Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ბარბაროსები'' ღვინის ქვეყანაში


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ქართული რაგბის ისტორიაში რამდენიმე

მნიშვნელოვანი თარიღია: 1959 წლის 15 ოქტომბერი - ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა ამ დღეს შექმნა პირველი ქართული სარაგბო კლუბი თბილისში; 1962 წელი - გაიმართა პირველი შეჯიბრება თბილისის ოთხი გუნდის მონაწილეობით; 1987 წელი - ქუთაისის "აიამ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება მოიპოვა; 1989 წელი - შეიქმნა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები; 1992 წელი - საქართველოს რაგბის კავშირი აღიარა რაგბის საერთაშორისო საბჭომ; 2001 წელი - საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასს დაეუფლა; 2003 წელი - ეროვნულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში... მნიშვნელოვანი თარიღების ნუსხაში შევა 2006 წლის 4 ივნისიც: ამ დღეს საქართველოს ნაკრები უმასპინძლებს მსოფლიოს უძლიერეს სარაგბო კლუბს "ბარბაროსებს". დღეს ამ ლეგენდარულ კლუბსა და მომავალ ისტორიულ მატჩზე მოგითხრობთ.

საქართველოში დიდი გუნდი ჩამოდის და გულშემატკივარიც დიდი რაგბის მოლოდინშია. დიდი გუნდები, როგორც წესი, დიდ სარაგბო ქვეყნებს სტუმრობენ. ასეთ ქვეყანათა შორის კი, ამ ბოლო დროს, საქართველოც მოიხსენიება. ჩვენს მომავალ მეტოქეს_მსოფლიოს უპირველეს წვეულ მორაგბეთა კლუბს " ბარბაროსები" ჰქვია. ამ კლუბის მოკლე ისტორია ასეთია: "დაარსდა 1890 წელს ბრედფორდში. კლუბს საკუთარი სტადიონი და შტაბ-ბინა არა აქვს, არც მუდმივი წვრები ჰყავს. გუნდი იკრიბება საგანგებოდ, ყოველი კონკრეტული მატჩისთვის ან ტურნესთვის. მოთამაშეებს ირჩევს კლუბის საბჭო. "ბარბაროსებში" თამაში დიდი პატივია ნებისმიერი მორაგბისთვის. 1890 წლიდან დღემდე "ბარბაროსები" 100-ზე მეტ კლუბს და ეროვნულ ნაკრებს შეხვდნენ, კლუბის შავ-თეთრ ფერებში გაწყობილი მაისური კი 30-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო მორაგბეებს მოურგიათ". ამ მოკლე ცნობას იმ კაცის გვარ-სახელიც უნდა მოვაყოლოთ, ვისაც ამგვარი გუნდის შექმნის იდეა გაუჩნდა და საქმეც გამოუვიდა. ეს კაცი გახლავთ ლონდონელი მორაგბე უილიამ კარპმეილი. 37 წლის ვეტერანს მხარი აუბეს ბრედფორდელმა მეგობრებმა, მისივე მეთაურობით საბჭოც შექმნეს და პირველი წესებიც შეიმუშავეს. რა თქმა უნდა, მოთამაშეები საუკეთესოთა რიგებიდან უნდა შეერჩიათ, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. კლუბში მხოლოდ მას მიიღებდნენ, ვინც პიროვნული თვისებებით, ზნეობით, ზრდილობითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდა. უწესო კაცი "ბარბაროსებში" ადგილს ვერ დაიმკვიდრებდა, თუნდაც ის უძლიერესი მორაგბე ყოფილიყო.

1890 წლის მიწურულს, შაბათს, 27 დეკემბერს, ახალმა კლუბმა სადებიუტო მატჩი ინგლისურ ჰარლპულთან გამართა და გაიმარჯვა 9:4. ასე დაიბადა კლუბი “ბარბაროსები”, რომელიც არსებობის 116 წელს ითვლის, მაგრამ მთავარი პრინციპისთვის არასოდეს უღალატია. ეს არის თავისუფალი, ვაჟკაცური, შემტევი ბურთაობა, იერიშის ხელდახელ აწყობა. უილიამ კარპმეილს უთქვამს: "ჩვენ თამაშის სურვილი გვაერთიანებს, თამაშში კი სიამოვნებას ვეძებთ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მათ შორის, ფული და საკუთარი სიდიადით ტკბობა". მოკლედ, თბილისი დიდი კლუბის სამასპინძლოდ ემზადება და 4 ივნისის მატჩი რაგბის ნამდვილი ზეიმი იქნება. ასე ფიქრობს საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე.

[ირაკლი გვენეტაძის ხმა] "გუნდი ჩამოდის აქ 2 ივნისს. 4 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე, საღამოს ექვსის ნახევარზე, ცენტრალურ თამაშს ჩაატარებს საქართველოს პირველ ნაკრებთან. გაწერილია მთელი პროგრამა. ჩვენ ამ პროექტს დავარქვით "ბარბაროსები ღვინის ქვეყანაში". ამ პროგრამით გათვალისწინებულია მათი სტუმრობა კახეთში, წინანდლის მუზეუმში, ღვინის ქარხანაში. თვითონ მათი თხოვნით ჩატარდება ვარჯიში ბავშვებთან ერთად. ეს 3 ივნისს მოხდება. ისინი დაესწრებიან ბავშვთა ფესტივალს, საფესტივალო ასაკის ბავშვებთან ჩაატარებენ ვარჯიშს და გარდა ბავშვებისა, ეს ჩვენი მწვრთნელებისთვისაც იქნება საინტერესო. 4 რიცხვში, აგრეთვე მათთან შეთანხმებით, თამაშს დაესწრებიან შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდები. ყველას გეპატიჟებით, არაერთ ვარსკვლავს და ლამაზ თამაშს ვნახავთ. ამაში დარწმუნებული ვარ."

"ბარბაროსები" ვარსკვლავთა გუნდია, მაგრამ ის დაუმარცხებელი გუნდი არ არის. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტინენტზე 'ამ კლუბს არაერთი მატჩი წაუგია, მაგრამ გამარჯვებები აშკარად სჭარბობს. "ბარბაროსების" ძლეულთა შორის არიან ინგლისის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, შოტლანდიის, ირლანდიის და სხვა სარაგბო ქვეყნების ეროვნული ნაკრები გუნდები.

მსოფლიო რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული 1973 წელს კარდიფში გამართული მატჩი: "ბარბაროსები"_ახალი ზელანდია. 23:11_ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს "ბარბაროსებმა", რომელთა უელსელი კაპიტანის ჯონ დევისის თქმით, იმ შეხვედრის მონაწილეთა ოსტატობა და თამაშის ხარისხი რაგბის ეტალონად გამოდგება.

წლევანდელ სეზონში “ბარბაროსებმა” უკვე სამჯერ ითამაშეს. წლის მთავარი ამბები კი კლუბს ამ დღეებში ელოდება: რაგბის ჯენტლმენები ლონდონში ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან, შემდეგ ედინბურგში_შოტლანდიას. 4 ივნისს კი ჩვენთვის მართლაც ისტორიული მატჩი გაიმართება: საქართველო - "ბარბაროსები".

შორეულ 1890 წელს "ბარბაროსების" მონაწილეობით გამართული პირველი მატჩის შესახებ მომავალი სუპერკლუბის მეისტორიე ფრედ თიკერი წერდა: "სეზონის განსაკუთრებული მოვლენად იქცა “ბარბაროსების” გამოჩენა. ეს იყო საოცარი სანახაობა და უმაღლესი რაგბი".

საინტერესოა, რა სიტყვებით შევა რაგბის ისტორიაში მომავალი 4 ივნისის მატჩი.
XS
SM
MD
LG