Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა ავღანეთსა და პაკისტანს შორის


პარასკევს პაკისტანმა უარყო ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ახალი ბალდებები, რომ პაკისტანი თავის ტერიტორიაზე ხელსაყრელ პირობებს უქმნის ტერორისტებს, რომლებიც შემდეგ ავღანეთში აღწევენ.

ამ სახის უკანასკნელი ბრალდება კარზაიმ ხუთშაბათს წაუყენა თავის მეზობელს. ბოლო ხანებში მკვეთრად გამწვავდა ვითარება ავღანეთის ზოგიერთ რეგიონში, სადაც ტერორისტულ თავდასხმებსა და ძალადობას ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

[კარზაის ხმა] "ჩვენ ზუსტი ინფორმაცია მოგვეპოვება იმაზე, რომ პაკისტანის მედრესეებში მოზარდებს მოუწოდებენ, წავიდნენ ავღანეთში და მონაწილეობა მიიღონ ჯიჰადში, დაწვან სკოლები, დაანგრიონ საავადმყოფოები, იმ მოტივით, რომ ავღანეთში ურწმუნოები იმყოფებიან."

ეს გახლდათ ჰამიდ კარზაი. ავღანეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობზე საუბარს ბიძინა რამიშვილი განაგრძობს.

კარზაიმ პაკისტანის საზღვრის მახლობლად, კუნარში გამოსვლისას თქვა, რომ მან მოუწოდა თავის პაკისტანელ კოლეგას, ფერვეზ მუშარაფს, დაივიწყოს ძველი დრო, როცა პაკისტანი ავღანეთის შინაურ საქმეებში ერეოდა. მაშინ მძევლები ვიყავით, აწი უცხოელები ვეღარ შექმნიან მთავრობას ავღანეთშიო, დასძინა მან.

ქაბული ისლამაბადს ბრალს სდებს, რომ იგი ძალზე ცოტას აკეთებს პაკისტანის ტერიტორიაზე არსებული ტერორისტების წინააღმდეგ.

მიმდინარე კვირაში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ პაკისტანი შესაძლოა ალ-ყაიდას დევნის, მაგრამ თალიბანის მებრძოლთა წინააღმდეგ არსებითი არაფერი გაუკეთებია.

პარასკევს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წამრომადგენელმა ტასნიმ ასლამმა უარყო ეს ბრალდებები და თქვა, რომ ავღანეთში მშვიდობა და სტაბილურობა პაკისტანის ინტერესებშია.

კარზაის ახალი ბრალდებები უშუალოდ მოსდევს ავღანეთში უკანასკნელი თვეების მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე უფრო მწვავე ბრძოლებს სამთავრობო და მეამბოხეთა ძალებს შორის.

ხუთშაბათს კარზაიმ გააფრთხილა მუშარაფი, რომ ტერორის ტალღა პაკისტანზეც შეიძელება გავრცელდეს.

[კარზაის ხმა] "ტერორიზმი არის ცეცხლი, რომელიც თქვენს ქვეყანაზეც გადმოვა. თუკი ბომბების აფეთქებები ბოლოს მოგვიღებს, ერთ მშვენიერ დღეს ისინი თქვენც მოგიღებს ბოლოს."

პაკისტანის ხელისუფლება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ომში შეერთებული შტატების ერთ-ერთი პირველი მოკავშირეა, უარყოფს ბრალდებებს. იგი აცხადებს, რომ ათასობით ჯარისკაცი განათავსა საზღვარზე, გაანადგურა მეამბოხეები და დააპატიმრა ალ-ყაიდის რამდენიმე მაღალი რანგის წევრი.

კემბრიჯის უნივერსიტეტის სამხრეთი აზიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ფარზანა შაიხი, რომელსაც დაუკავშირდა ჩვენი რადიო, მიიჩნევს, რომ პაკისტანში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თავისებური კრიტერიუმებით აფასებენ.

[შაიხის ხმა] "პაკისტანს ტერორიზმის წინააღმდეგ ომი უპირველეს ყოვლისა მიაჩნია ომად პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედ ალ ყაიდასა და უცხო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან. პაკისტანი ბევრად უფრო ამბივალენტური იყო იმ საკითხში, თუ რას ნიშნავს ეს ომი თალიბანის ძალებთან მიმართებაში. როგორც ვიცით, მათ ახლა საკმაოდ კარგად აქვთ მოკიდებული ფეხი ჩრდილო ვაზირისტანში, სადაც ავღანელი თალიბების ჯგუფები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი ისლამური საამირო შექმნეს."

შაიხის აზრით, როგორც ჩანს, პაკისტანის ცენტრალურ ხელისუფლებას ბოლომდე არ შესწევს ძალა თალიბების გასაკონტროლებლად. ჩვენთან საუბარში მან აგრეთვე შენიშნა, რომ ბრალდებები პაკისტანის მხრიდანაც გაისმის ავღანეთის მისამართით.
XS
SM
MD
LG