Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის ეროვნული კონკურსი - ”საქართველო - ღვინის სამშობლო”


რუსეთში დაწუნებული და ბაზრიდან გამოძევებული ქართული ღვინის პრესტიჟის დასაცავად და საუკეთესოს გამოსავლენად, საქართველოს სავაჭრო პალატამ ღვინის

ეროვნული კონკურსის გამართვა ითავა. ქართული ღვინის პროდუქციის სადეგუსტაციოდ თბილისში 6 უცხოელი ექსპერტი მოიწვიეს და 8 კატეგორიაში საუკეთესო ქართული ღვინის შერჩევა სთხოვეს. როგორ მიმდინარეობს ღვინის ეროვნული კონკურსი და რა სიახლეები წარადგინეს მასზე ქართველმა მეღვინეებმა?

24 კომპანიის 130-მდე დასახელების ღვინის დეგუსტაცია სასტუმრო ”შერეტონ მეტეხი პალასში” დახურულ კარს მიღმა ეგრეთ წოდებული ბრმა მეთოდით მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერტებმა არ იციან არც ღვინის დასახელება და არც მისი მწარმოებელი კომპანია, ისე უწევთ ჭურჭელში ჩასხმული ღვინისთვის ქულების დაწერა. გამარჯვებულები 12 მაისს საზეიმო ვითარებაში დასახელდება. თუ რა ჯილდოები ერგებათ მათ, საქართველოს სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კაკაბაძისგან შეიტყობთ:

[გიორგი კაკაბაძის ხმა] ”მანდ არის, საერთაშორისო მეთოდის მიხედვით, 20 ბალიანი სისტემით შეფასება. გარკვეული ბალის ზევით - ეს არის ოქროს მედალი, გარკვეული ბალები არის ვერცხლის მედალი და, ასევე, ოეტოს მედლის მფლობელს მიენიჭება სპეციალურად შექმნილი პრიზი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნის პატარა ქანდაკების ასლს. ქანდაკება წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ზის სკამზე და ხელში უჭირავს ყანწი.”

გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ გამართვა ღვინის ეროვნული კონკურსისა ”საქართველო - ღვინის სამშობლო” მარკეტინგული მოსაზრებებით, ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებისა და ქართული ღვინის პოპულარიზების მიზნით გადაწყვიტეს. ამ კონკურსში, სხვა ღვინოებთან ერთად, მონაწილეობს კომპანია ”თელიანი ველის” ახალი პროდუქცია, გაუფილტრავი ”საფერავი” და რქაწითლისგან დამზადებული ”წინანდალი”. ამ ღვინოების პრეზენტაცია 11 მაისს რესტორან ”თვუ საიდში” გაიმართა.

[ისმის ხმაური]

[გიორგი ხუციშვილის ხმა] ”ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში -საფერავი გავაკეთეთ გაუფილტრავი, ფილტრაცია არ აქვს ბოლომდე გავლილი და დავარგებულია მუხის ფრანგულ კასრებში. ძალიან სერიოზული არომატი აქვს, ტანინიანია, თუ შეიძლება ასე ითქვას, და არის “წინანდალი”, რომელიც არის რქაწითლისგან გაკეთებული...(”სტილი დაცულია”)

გიორგი ხუციშვილი, ”თელიანი ველის” წარმომადგენელი, თავისი კომპანიის ახალი პროდუქციის თავისებურებებზე გვესაუბრება. მე მას ვკითხე, რამ გადააწყვეტინათ ამ ახალი ღვინოების წარმოების დაწყება მაშინ, როდესაც რუსეთის ღვინის ბაზარი ჩაიკეტა.

[გიორგი ხუციშვილის ხმა] ”იცით, აბსურდული სიტუაციაა რუსეთთან მიმართებაში. აი, ახლა ბოლო ჯილდოები ავიღეთ სწორედ რუსეთში, რამდენიმე თვის წინ, ყველაზე დიდ გამოფენაში. ეს არის “პროდექსპო”, სადაც მონაწილეობენ ძალიან ბევრი ღვინის კომპანიები და ჩვენ ავიღეთ 5 ოქროს მედალი. “თელიანი ველის” ”თელიანი”, აი, ეს კაბერნე წინანდლის, ეს გახდა ვარსკვლავი, აი, ამ მთელი კონკურსის, აი, ის აკრძალეს და თქვეს, რომ პესტიციდები აქვსო...”(სტილი დაცულია)

გაგონილს ნანახი სჯობიაო და მეც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული საფერავი ქართული ლუდის მწარმოებელ გოგი თოფაძესთან ერთად დავაჭაშნიკე. თოფაძე ამბობს, რომ ამ ღვინოზე ფრანგებსაც კი თვალი დაუდგებათ:

[გოგი თოფაძის ხმა] ”...მშვენიერია, ძალიან კარგი ღვინოა და ქართული ღვინო ეგეთი რომ იქნება, ყველას მოეწონება. ფრანგებს არ უნდათ, კონკურენცია რომ გავუკეთოთ ასეთი ღვინით... მაგრამ ეს ყველაფერი შემოტევაა. გაუძლებენ ქართველი მეღვინეები, ეგეთი ღვინო თუ გვექნება ჩვენ.”(სტილი დაცულია)

თოფაძის მსგავსად, სხვა ბევრ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ქართველს სჯერა, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზრიდან მიღებულ დარტყმას მედგრად გაუძლებს, რაშიც მას ეროვნულ კონკურსზე დაწყებული ჯანსაღი კონკურენციაც მნიშვნელოვნად დაეხმარება.

[ისმის მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG