Accessibility links

შიდსი რუსეთში


კვირას მთელ მსოფლიოში გაიმართა ე.წ. სანთლების საერთაშორისო მემორიალი - შიდსით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

შიდსი მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ დღეს გესაუბრებით საქართველოს მეზობელ რუსეთზე, სადაც ამ დაავადების გავრცელება მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესია.

სვეტლანა იზამბაევა უჩვეულო ტიტული მფლობელია. იგი არის რუსეთის "მის ეიჩ-აი-ვი პოზიტიური". ანუ იგი გახლავთ სილამაზის კონკურსში გამარჯვებული იმ ქალიშვილთა შორის, რომელთაც შიდსის გამომწვევი ვირუსი ეიჩ-აი-ვი დაუდასტურდათ.

როცა 25 წლის მოსკოველ პარიკმახერს ზღვისპირა ხანმოკლე რომანის შედეგად შიდსის გამომწვევი ვირუსი დაუდგინეს 2002 წელს, მისი პირველი რეაქცია ასეთი იყო:

[იზამბაევას ხმა] "მეგონა, ეს არ შეიძლებოდა მე შემხებოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი: არა, ეს არ არის მართალი. ეს შეუძლებელია მეთქი. როცა ცოტა გონს მოვეგე, დიდხანს ვეკითხებოდი ჩემს თავს: რატომ? რისთვის? როგორ მოხდა ეს? ეს არ შეიძლება მართალი იყოს მეთქი."

იზამბაევას რეაქცია იმის ნიშანია, თუ რამდენად სუსტია შიდსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა რუსეთში.

როცა რუსეთში შიდსის ეპიდემია დაიწყო, ნარკომანიაზე მოდიოდა მისი გავრცელების 90 პროცენტი. მაგრამ ვირუსი სწრაფად გადადის ძირითად მოსახლეობაში სექსუალური კონტაქტების გზით.

მიუხედავად ამისა, საჯარო დისკუსიის არარსებობის გამო რუსეთში შიდსი კვლავაც ასოცირდება მარგინალურ ჯგუფებთან - ნარკომანებთან და მეძავებთან. იზამბაევამ გადაწყვიტა შეეცვალა ეს.

[იზამბაევას ხმა] "მე ვფიქრობ, ბევრი სტერეოტიპი დავანგრიე. ადრე სოფლებში, პატარა სოფელშიც კი, სადაც მე გავიზარდე, ხალხს, ისევე როგორ ადრე მეც, არ ესმოდა, რომ შიდსის ვირუსი შეიძლება მათ და მათ ოჯახსაც შეხებოდა. იმის ჩვენებით, რომ ვიღიმები, რომ ბედნიერი ვარ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ, დავანგრიე სტერეოტიპი. სტერეოტიპი ეიჩ-აი-ვი-პოზიტიური ადამიანის შესახებ, რომ იგი გამოიყურება, როგორც ტალახში მწოლიარე მაწანწალა, გასიებული ჩალურჯებული თვალებით."

იზამბაევა 1981 წელსაა დაბადებული. იმ წელს, როცა შეერთებულ შტატებში შიდსის პირველი შემთხვევები აღირიცხა.

მას მერე ეს დაავადება მთელ მსოფლიოს მოედო. როგორც ვარაუდობენ, ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 40 მილიონს აღწევს. შიდსით უკვე 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

შიდსის ეპიდემიის გავრცელების სისწრაფით რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 330 ათასი ადამიანია დაავადებული, მაგრამ ჯანდაცვის ბევრი ექსპერტის თანახმად, მათი რიცხვი მილიონზე მეტია.

მიუხედავადა ამ უზარმაზარი რიცხვისა, დავაადებულთა უმრავლესობა ერიდება თავის პრობლემებზე საუბარს. რუსეთის საზოგადოება ძალიან სწრაფად ახდენს შიდსის ვირუსით დაავადებულთა სტიგმატიზაციას.

იზამბაევას მიაჩნია, რომ რუსეთის მოსახლეობის გათვითცნობიერებისთვის ბრძოლამ ახალი აზრი შესძინა მის ცხოვრებას.

კვირას, შიდსის სანთლების საერთაშორისო მემორიალურ დღეს მსოფლიოში ათასობით ადამიანის მსგავსად იზამბაევამაც აანთო სანთელი. ეს დღე 1983 წლიდან მოყოლებული აღინიშნება შიდსით დაღუპულთა საპატივცემულოდ. ამავე დროს მისი მიზანია, გაავრცელოს ინფორმაცია დაავადების შესახებ და ხელი შეუწყოს სტერეოტიპების მსხვრევას.
XS
SM
MD
LG