დააკავშირებს რუსეთთან. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ შემოვლითი გზის ამოქმედებით, ერთი მხრივ, სეპარატისტების სამხედრო პოზიციები გაძლიერდება, რადგანაც მათ უკონტროლოდ შეეძლებათ იარაღის შემოტანა რეგიონში. გარდა ამისა, ახალი გზა კონტრაბანდასაც გაზრდის, რადგანაც ქართველ პოლიციელებს ნაკლებად ექნებათ ამ გზით მოძრავი ტვირთების გაკონტროლების საშუალება”. ამის თაობაზე “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: “თბილისს არსებულ გზაზე მეტი უსაფრთხოების გარანტიები რომ შეექმნა, მაშინ ეს ახალი გზაც საჭირო აღარ იქნებოდა. ჩვენ კი თითქმის ყველა სიტუაციაში გზებს ვკეტავდით. ამან ოსების მხრიდან ამგვარი ქცევა გამოიწვია. ნებისმიერ შემთხვევაში მომავალში მაინც თუ ვიხმართ ჭკუას, ცხინვალზე და ოსურ სოფლებზე ზეწოლისთვის პოლიტიკურ სპეკულაციებს აღარ მივმართავთ და გზებს აღარ გადავკეტავთ, მაშინ ის გზა, უბრალოდ, არ იმუშავებს”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG