Accessibility links

logo-print

როგორ იწყებოდა სუამის ქვეყნების აწ უკვე შეწყვეტილი სამხედრო თანამშრომლობა?


უკრაინის დედაქალაქში 22-23 მაისს

რეგიონული ორგანიზაცია სუამის - საქართველოს, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის - სახელმწიფოთა მეთაურები შეიკრიბებიან. ყოველწლიურ სამიტზე იგეგმება სადამფუძნებლო დოკუმენტების ხელმოწერა, რომელმაც სუამს საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი უნდა შესძინოს. თუმცა, რეგიონული ორგანიზაციის სტატუსის ზრდის პარალელურად, აქტუალობას კარგავს სუამის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობა, რომელსაც თავის დროზე დიდ პერესპექტივას უწინასწარმეტყველებდნენ. ნიშანდობლივია, რომ სუამის პირველი და უკანასკნელი სამხედრო სწავლება 7 წლის წინ სწორედ საქართველოში გაიმართა. დღეს მინდა სუამის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის ისტორია გავიხსენოთ.

თბილისთან ახლომდებარე კრწანისის პოლიგონზე, სადაც ამჟამად ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ რეკრუტებს წვრთნიან, 1999 წელს უჩვეულო მრავალეროვნული სწავლება ჩატარდა. სწავლების ლეგენდა მიზნად ისახავდა მაგისტრალური ნავთობსადენის დაცვას ტერორისტული თავდასხმებისაგან, ხოლო მანევრებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. კრწანისი პოლიგონი შემთხვევით არ აურჩევიათ სწავლების ადგილად - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დამაკავშირებელი ნავთობსადენის რამდენიმე მილი მოგვიანებით სწორედ ამ ადგილის შორიახლოს ჩაიდო, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელიც 7 წლის წინ სწავლების ინიციატორი იყო.

[დავით თევძაძის ხმა] ”ასეთ სწავლებებს თუ გავიხსენებთ, მაშინ გავიხსენოთ საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის ეგიდით ჩატარებული სწავლება კრწანისის პოლიგონზე, რომელიც მაშინ დაახლოებით იმ სცენარით ჩატარდა: ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეტალების დაგეგმვა და პრაქტიკული განხორციელება. მაშინ იწყებოდა არა მხოლოდ საუბრები, არამედ ნავთობსადენი პოლიტიკურ რეალობად იქცა. და როდესაც ჩვენ ვიხილავდით იმ ნეიტრალურ სცენარებს, რაშიც ჩვენი სამხედროები შეიძლებოდა ერთნაირად დასაქმებულიყვნენ ისე, რომ ამას არ ჰქონოდა გამაღიზიანებელი ფონი, თავისთავად გამოიკვეთა ეს სცენარი.” (სტილი დაცულია)

ახლად ფეხადგმული რეგიონული გაერთიანების შიგნით სამხედრო თანამშრომლობის პირველი მცდელობა ”გაღიზიანებას” მაინც ვერ ასცდა. დავით თევზაძე ადასტურებს, რომ სუამის ქვეყნების მისწრაფებას, განევითარებინათ სამხედრო კომპონენტი, შიშით უყურებდა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ დასავლეთიც.

[დავით თევზაძის ხმა] ”კი, სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ რუსეთზე შეიძლება ითქვას, ბევრი უყურებდა შიშით, რომ არ გადაქცეულიყო ეს[სუამი]... მათ შორის, ჩვენი დასავლელი თანამშრომლებიც სვამდნენ ამ შეკითხვებს.” (სტილი დაცულია)

”შეკითხვების” გარდა, დასავლეთის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები, სუამის ჩამოყალიბების სტადიაში, გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს სთავაზობდნენ, გამოენახათ რუსეთთან საერთო ენა. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ სუამი დასაწყისში სუუამად იწოდებოდა, რადგან მის პრინციპებს უზბეკეთიც იზიარებდა.მაგრამ მეორე ”უ”, უზბეკეთის სახით, აბრევიატურას 2000 წელს ჩამოსცილდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ”ევრაზესის” - ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის - წევრი გახდა. სუამში ჩართვა რუსეთს 8 წლის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შესთავაზა. მოსკოვმა შეთავაზება შორს დაიჭირა. რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა 1997-99 წლებში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი მოსკოვში, გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სუამის შექმნა სწორედ ნავთობსადენის მაგისტრალის უზრუნველყოფით იყო ნაკარნახევი, რაც რუსეთის ინტერესს ეწინააღმდეგებოდა:

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] ”ჩეჩნეთში ომი რომ დაიწყო, დაიხურა ნოვოროსიისკენ ბაქოდან მიმავალი გზა, ნახშირწყლების გზა. ამიტომ ეს პატარა ქვეყნები თავიანთ ალტერნატიულ გზებს ეძებდნენ. ეს გზა იყო სუამის გზა. კი, ამ გზაში რუსეთს ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ რუსეთი არ ღებულობდა მონაწილეობას. მას უფრო აინტერესებდა, რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო.” (სტილი დაცულია)

მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, სამხედრო თანამშრომლობის გზების ძიება სუამის ფარგლებში შემდგომშიც გრძელდებოდა. უმტკივნეულო პროექტად იქნა მიჩნეული ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნა. ინიციატორის როლში კვლავ თბილისი და კიევი გამოდიოდნენ. თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, შემუშავებული იყო სამშვიდობო ბატალიონის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, მართვის სისტემა და ტერიტორიაც კი, სადაც ქვედანაყოფი დაიდებდა, ბინას.
[დავით თევზაძის ხმა] ”ასეთი ბატალიონის საშტატო გეგმა გაწერილი იყო, თუ რა შემადგენლობისა იქნებოდა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა უკვე გამზადებული დისლოკაციის ადგილი, სადაც აბ ბატალიონის მართვა განლაგდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, უკრაინა. უფრო, უფრო ყირიმისკენ.” (სტილი დაცულია)

სუამის შიგნით ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის პროექტი არსად დაკარგულა, ამბობს დავით თევზაძე და დარწმუნებულია, რომ სამხედრო თანამშრომლობას რეგიონული გაერთიანების შიგნით ახლაც კარგი პერსპექტივა აქვს. მით უფრო, რომ ქართველი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი სამხედროები ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხედრო სწავლებებში ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ერთმანეთს ხვდებიან მხოლოდ ამ ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც, რუსეთის მიერ გაზის გაძვირების გამო, ისე არიან ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებულნი, რომ სამხედრო პროექტებზე საუბრისათვის დრო აღარ რჩებათ.
XS
SM
MD
LG